უკვე ლამის ერთი საუკუნეა, ულტრაბგერითი კვლევა, როგორც უმტკივნეულო, უსაფრთხო, სანდო და ხელმისაწვდომი კვლევა, თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელია. გარდა იმისა, რომ იდეალური საშუალებაა დაავადებების პრევენციისთვის და გეგმური გამოკვლევებისთვის, ულტრასონოგრაფიის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატებით სიმსივნური პათოლოგიების აღმოჩენა ნულოვან სტადიაზეა შესაძლებელი.
როგორ განვითარდა ულტრაბგერითი კვლევის აპარატების შესაძლებლობები, რა განსაზღვრავს მის სიზუსტეს და სანდოობას, რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი მისი მეშვეობით და რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გეგმური კვლევა პაციენტმა? – ამ და სხვა კითხვებს, “ალიას” პასუხობს ნიუჰოსპიტალსის ექიმი, რადიოლოგი, ლელა ბაინდურაშვილი.
ლელა ბაინდურაშვილს 18 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, არის ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების და ევროპის ნეირორადიოლოგთა საზოგადოების წევრი, 4 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
– რა არის ულტრაბგერითი კვლევა და რა მიზნით გამოიყენება ის მედიცინაში?
– ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ეს არის მაღალი სიხშირის ტალღებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შინაგანი ორგანოებიდან და რბილი ქსოვილებიდან მივიღოთ სტრუქტურული გამოსახულება. მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ნორმა და პათოლოგია. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში არის შეუცვლელი, სწრაფი და არაინვაზიური მეთოდი. ასევე, სხვა რადიოლოგიურ კვლევებთან შედარებით ულტრაბგერითი კვლევა ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია.
ულტრაბგერა მედიცინაში გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე დიაგნოსტიკური მიზნებისთვის. სამედიცინო დანიშნულებისთვის ულტრაბგერები პირველად მეოცე საუკუნის შუა წლებში გამოიყენეს, რის შედეგადაც ის მალევე იქცა ერთ–ერთ სადიაგნოსტიკო საშუალებად. მისი განვითარების ადრეულ პერიოდში, ექოსკოპიის აპარატები მხოლოდ ერთგანზომილებიან, მოგვიანებით კი ორგანზომილებიან გამოსახულებას ქმნიდნენ. დღეს კი თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების საშუალებით ვიღებთ უკვე უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულებას. ეს კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიის სიზუსტე და სანდოობა?
– სანდო და ზუსტი დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს სწორი სამკურნალო მეთოდის დროულ შერჩევას. შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობას და გართულების თავიდან აცილებას. ულტრაბგერითი კვლევის ხარისხი და სანდოობა დამოკიდებულია, როგორც სპეციალისტის ცოდნასა და გამოცდილებაზე, ასევე აპარატურის ხარისხზე.
– რამდენად განვითარდა და შეიცვალა ულტრაბგერითი კვლევის აპარატების შესაძლებლობები? ამჟამად „ნიუჰოსპიტალსში“ რომელ აპარატს იყენებთ და რით განსხვავდება, წინა მოდელებისგან?
– 18 წელია რაც ვმუშაობ ულტრასონოგრაფიის სპეციალისტად. ძალიან დიდია განსხვავება თანამედროვე აპარატურასა და ძველ აპარატებს შორის. დღეს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ვმუშაობ უახლეს აპარატზე, „Canon Aplio a“. მისი საშუალებითაც დიდი სიზუსტით შეიძლება აღმოჩენილი იქნეს უმცირესი პათოლოგიაც კი, შეფასდეს მასში უმცირესი სისხლმომარაგება. ასევე, მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით კიდევ უფრო დეტალურად შეგვიძლია გავარჩიოთ ერთმანეთისგან კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების ულტრაბგერითი პარამეტრები. აპარატს აქვს ელასტოგრაფიის შესაძლებლობა, როგორც, Strain Elastography ასევე Shear Wave Elastography, რომლებიც ქსოვილების სიმკვრივის შესაფასებლად განკუთვნილი ინოვაციური, არაინვაზიური, სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულო ტექნოლოგიაა. ის ემყარება არაერთგვაროვანი ქსოვილის სიმკვრივის გამოვლენას, შეფასებას და შედარებას ჯანმრთელ ქსოვილთან. ძირითადად ვიყენებთ ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივის შესაფასებლად და ფიბროზის ხარისხის (ფიბროზის ხარისხები F0.F1.F2.F3.F4) დასადგენად.
– მაღალტექნოლოგიური აპარატით, თქვენი პროფესიონალიზმით და დროული დიგანოსტირებით, დარწმუნებული ვარ, ბევრ პაციენტს გადაარჩენდით, გართულებისა და ფატალური შედეგისგან. ხომ ვერ გაგვიზიარებთ იმ იშვიათ დიაგნოზებს, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში აღმოგიჩენიათ?
