18 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა, თუმცა, ჩვენ მისი დაღუპვის შესახებ 22 ივნისს გავიგეთ. ცხედარი საკმაოდ იყო დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც გიორგი წყალში მოხვდა, შესაბამისად მისი პოვნა გართულდა. ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო და სადღაც იმალებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი კეთილი ბოლო მხოლოდ ზღაპრებშია.
ახლა ამ სტატიას რომ ვწერ, უკვე 28 ივნისია და გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს პასუხი კითხვაზე, გიორგი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, თუ იგი მაშინ გადააგდეს, როცა უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორ ადგენს ექსპერტიზა, ცოცხალი იყო თუ არა ადამიანი წყალში მოხვედრისას?
„ალია“ ამის გასარკვევად რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა, მათი პასუხი იდენტურია:
ვიღებთ თირკმელს და ვარკვევთ მოხვედრილია თუ არა მასში პლანქტონი – ეს უხილავი წყალმცენარეებია. იმ შემთხვევაში თუ სხეულმა დიდხანს დაჰყო წყალში, შეგვიძლია ბარძაყის ძვლის ანალიზით გავცეთ ამ კითხვას პასუხი, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 4 დღე არ ითვლება დიდ დროდ. თუ პლანქტონი აღმოჩნდა თირკმელში, ესე იგი ადამიანი ცოცხალი იყო, როცა წყალში მოხვდა, თუ არ აღმოჩნდა თირკმელში პლანქტონი – ესე იგი, იგი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში – თუმცა, პარალელურად, უნდა იქნეს წყლის სინჯი აღებული – და ამ წყალში აღმოჩენილი პლანქტონების დამთხვევაც უნდა მოხდეს, ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება წყალში საერთოდ არ იყოს პლანქტონი, როგორც წესი, ეს ნაკლებად ეხება მდინარეს, ეს უფრო ეხება ისეთ ადგილებს, რომლებიც იქლორება ხშირად – ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზას უნდა წაეღო მდინარიდანაც წყლის ნიმუში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მაშინ მოხვდება წყალში, როცა გონება აქვს დაკარგული, ან წყალში მოხვედრისთანავე დაკარგავს გონებას, მის თირკმელში მაინც აღმოჩნდება პლანქტონი, რადგან გონებადაკარგული ადამიანიც კი სუნთქავს…
რამდენ ხანში შეიძლება დაადგინო, არის თუ არა პლანქტონი თირკმელში? -ვკითხეთ ექსპერტებს, რომლებმაც გვიპასუხეს, რომ ერთ დღეშიც შესაძლებელია და მაქსიმუმ ორი დღე სრულიად საკმარისია.
„ალია“ საქმეში მონაწილე რამდენიმე ადვოკატს დაუკავშირდა ერთი კითხვით, არის თუ არა საქმეში იმის საბუთი, რომ წყლის სინჯიც არის აღებული – თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ საქმის მასალები შაბათს, გვიან ღამით მისცეს, ამ კითხვაზე პასუხი კვირა დღეს არა აქვთ.
საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ინტერვიუებში აცხადებს, რომ სპეფიციკური ექსპერტიზებია დანიშნული და მათ დრო სჭირდება.
კი, ასეა, თუ პროკურატურამ ერთი წერილი, ერთი მიმართვა გაუგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, მაგრამ პროკურატურას რომ გაეგზავნა ორ ნაწილად კითხვები და ცალკე წერილად რომ მოეთხოვა იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელ ექსპერტიზებსაც დიდი დრო არ სჭირდება, პასუხებიც ცალ-ცალკე მოვიდოდა და ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნებოდათ.
„ალიას“ წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროდან პროკურატურას ზეპირსიტყვიერად უკვე გაუმხილეს ექსპერტიზის პასუხი ამ საკითხზე.
ჩვენ ვცადეთ ამ საკითხის გარკვევაც, ერთმა ადვოკატმა დაგვიდასტურა, გვითხრა, რომ მანაც გაიგო, პროკურატურამ უკვე იცის პასუხები, თუმცა, არ იცის, კონკრეტულად, რა უთხრეს პროკურატურას ექსპერტებმა.
ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გიორგის ბიძასთანაც, რომელმაც უარყო და გვითხრა, ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა.
