გერმანელი კვლევა, რომელშიც ქართველი სპეციალისტიც მონაწილეობდა, დეტალურად მოგვითხრობს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების სპეციფიურ მახასიათებლებზე.
ერთ–ერთი საინტერესო დეტალი კვლევიდან: 2020 წლის 29 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვნებელი 4,6 %-ია, აშშ-ში 1,8%; იტალიაში 10,8 %; საფრანგეთში – 6,2 %; სამხრეთ კორეაში – 1,6 %; ჩინეთში – 4%, გერმანიაში – 0,7 %; ესპანეთში – 8,2%; ავსტრიაში – 1%;
Pia.ge-ს კითხვებს მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის სიციოლოგიის მაგისტრი ირინე დანელია პასუხობს.
– რითი შეიძლება ასეთი მკვეთრი სხვაობის ახსნა?
– სტატისტიკურად ასეთი განსხვავებები ბევრი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ყველაზე მარტივი კი, შიძლება ვივარაუდოთ, არასაკმარისად ზუსტად წარმოებული სტატისტიკური აღრიცხვაა. ამ ფაქტორს ბევრი მკვლევარი იყენებს დღეს არგუმენტად: ისიც, ვინც ახალი კორონას წინააღმდეგ მიღებულ ზომებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ და ერთ ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს ადარებენ და ისინიც, ვისი აზრითაც, COVID 19 ბევრად უფრო საშიში მოვლენაა.
– რას ნიშნავს არასაკმარისად ზუსტად წარმოებული სტატისტიკა?
– თუკი ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გარდაცვლილთა 100 %-ს უტარდება COVID 19-ზე გამოკვლევა და შესაბამისად მათი (გარდაცვლილთა) აღრიცხვა სრულად ხდება, არ და ვერ ხდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის სრულად აღრიცხვა.
აქედან გამომდინარე, რამდენადაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ქვეყანაში ფარულად დაავადებულთა აღურიცხავი რაოდენობა, იმდენად უფრო მაღალია სიკვდილიანობის ხარისხი და პირიქით: რამდენადაც უფრო ნაკლებია დაავადებულთა ფარული რიცხვი, მით უფრო დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
– რატომ არის თვალშისაცემი სხვაობა, ვთქვათ, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კულტურულად და პოლიტიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან – მაგალითად, გერმანია და იტალია?
– თუკი ამ მონაცემების ანალიზს შევუდგებით, მაშინ გამოიკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ამ სტატისტიკური სხვაობის ასახსნელად უსათუოდ გასათვალისწინებელი იქნება.
ვირუსს ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა 60 წელს გადაცილებულ ან ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებში. იტალიაში მოსახლეობის საშუალო ასაკი დაახლოებით 47 წელია, გერმანიაში 42. იტალია ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე „ხანდაზმული“ ერია.
გარდა ამისა იტალიში თავდაპირველად დაავადების გავრცელება საკმაოდ დიდ ხანს ფარულად და გაუკონტროლებლად მიმდინარეობდა. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე კი ტესტირება უტარდებოდა მხოლოდ სიმპტომიან დაავადებულებს. სიმპტომებს და, მით უმეტეს, მწვავე სიმპტომებს კი ცნობილია, რომ უმეტესად 60 წელს გადაშორებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ამჟღავნებენ.
მასობრივი გავრცელების ეტაპი გერმანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავარიასა და ბადენ-ვურტემბერგის მიწებზე სასკოლო არდადეგების სამხრეთ ტიროლში გატარების შემდეგ ოჯახებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. გერმანიაში ამ ეტაპზე ტესტირება უტარდებოდა ყველას, ვისაც ჰქონდა სავარაუდო კონტაქტი სამხრეთ ტიროლში ნამყოფ ადამიანებთან მიუხედავად იმისა, აღენიშნებოდათ თუ არა მათ რაიმე საეჭვო სიმპტომი.
გარდა ამისა გერმანიამ საწყის ეტაპზევე დაიწყო ყველა რესურსის მობილიზება, რომელიც ამ მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად იქნებოდა საჭირო. ამასთან მყისვე გადაწყდა ინტესნიური საწოლების გაორმაგება, და თუკი მარტის დასაწყისში გერმანიაში 28 000 ასეთი აპარატი იყო, დღეს ოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი 50 ათასს აღემატება.
PIA.GE
კომენტარები