“პუტინმა ეს „ვე–ჩე–კა“ რომ გადმოისროლოს ჯართან ერთად, მერე სად მიდიხარ? ვინ დაგიცავს? ამერიკა? ევროპა? ნატო? ივანიშვილი ამ საფრთხეს ითვალისწინებს და იმიტომ არ აშენებს ანაკლიის პორტს”
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– ლაშა, უკვე მეორე კვირაა, ქვეყანაში ყველაზე აქტუალური პოლიტიკური საკითხი ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების უჩვეულო შემოტევაა ხელისუფლებაზე. კრიტიკული განცხადებებით და წერილებით აიკლეს გიორგი გახარია და „ქართული ოცნება“. შენ რას ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?
– ეს განცხადებები და წერილები ცუდია, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ წერილებს წერს, „ნაცებს“ ყველა ნაყიდი ჰყავთ. ეს შეკვეთილი წერილებია. ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა, ამდენი უარყოფითი წერილი და განცხადება ამერიკიდან არ ყოფილა. კი, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი დააშავა, ბევრ რაღაცაზე აქვს თვალები დახუჭული, მაგრამ იმდენი არ დაუშავებია, ამერიკელი კანონმდებლების ამ მასირებული შემოტევის ღირსი იყოს. ყველაზე დიდი შეცდომა ივანიშვილისა ის იყო, რომ არ დააკავა გიგა ბოკერია, რომელმაც უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობისას, 70 მილიონი „მოხსნა“, ეს ფული წაიღო ამერიკაში და დაურიგა ლობისტურ კომპანიებს. ეს ლობისტური კომპანიები დღემდე მუშაობენ „ნაცმოძრაობაზე“ და დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მათთან. სწორედ ბოკერიას ეს ფული მუშაობს დღემდე. „ფრონტერას“ ლობისტ სენატორებს რაც შეეხებათ, აქაც ყველაფერი ნათელია. „ფრონტერა“ მათ ფულს უხდის. არ ვიცი, ზუსტად რა ხდება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს კომპანია მტყუანი იქნება თუ მართალი საქართველოს ხელისუფლებასთან, მის კონკრეტულ სტრუქტურასთან, ეს სენატორები მაინც ამ კომპანიის ინტერესებს დაიცავენ. ცამდე მართალიც რომ იყოს ხელისუფლება, რაღაცაში მაინც გაამტყუნებენ და გაამართლებენ „ფრონტერას“. დღეს უკვე, გიგა ბოკერია ვისაც ვეღარ ურიგებს ფულს, იმ ლობისტებს სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია ურიგებენ, ძირს უთხრიან ბიძინა ივანიშვილს ერთი მიზნით – წავიდეს ივანიშვილი და სააკაშვილი და „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ძალიან ცუდი აურაა საზოგადოებაში. ხალხი ერთმანეთს ეკითხება, რა ხდება? რატომ გვებრძვიან ეს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები? რატომ იმეორებენ ერთი–ერთში იმას, რასაც „ნაცები“? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ნაცებს“ აბრუნებენ ხელისუფლებაში? ბოკერია რომ არ დაიჭირა, ეს ვთქვი დიდი შეცდომა იყო ივანიშვილისა, მეორე დიდი შეცდომა ის იყო, სააკაშვილი რომ არ ჩამოათრია და არ ჩასვა ციხეში. დღეს კი ბიძამისთან ერთად ამყრალებს სიტუაციას და საკუთარ შტატში რომ არ იცნობენ, ვიღაც იდიოტი სენატორები და კონგრესმენები პრეტენზიულ, საზიზღარ წერილებს გვიგზავნიან. ეს წერილები ძალიან ცუდად მოქმედებს ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, „ნაციონალები“ წინ არიან ამ წერილებით. ეს ყოველდღიური დარტყმა, ცხადია, ცუდად მოქმედებს ხელისუფლებაზე. ერთი უნდა ვთქვა ამ ხელისუფლებაზეც. ლევან ხაბეიშვილს არ შევაფურთხებ, რადგან ჩემი ფურთხის ღირსადაც არ ვთვლი. ეს ლევან ხაბეიშვილი მთელ „ქართულ ოცნებას“ ხმარობს და ლევან ხაბეიშვილი ამას რომ გიკეთებს, უარესის ღირსი ხარ. გარდა მაგისა, უცხოელები ხედავენ, რომ დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი არ არის ქვეყანაში.