ჩვენი წყარო კი ამას გვიყვება – „25 ივნისს საღამოს პროკურატურას ზეპირსიტყვიერად უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი არ იყო, როცა წყალში მოხვდა… სწორედ ამის გამო ჩაატარეს 26 ივნისს მასშტაბური დაკავების ოპერაცია, სიმართლე რომ გითხრათ, იჩქარეს, რადგან, როგორც ვნახეთ, მხოლოდ 24 საათის მერე აიყვანეს მე-18 ადამიანი, მაგრამ უნდოდათ ექსპერტიზის პასუხის მოსვლამდე ემოქმედოთ… გარდა ამისა, რამდენიმე მაინც უნდა დაეკავებიათ 126-ძალადობის მუხლით, ასე რომ არჩიეს, ბარემ ყველა დაეკავებიათ, ასე ვთქვათ თავი დაიზღვიეს…“
ჩანთა
საქმეში კიდევ ერთი დეტალია, ჩანთა, რომელიც გიორგის, როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მხარზე აქვს გადაკიდებული, ჩანთის თასმა არ არის გაწყვეტილი, იგი კარგ მდგომარეობაშია და უბრალოდ დევს მდინარესთან. გამოდის, გიორგი უნდა ჩაგორებულიყო ხევში, მიეღო დაზიანება, მერე მოეხსნა ჩანთა, შემოედო ხიდის ფეხზე, შესულიყო მდინარეში, ჩაწოლილიყო მუხლამდე წყალში და დამხრჩვალიყო. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა და წყლის შიში ჰქონდა – ესეც ნაკლებ დასაჯერებელია.
რაც შეეხება წყლის სიმაღლეს – 28 ივნისს შემთხვევის ადგილას კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდა და წყლის სიმაღლე განსაზღვრეს – წყალი მუხლამდე სწვდებოდათ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს.
საუბარია, იმ ადგილზე, სადაც ჩანთა იქნა ნაპოვნი.
გარდა ამისა, ამ ადგილას, მდინარე არც ჩქარია, მდორედ მიედინება…
რა მოხდა 18 ივნისს? რის გამო დაიწყო ჩხუბი აგარაკზე? – არსებობს ორი ვერსია, კამათი დაიწყო დიჯესთან და მეორე – „საბურთალოელებსა“ და „ნახალოვკელებს“ შორის დაიძაბა ურთიერთობა. 18 ივნისის მერე 10 დღე გავიდა, ათ დღეში ჩხუბის დაწყების მიზეზის ჯერ კიდევ 2 ვარიანტი რომ განიხილება – ეს თავისთავად ბადებს გარკვეულ ეჭვს.
ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელოა ის ფაქტი, რის გამო იჩხუბეს მოზარდებმა, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ არის, ეს მოტივია და მოტივს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიებაში, ეს არც ჩვენი მოგონილია და არც ახალი ამბავია.
„ალიამ“ სცადა ამ საკითხის გარკევა იუბილარი გოგონას ადვოკატთან, ლიკა ბითაძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ამ თემაზე ვერ ისაუბრეს. ვცადეთ, გიორგის ბიძისგან, ბატონი როინისგან გაგვერკვია, ხომ არ იცის, ჩხუბის მიზეზი – გვითხრა, რომ თავადაც ეს ვერსიები აქვს მოსმენილი – აქვე დაამატა, რომ გამომდინარე იქედან, რომ კონფლიქტში არ მონაწილეობდა გიორგი – მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო დაიწყო იქ ჩხუბი.
რა მოხდა აგარაკზე?- პროკურატურის ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილებდა 5 პირი, აქედან 3 იყო საბურთალოს რაიონიდან და ორი „ნახალოვკიდან“… სწორედ ეს ორია ნაცემი… თუმცა, როგორც ჩანს, ეს ორი მარტო არ არის, რადგან პროკურატურის განცხადებით, რამდენიმე მოდის თბილისში დამხმარე ძალის წამოსაყვანად, ორი კი ადგილზე რჩება, რათა ყურადღება მიაქციოს მოწინააღმდეგე მხარეს.
