ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.
– სოსო გოგაშვილმა ციხიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაური ვლადიკავკაზში, ფარულად შეხვდა „ეფესბეს“ დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია და რამდენად კანონიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შეხვედრა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და შესაბამისად, მათი სპეცსამსახურები საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის.
– მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების შეფებიც ხვდებიან ერთმანეთს. თავის დროზე, გერმანიის მესამე რაიხის, „ვერმახტის“ საგარეო დაზვერვის – „აბვერის“ შეფი ვილჰელმ კანარისი ხვდებოდა დიდი ბრიტანეთის „ინტელიჯენს სერვისის“ და საბჭოთა კავშირის შინსახკომის წარმომადგენლებს. არაფერი გასაკვირი არ არის, თუ გომელაური და ბორტნიკოვი ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს. თუ მართლა შეხვდნენ არაფორმალურად, რაზე ისაუბრეს, ეს არ ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები და რა შედეგები დაიდო, არც ეს ვიცით. შეიძლება ესაუბრათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, იქ ჩვენი მოქალაქეების მდგომარების და ცხინვალის რეგიონში ქართველი მძევლების გათავისუფლების შესახებ. შესაძლოა, რუსეთის ციხეებშიც იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და პირიქით, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ჩვენს ციხეებში და პატიმრების გაცვლაზეც იყო ლაპარაკი. შესაძლოა, პრევენციულ ღონისძიებებზე იყო ლაპარაკი, რომ ოკუპაციის ზონაში და მათ ხაზებთან არ მოხდეს კონფლიქტები. უმრავი ნიუანსია, რას გაიგებ, ბევრ საკითხზე შეეძლოთ ესაუბრათ. ვის უნდა ელაპარაკო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამდენი პრობლემა გაქვს? ცხადია, რუსეთს, რადგან ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ სოსო გოგაშვილი მართალს ამბობს და თუ მართალს ამბობს, ასეთ შეხვედრაში რაღაც განსაკუთრებულს და საოცარს ვერაფერს ვხედავ.
კომენტარები