– უმაღლესი ხარისხისა კი არა, დემოკრატია საერთოდ არ არის ქვეყანაში.
– არა, ესენი იბრალებენ, რომ დემოკრატია ჩვენი ხელისუფლება.
– რა დემოკრატია, ერთი კაცი ზის სახლში და მართავს მთელ ქვეყანას. ავტოკრატიზმია გაქანებული.
– იმას ვგულისხმობ, რაც ხდება ქუჩაში, იმან უნდა იყვიროს, რაც უნდა, იმან უნდა დაწეროს, რაც უნდა… ეს არ არის დემოკრატია, ეს მოქმედებს ამომრჩეველზე, ხალხზე და ხვალ ეს ხალხი „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემს. ლევან ხაბეიშვილი რომ გცემს და ვისაც არ დაეზარა ამერიკიდან, ყველა რომ გაკრიტიკებს, ეს ხალხზე მოქმედებს. ამათ, საკრებულოს დეპუტატებმა, ხაბეიშვილი კი არ სცემეს, გმირი გახადეს და ცამდე აიყვანეს.
– და რატომ სცემეს მერე? მაგის საქმე ეგ არის, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს. რა, რასაც ამბობს, ბევრ რამეში მართალი არ არის? თუნდაც თბილისის მერია რამდენ დანაშაულში ამხილა. მერიის ტენდერებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასი პროცენტით მართალია.
– არა, რაღაცაში კი, მართალია და ანგელოზები რომ არ სხედან ხელისუფლებაში, მეც ვიცი. ერთ–ერთმა კომპანიამ მოიგო ტენდერი, გზა უნდა დაეხაზათ საგზაო მოძრაობის შესაბამისად, 7 თვეა მოიგო ტენდერი, ერთი ხაზი არ არის გავლებული. მერე მძღოლებს აჯარიმებენ, რატომ არ იცავ მოძრაობის წესებსო? გესმის, რას ედავებიან ხალხს? მაგ ქუჩაზე ღერძულა ხაზია, რატომ გადმოკვეთეო და ჯარიმები მისდის ხალხს, არადა, ღერძულა ხაზი ქუჩაზე არ არის, ჯერ არ დაუხაზავთ. თურმე, უნდა იგულისხმო, მიხვდე, რომ იქ ღერძულა ხაზი უნდა იყოს და თანაც, ის მონაკვეთი, სადაც ეს ხაზი უნდა იყოს, არ უნდა გადაკვეთო. გვაშაყირებენ, რა. კიდევ სხვა რამეების გამოც აჯარიმებენ მძღოლებსაც, ფეხით მოსიარულეებსაც, რატომ არ იცავთ მოძრაობის წესებსო. დაზახული არ არის და როგორ დავიცვა? დახაზე და დავიცავ. გულთმისანი იყავიო, გეუბნებიან, არ არის დახაზული, მაგრამ ისე უნდა იმოძრაო, თითქოს დახაზულიაო. ამხელა ვიდეოთვალი წესის დარღვევას აფიქსირებს, ხალხს 50 და 100 ლარიანი ჯარიმები მისდის, ფულს ჯიბიდან აცლიან. ვიღაცამ კიდევ ტენდერი მოიგო მერიაში და საერთოდ დახაზავს თუ არა, ესეც კაცმა არ იცის. ხალხმა ნერვები უნდა იშალოს, ამხელა ჯარიმები იხადოს და ვიღაცა ჩვენი ნერვებისა და უკანონო ჯარიმების გადახდის ხარჯზე გამდიდრდა.
– ის ფული, რაც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადა, ბიუჯეტის, ხალხის ფულია.