ფოტოგრაფის მონათხრობის მიხედვით, იუბილარი სთხოვს ყველას, დატოვონ სახლი და წავიდნენ და ტირის. და ბიჭებიც წამოვიდნენ, ზოგი ფეხით, ზოგი მანქანით…
პროკურატურის ინფორმაციით, ჩხუბის პირველი ეპიზოდი მოხდა 23 საათზე, თბილისიდან „მერსედესით“, სადაც სხედან ძიუდოისტი და მისი მეგობრები და თან აქვთ რკინის ხელკეტი, გამოდის 00.30 სათზე, აი, უკვე 00.45 საათზე ისინი უკვე თავს ესხმიან შაქარაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც თბილისისკენ მოდიან. ამ დროს გიორგისთან ერთად თბილისში დაბრუნებას ცდილობს ამირხანაშვილი, გიორგის ახლო მეგობარი, ფოტოგრაფი, დიჯეი და კიდევ 2 პირი. ჩხუბის მეორე ეპიზოდის დროს, მერსედესის მგზავრები 6 პირი და დამატებული ის 2, რომელიც დარჩენილი იყო მცხეთაში, რათა ეკონტროლებინა, სად წავიდოდა მოწინააღმდეგე მხარე, ანუ 8 ადამიანი, აქედან ერთი რკინის ხელკეტით შეირაღებული ესხმის თავს 6 კაციან ჯგუფს, (ფოტოგრაფის ინტერვიუს მიხედვით, ერთმა ქვა აიღო) ამირხანაშვილი, შაქარაშვილი და ფოტოგრაფი გარბიან, დარჩენილ სამს კი სცემენ, თუმცა, ერთი ხელიდან უსხლტებათ და შაქარაშვილის და ამირხანაშვილის მიმართულებით მორბის, მეორე კი – დიჯეი თბილისისკენ ახერხებს გამოქცევას და რჩება მხოლოდ ერთი – გ.ქ.
„მერსედესი“ მიდის და შაქარაშვილი ამირხანაშვილთან და გ.ა.-სთან ერთად, რომელიც ასევე დაუსხლტა თავდამსხმელებს, უკან ბრუნდება, რომ ნაცემ გ.ქ.-ს დაეხმაროს და თბილისში დაბრუნდეს. ფოტოგრაფი ამ დროს უკვე შენობაშია დამალული, შენობა მშენებარეა, ფოტოგრაფი მის მეორე სართულზე იყო დამალული, საიდანაც მანქანების მოსვლა, წასვლა თავისუფლად გამოჩნდებოდა, რადგან კედლები შუამდეც არ არის ამოყვანილი… და როგორც ჰყვება, ხმაც ესმოდა… პრინციპში, ამას გაქცევაც არ ერქვა, რადგან შენობა გზიდან ძალიან ახლოსაა, შესაბამისად, რომ სდომებოდათ მისთვის დადევნება, მარტივად იპოვნიდნენ. ხო, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ფოტოგრაფის მტკიცებით, მას არც დაბადების დღეზე და არც მერე, არც ფოტო და არც ვიდეო არ გადაუღია, თუმცა, ჟურნალისტებთან ამბობს, ნანობს, რომ არ გადაიღო, რადგან რომ გადაეღო, ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობიდან ყველაფერი ჩანდა და ყველაფერი, რისი გადაღებაც შეიძლებოდა და როგორც ამბობს, არ გადაიღო – დაინახა. ასევე ამბობს იმასაც, რომ არც დაბადების დღეზე გადაუღია ფოტოები, მიუხედავად იმისა, რომ კამერა ხელში ეჭირა…
ძალიან მნიშვნელოვანია დრო, რომელიც პროკურატურამ თავის განცხადებაში გაავრცელა – თუ „მერსედესის“ მგზავრები თავს დაესხნენ ბიჭებს 00.45-საათზე, პროკურატურის მტკიცებით, მეორე მანქანა, რომელიც ასევე „ნახალოვკიდან“ გამოვიდა, თავს ესხმის მეორედ მათ 00.50 საათზე.
ე.ი. 5 წუთში მოხდა ეს: გაჩერდა „მერსედესი“, გადმოვიდა 6 ადამიანი, მათ დაემატათ 2 (რომლებიც თავიდანვე დარჩნენ სათვალთვალოდ), თავს დაესხნენ 6 ადამიანს, რომელთაგანაც სამი გაიქცა არაგვის მიმართულებით, დაიმალნენ, ერთი გაექცათ თბილისისკენ, ერთი გაექცათ შენობისკენ… „მერსედესის“ მგზავრები მიდიან, გაქცეულები ხედავენ, რომ მანქანა წავიდა და უკან ბრუნდებიან, უკან გადაჭრიან ისევ მაგისტრალს, ეხმარებიან ნაცემ გ.ქ.-ს და ისევ ცდილობენ მანქანის გაჩერებას – ეს ყველაფერი მოხდა 5 წუთში? ყოველ შემთხვევაში პროკურატურა ასე ამტკიცებს.