– შემთხვევები, როდესაც ადამიანს მოულოდნელად რაიმე დაავადება, ან პათოლოგია აღენიშნება, ჩვენს საქმიანობაში ხშირია. გავიხსენებ პაციენტს, რომელიც ჩემთან მუცლის ღრუს პროფილაქტიკურ კვლევაზე მოვიდა და ვნახე პანკრეასის თავის 5 მილიმეტრის ზომის წარმონაქმნი. პაციენტი სასწრაფოდ მაგნიტო–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გავუშვი და დიაგნოზი დადასტურდა. ბიოფსია ვერ გაკეთდა, რადგან სიმსივნე იყო უმცირესი ზომის. ჩატარდა ოპერაცია და შემდგომ დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე ნულოვან სტადიაზე. მისი გადარჩენა სასწაულებრივად მოხერხდა. ულტრაბგერითი კვლევით, პანკრეასის თავის ავთვისებიანი სიმსივნის ნულოვან სტადიაზე აღმოჩენა კი მსოფლიოში უიშვიათესი შემთხვევაა. არაერთი სხვადასხვა ასაკის პაციენტი მოსული, სხვადასხვა ორგანოების პროფილაქტიკურ კვლევებზე და შემთხვევით აღმომიჩენია ავთვისებიანი სიმსივნეები. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ელენთის, თირკმლის, შარდის ბუშტის, საკვერცხეების, საშვილოსნოს და ა.შ. ოპერაციის შემდეგ, ულტრაბგერით გამოკვლევაზე მოსული პაციენტების სიტყვები: –ექიმო, თქვენ მე გადამარჩინეთ, – როგორც ექიმისთვის უბედნიერესი მომენტია.
– სხეულის რა ზონებზეა კვლევის ჩატარება შესაძლებელი და რა დაავადებების გამოვლენა შეიძლება მოხდეს ულტრასონოგრაფიით?
– ულტრასონოგრაფიით შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის მუცლის ღრუს, პარენქიმული ორგანოების, ქალისა და მამაკაცი რეპროდუქციული სისტემის, სახსრების, პერიფერიული ნერვების, რბილი ქსოვილების, ფარისებრივი, სანერწყვე ჯირკვლების დეტალური კვლევა. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მთელი რიგი დაავადებები, ანთებითი პროცესებიდან დაწყებული, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიებით დამთავრებული. ასევე, ის გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ისეთი პროცედურებისას, როგორებიცაა ასპირაციული ბიოფსია, ნემსთასპირაცია და სხვა. ასევე, ინტრაოპერაციული ექოსკოპია მთელი რიგი პათოლოგიების დროს შეუცვლელი მეთოდია. ულტრაბგერით კვლევას აქვს მრავალმხრივი გამოყენება და სწორედ ამიტომ უდიდესია მისი როლი მედიცინაში.
– რამდენად უსაფრთხოა ულტრაბგერითი კვლევა და რამდენ ხანში ერთხელაა რეკომენდებული გეგმურად ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება დაავადებების გამოვლენის და პრევენციის მიზნით?
– უნდა აღინიშნოს, რომ ულტრასონოგრაფია არის არაინვაზიური კვლევის მეთოდი, არ არის მაიონიზებელი გამოსხივება და შესაბამისად არ ახდენს უარყოფით გავლენას გამოსაკვლევ ობიექტზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ამასთანავე, ის არ იწვევს უარყოფით ემოციებს პაციენტებში, ვინაიდან კვლევა ტარდება უმტკივნეულოდ. არის ფინანსურად ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა ფენისთვის. პროფილაქტიკური, გეგმური ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ. ეს გვეხმარება პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და პრევენციაში.
– როგორია შეგრძნება, როდესაც აცნობიერებთ, რომ პათოლოგიის დროული დიაგნოსტიკით შეძელით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა?
– რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებაა. გაინტერესებს როგორ დასრულდება პაციენტის მკურნალობის ისტორია და მიიყვანს თუ არა გამოჯანმრთელების საქმეს ბოლომდე. მსგავსი შემთხვევა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ბევრია. მართალია სისხლთან უშუალო შეხება არ მაქვს, და ჩემი სფერო სკალპელისგან შორს არის, თუმცა, საოპერაციო მაგიდამდე მისვლას სჭირდება დიაგნოსტიკა. ამიტომ, ვთვლი, მედიცინის სფეროში, თითოეული მიმართულების წარმომადგენლის შრომა, კაცობრიობის წინაშე, არის კეთილმოქმედების მსახურების გამოხატულება.
(R)
კომენტარები