– კი, ეგრეა. არა, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რაღაც კია მართალი, მაგრამ ეს კაცი რომ ცრუპენტელაა და ბევრ ტყუილს ლაპარაკობს, ესეც ფაქტია. მოკლედ, ხაბეიშვილი ცემა იყო დიდი შეცდომა პოლიტიკურად, მაზანდა აუწიეს ამ არარაობას.
– ლაშა, მოდი, „ფრონტერას“ თემა გავწიოთ გვერდზე და ამერიკელ კანონმდებელთა სხვა პრეტენზიებზე ვთქვათ. რას ედავებიან ჩვენს ხელისუფლებას? დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩაატარეთ 2020 წლის არჩევნები, ახლანდელი სისტემა არ არის დემოკრატიულიო, მართლმსაჯულების სისტემაში ბევრი ხარვეზი გაქვთ და გამოასწორეთო, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ეს დაასრულეთო და ანაკლიის პორტის პროექტი რომ დაბლოკეთ, შეცდომა იყო და პორტის არ აშენება, რუსეთის ინტერესებში შედისო. აი, აქედან რომელი არ არის მართალი? აქედან რომელი გვივარგა?
– ანაკლიის პორტი არის ერთადერთი შანსი, რომ ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ამოისუნთქოს. რამდენჯერ მითქვამს, რომ თუ ეს პორტი აშენდება, ძალიან ბევრი ხალხი დასაქმდება და ბიუჯეტშიც სოლიდური ფული შევა. ამ ფულით კი, ნორმალურ ხელისუფლებას, ისევ ხალხისა და ქვეყნის სასიკეთო უამრავი რამის გაკეთება შეეძლება. რუსი გეუბნება, ეგ პორტი არ ააშენო და ამერიკელი გეუბნება, ააშენეო. თან ის ამერიკელი გეუბნება, თუ მაგ პორტს ააშენებ, მანდ ჩემი წყალქვეშა ნავებისთვის ბაზა უნდა მოვაწყოო. ეს იქნება წყალქვეშა სამხედრო ბაზა არა მხოლოდ ნავებისთვის. იქ რაკეტებსაც განათავსებენ და ყველაფერს, რასაც მოისურვებენ და რისი განთავსებაც დასჭირდებათ, რაც სხვა წყალქვეშა ბაზებზე აქვთ. ახლა ეს იცის რუსეთმა და ბუნებრივი არ არის მისი რეაქცია, რომ ცდილობს, პორტი არ აშენდეს? რუსეთმა ხომ იცის, რომ ეს ბაზა, მის წინააღმდეგ აშენდება? ადგება რუსეთი, დაქოქავს ცხინვალიდან და ახალგორიდან ტანკებს, შემოვა თბილისში და უყარე მერე კაკალი. „ვე–ჩე–კა“ ხომ გაგიგონია? ეს არის რუსების დაქირავებული მებრძოლების სამხედრო დანაყოფი. აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სადაც დასრულდა სამხედრო მოქმედებები და სადაც რუსებმა დაამყარეს კონტროლი, სრული კონტროლის დასამყარებლად, ესენი შეუშვეს – „ვე–ჩე–კა“. რა გააკეთეს იცი? გაწმინდეს ტერიტორიები, ყველა, ვინც და რაც მოძრაობდა, დახოცეს. უკრაინელი ბავშვებიც კი არ დაინდეს, ცოცხალი არ დატოვეს არც ერთი უკრაინელი. „ნაიომნიკების“ ჯგუფია და ეს „ვე–ჩე–კა“ რომ გადმოისროლონ ჯართან ერთად, მერე სად მიდიხარ? ვინ დაგიცავს? ამერიკა? ევროპა? ნატო? არავინ დაგიცავს. ცხონებული მამაჩემი, ჭაბუა ამირეჯიბი მართალს ამბობდა: `ჩვენ ობოლი ერი ვართ, არც ნათესავი გვყავს სადმე მსოფლიოში, და არც დიასპორა გვაქვს, ანუ ქართველობა არსად არის გაბნეული, ჩვენ ჩვენი კერის მოსიყვარულე ერი ვართ. ჩვენ მხარის დამჭერი არავინა გვყავს…“ მართალს არ ამბობდა? ობოლი და უპატრონო ერი ვართ და ჩვენს გამო, ერთ ტყვიას არავინ ესვრის არც რუსებს და არც არავის. კი, ანაკლიის პორტის აშენების დაბლოკვისკენ მიდის საქმე, ასე ჩანს და ეს არ მიხარია, მაგრამ რატომ არ გვინდა დავუშვათ, რომ იმ საფრთხეს, რაზედაც ვთქვი, რომელიც რუსეთისგან მოდის, ბიძინა ივანიშვილი ითვალისწინებს და იმიტომ არ აშენებს ამ პორტს? რატომ არ ფიქრობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას, ეშინია, რუსეთთან ომი არ მოჰყვეს პორტის აშენებს და იმიტომ ბლოკავს მას? რუსეთთან თუ ვიომეთ, მერე რა მოხდება იცი? საქართველოში ვინც გადარჩებიან, ფოტოაპარატის ობიექტივში ჩაეტევიან ყველანი ახლო მანძილიდან.