ამ მომენტისთვის როცა მორაგბეები მოდიან მანქანით უკვე გზაზე დგანან ამირხანაშვილი, შაქარაშვილი, ნაცემი გ.ქ. და გ.ა. – პროკურატურის მტკიცებით. ფოტოგრაფი ჟურნალისტებთან იხსენებს, რომ ისინი მანქანიდან უკვე ჩხუბით გადმოდიან… „თქვენი დედაო, სცემეს და წავიდნენ…“
სხვათა შორის, ფოტოგრაფი თავის ინტერვიუში არ ამბობს, რომ უკვე ამ მესამე კონფლიქტის დროს, შაქარაშვილი და ამირხანაშვილი იქ არიან – ამბობს, რომ მხოლოდ ორ ნაცემ ბიჭს ხედავს… აი, პროკურატურის მტკიცებით, კი მაგ დროს ადგილზე ოთხი ბიჭია და ამჯერად ოთხივე გარბის… პროკურატურა არც იმას ამბობს, რომ ამ ოთხიდან, რომელიმეს დაარტყეს მორაგბეებმა, თუმცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ დაინახა, როგორ სცემეს ორი…
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილით 6 ადამიანია ჩამოსული, ისინი იწყებენ გაქცეულების ძებნას, როგორც პროკურატურა ამბობს, პოულობენ ამირხანაშვილს და მოჰყავთ ის თბილისში. არ ეძებენ ფოტოგრაფს, არ ეძებენ გ.ქ.-ს. გ.ა.-ს, მხოლოდ შაქარაშვილის ახლო მეგობარს ეძებენ, პოულობენ და უკან ბრუნდებიან… ნამდვილად დაბრუნდა თუ არა შაქარაშვილი პირველი გაქცევის შემდეგ მაგისტრალზე და გაიქცა თუ არა მეორედ – ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, პროკურატურას ჯერ არ გაუვრცელებია, მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალზე საკმაოდ ბევრი კამერაა…
გიორგი შაქარიშვილის მეგობარმა, ამირხანაშვილმა, რომლის პოვნის შემდეგ მორაგბეები დანარჩენების ძიებას წყვეტენ, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ჯერ თქვა რომ თავისუფლება აღუკვეთეს და ძალის გამოყენებით წამოიყვანეს, მერე კი ეს უარჰყო…
თუმცა, მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ჯერ არ ედავება…
ერთ-ერთი დაკავებულის მამა თამაზ ხამაზურიძე ამბობს, რომ როგორც შვილი უყვება, მათ შესთავაზეს ამირხანაშვილს მეგობრის მოძებნა, თუმცა, მან უარი განაცხადა და თქვა, რომ არა, მე წამიყვანეთო… ინფორმაცია გადავამოწმეთ გიორგის ბიძასთან, ბატონი როინმა კითხვაზე კითხვით გვიპასუხა – ამირხანაშვილს ვინმე იქ საერთოდ რამეს ეკითხებოდა? თავისი ნებით ჩაჯდებოდა თუ არა იმ მანქანაში, მაგას ვინმე ეკითხებოდა?
ბატონ როინს არც იმის სჯერა, რომ ამირხანაშვილმა ჩვენება შეცვალა და გვეუბნება, რომ ადვოკატების გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა, რადგან ისინი ყველა გზით ეცდებიან თავიანთი კლიენტების დაცვას.
საერთო ჯამში, პროკურატურის განცხადებაში დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს დრო, რომლებიც მათ უწერიათ, 5 წუთიანი და ათწუთიანი შუალედები. ასევე გაუგებარია, რა ბედი ეწია გ.ა.-ს და გ.ქ.-ს, რომლებიც ამირხანაშვილთან ერთად დაიმალნენ ბუჩქებში. რამდენ ხანს ისხდნენ იქ, როდის და როგორ ჩამოვიდნენ თბილისამდე.
გაუგებარია, მორაგბეები რატომ იწყებენ 4 ბიჭის ძებნას და რატომ წყდება ძებნა ერთის პოვნისას, თუ გამიზნულად არ ეძებენ კონკრეტულ პირს, ან თუ რამე არ მოხდა, რამე გაუთვალისწინებელი.
ამირხანაშვილის პოვნის შემდეგ მორაგბეებს ის თბილისში მოჰყავთ, თუმცა, არ ეძებენ გ.ქ.-ს და გ.ა.-ს ძებნას და როგორც წინა ვერსიაში მოგიყევით, მხოლოდ შაქარაშვილის მოძებნას და წამოყვანას სთავაზობენ. არც ფოტოგრაფის პოვნას ცდილობენ…
არსებობს ვერსია, რომ ამირხანაშვილი სწორედ იმიტომ წამოიყვანეს, რომ მასთან ესაუბრათ და გაერკვიათ, რას ეტყოდა გამოძიებას, თუმცა, ეს ვერსია დაუდასტურებელია და მის ნამდვილობას ვერ ვამტკიცებთ.