– ეგ გავიგე, მაგრამ როდემდე ვიყოთ ასე შუაში გაჩხერილები? მოვთხოვოთ ამერიკას გარანტიები და ისე დაიწყოს პორტის მშენებლობა. ეგრე არ გამოვა?
– არ მოგცემს არანაირ გარანტიას ამერიკა, ფულს მოგცემს, მაგრამ რუსეთს ვერც და არც შეაკავებს, თუ რუსეთმა ჩვენზე გამოიწია და მით უმეტეს, არ იომებს რუსეთთან იმ პორტის გამო. უზარმაზარ ატომურ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ და ჩვენს გამო ერთმანეთს ატომურ ბომბებს დაუშენენ? თუ რუსეთთან იომა ამერიკამ, ბოლო ეგ იქნება, ეგ კი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია. ანაკლიის პორტის გამო ატომურ ომს დაიწყებს რუსეთთთან ამერიკა? მსოფლიო ომს დაიწყებს? ეგ სისულელეა. რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც დამთხვეულმა სააკაშვილმა დაიწყო ომი? მიშას ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები და დიპლომატები ამერიკის ხელისუფლებიდან აფრთხილებდნენ, არ დაიწყო რუსეთთან ომი, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, ამერიკელები რუსეთთან არ იომებენო. მიშამ თავისი გაიტანა, დაიწყო ომი და რა მიიღო? 4.5 მილიარდი დოლარი დახმარება და ამის საფასურად, 150 სოფელი დავკარგეთ, სამასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 25 000 კაცი დევნილად გვექცა, ცხინვალის რეგიონიც წაიღო რუსეთმა და ახალგორი და კოდორიც დაუმატა, ამას მოყვა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. იმედია. დროებით დავკარგეთ და დავიბრუნებთ. მერე ამ 4.5 მილიარდიდან, მინიმუმ, 3.5 მილიარდი მიშამ და სხვა „ნაცებმა“ წაიღეს, დანარჩენი ფულით წეროვანში და ქართლის სხვა სოფლებში ხალხს სახლები აუშენეს და მათი დიდი ნაწილი, საცხოვრისად უვარგისი იყო. აი, რუსეთთან ომის შედეგები. მეტს არ ვიტყვი, შორს აღარ წავალ. ეს არ კმარა, ფრთხილად რომ ვიყოთ? მოდი, პირდაპირ გეტყვი. ძლიერი ქართული სახელმწიფო არც რუსეთს აწყობს და არც ამერიკას. შენ იცი, რომ აფხაზეთის დაბრუნებაში ამერიკელები ხელს გვიშლიან? აფხაზეთთან პირდაპირ დიალოგს ვგულისხმობ, სიტყვით ერთ ამბობენ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ცდილობენ ჩაშალონ დიალოგის დაწყების ყველა მცდელობა და შლიან კიდეც. რუსეთი ცალკე აკეთებს ამას.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №4
კომენტარები