ჩხუბის მეორე ეპიზოდის პარალელურად ფოტოგრაფი იძახებს საპატრულო ეკიპაჟს და როგორც ყვება, ორჯერ რეკავს 112-ში, თუმცა, პატრული „მისამართს ვერ აგნებს“, არადა, სულაც არ არის რთულად მოსაგნები ადგილი…
მალევე, ჩხუბის სამივე ეპიზოდის დასრულებიდან, მოდის პატრულის მანქანა და მოდის “შკოდა”, რომელშიც სავარაუდოდ კრიმინალური პოლიცილები სხედან…
ფოტოგრაფი აჩერებს მათ, სთხოვს თბილისამდე წამოიყვანოს და მოდის… არადა, თავად ყვება, რომ „მერსედესის“ წასვლის შემდეგ ნაცემი ბიჭების დახმარება სურდა…
როცა პატრული მოდის, ის ჯდება და მოდის…
თუ მართლაც დარეკა ფოტოგრაფმა 112-ში ორჯერ, ის აუცილებლად გადასცემდა, რომ ჩხუბის შემსწრეა და ითხოვდა დახმარებას, საპატრული პოლიცია ვალდებული იყო, ოქმი შეედგინა, მინიმუმ დაეკითხა მაინც, მინიმუმ აგარაკამდე მისულიყო და გაეგო, ვინ იყო სტუმრად და გაერკვია დაბრუნდნენ თუ არა ახალგაზრდები ოჯახებში. პროკურატურა ამაზეც სდუმს.
პროკურატურა არც იმას გვეუბნება, რატომ იყო ჩასული კრიმინალური პოლიცია მცხეთაში, შემთხვევის ადგილას, თუ არ აპირებდა კითხვების დასმას, თუმცა, ბავშვიც კი არ დაიჯერებს იმას, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მანქანაში კითხვები არ დასვა…
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვეულების მოსაწვევები გაიყიდა, სწორედ ამიტომ იყვნენ უცხო ადამიანები იუბილეზე – „ალია“ დაუკავშირდა იუბილარი გოგონას ადვოკატს, რომელმაც ეს უარყო კატეგორიულად და თქვა, რომ მოსაწვევები არ გაყიდულა, თუმცა, ამ ეტაპზე სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ასევე გვითხრა ისიც, რომ წვეულების მომწყობი გოგონა სტრესშია და ჯერ კიდევ არ არის კარგად.
და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი:
პროკურატურის მტკიცებით, აკარაკზე ე.წ. „ნახალოვკელებს“ ეჩხუბნენ, ს.გ. ი.წ. და ს.ჩ. მას შემდეგ რაც საქმის გარჩევა და შურისძიება გადაწყდა (ამასაც პროკურატურა ამბობს), ადგილზე დარჩა ორი პირი გ.მ. და ლ.შ. რათა ეთვალთვალათ მოწინააღმდეგე მხარისთვის. თუმცა, გ.მ. და ლ. შ. მოსდევენ შაქარაშვილს, ამირხანაშვილს, გ.ქ.-ს. ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს და რატომღაც არ მისდევენ ს.გ-ს, ი..წ-ს და ს.ჩ.-ს, რომლებიც, თბილისისკენ წამოვიდნენ, არც იმას ეუბნებიან მეგობრებს, რომ ის კონკრეტული პირები, ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდათ, უკვე წასულები არიან და არც მერე ცდილობენ თბილისში მათ მოძებნას, ამის ნაცვლად უდანაშაულო ბიჭებს დასდევენ. რატომ?
ტანისამოსითაც კი ვერ ცნობენ, ვისთან მოუვიდათ კონფლიქტი და საათზე მეტი დრო, მოსდევენ სხვა პირებს? რა საქმე ჰქონდათ ამ 6 ბიჭთან და ვისთან უნდოდათ სინამდვილეში შურისძიება? – ამ კითხვაზეც პასუხი პროკურატურას არა აქვს, ის შურისძიების ობიექტებად, იმ სამ პირს ასახელებს.
უცნაურია ის ფაქტიც, რომ არც ერთ მონაწილეს, არ წაუყენეს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
უცნაურია ისიც, ამირხანაშვილი რატომ ურეკავს მხოლოდ დილით შაქარაშვილის ოჯახს და რატომ არ იწყებს ეგრევე მის ძებნას.
იმის დასადგებად, რომელ საათზე მივიდა ამირხანაშვილი სახლში, არ არის საკმარისი, დიდუბის მეტროსთან გადაღებულ ვიდეო, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე დრო არ ჩანს – ამირხანაშვილი როგორ და რა საშუალებით მივიდა სახლამდე, სად წავიდა დიდუბის სადგურიდან და სად დაყო დილამდე დარჩენილი საათები, ჯერ კიდევ უცნობია.
ჩვენი ერთი წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ მცხეთაში იმ ღამით, იმ ადგილას, კიდევ ერთხელ იყო მანქანა ჩასული, ოღონდ ვერ გვეუბნება ეს ვისი მანქანა იყო და შესაბამისად, არ ვიცით, ეს ფაქტი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს.
მასალაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვქონდა თითქმის, როდესა, ენმ-ის წევრმა, მარიამ ბაშარულმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მორაგებეების ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის, „წრიპას“ (თემურ ნემსიწვერიძის) შვილია, მარიამმა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც დაწერა: „მოკლედ, მთელი ქურდული სამყაროა ჩარეულია“.
„ალია“ დაუკავშირდა ბექა ნემსიწვერაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა ფაქტი:
„კი, ასეა, მერე? მეც კრიმინალი უნდა ვიყო? მე ჩემი პროფესია და საქმე მაქვს, მას თავისი და უკვე ათეული წლებია მამაჩემი საქართველოში აღარ ცხოვრობს, რა შუაშია ამ საქმესთან, ვერ ვხვდები.“
„ალია“ ესაუბრა გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძესაც:
-დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გიორგის დეიდა, მუშაობს გენერალურ პროკურატურაში და სწორედ მის გამო განხორციელდა ერთმაშად ამდენი დაკავება. წინასწარ გიხდით ბოდიშს ამ კითხვისთვის, ასეთ დროს ყველაზე მეტადაა საჭირო ყველა უხერხულ კითხვასაც კი გაეცეს პასუხი, რომ არასწორმა ინფორმაციამ ფეხი არ მოიკიდოს.
-პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ვარ მე, ეს არის ჭორი და ტყუილი, არათუ არ მუშაობს, კავშირი არ ჰქონია არასოდეს. ყველას ეპარება ეჭვი, რომ არ გამოვდივართ და არ ვყვირით, წყნარად და კორექტულად რომ ვსაუბრობთ, მაგიტომ ყველას ეპარება ეჭვი. მე კი ის მიკვირს, გასაკვირი რა არის? სანამ კონკრეტული სამხილები არ იქნება, რატომ უნდა მოიტყუო თავი, როდესაც ისედაც განადგურებული და გაუბედურებული ხარ, მერე მთელი ცხოვრება რატომ უნდა იცხოვრო ამ სიცრუით.
-თქვენი ვერსია ხომ არ გაქვთ?
ორი ვერსიაა და ორივეს ვიხილავთ, ერთი ან გადააგდეს წყალში, ან ამ დევნაში და ესმოდა როგორ მოსდევდნენ და ყვიროდნენ, ბავშვმა შეიძლება შეცდომა დაუშვა და…
-თუ გინება ესმოდათ, ესე იგი ფეხით მისდევდნენ…
-კი, ფეხით მისდევდნენ…
-ჩანთის თემაც ძალიან საინტერესოა…
-კი მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც დაველოდები საბოლოო პასუხს – მე არ ვიცი, ჯერ ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს.
-დღეს ჩატარდა ექსპერტიზა, რომლიც დროსაც ყველამ ვნახეთ, რომ იმ ადგილას წყალი არ არის ღრმა და წვდება ადამიანს მუხლამდე…
-გიორგიმ არ იცოდა ცურვა, სიმართლე გითხრა, ცივი, სწრაფი მდინარე, შეიძლება ნებისმიერი სიმაღლის შემთხვევაში გამხდარიყო უბედურების მიზეზი.
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ ხელისუფლება ამ საქმეს აუცილებლად სწრაფად გახსნის, არჩევნების წელია, წინა წლების გამოცილება აქვს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ასეთ რისკზე არ წავა.
საქმეს გახსნის, მაგრამ უპასუხებს თუ არა ყველა კითხვას – არ ვიცი, ვნახოთ.
თამო კეშელავა, ალია №21
კომენტარები