აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია „პიბიესის“ (PBS) ჟურნალისტთან კამათი მოუვიდა. ჟურნალისტმა იამაჩე ალსინდორმა პრეზიდენტს იმ სამედიცინო აღჭურვის შესახებ ჰკითხა, რომელიც გუბერნატორებმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე შტატებისთვის მოითხოვეს.
„ადამიანებო, რატომ არ იქცევით ცოტა უფრო პოზიტიურად? ყოველთვის ცდილობთ გამოჭერას, გამოჭერას, გამოჭერას. სწორედ ამიტომ აღარავინ ენდობა მედიას… ამიტომ მუშაობდით თქვენ „თაიმსისთვის“ და ახლა სხვისთვის მუშაობთ. ნება მომეცით, გითხრათ რაღაც… იყავით კეთილი. ნუ იმუქრები“, – მიმართა ტრამპმა რეპორტიორს.
მანამდე „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სასუნთქ აპარატების მოთხოვნილი რაოდენობა შესაძლოა, რეალურად საჭიროზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.
„მაქვს განცდა, რომ ეს ციფრები, რომლებიც ზოგიერთ რაიონში დაასახელეს, გაცილებით დიდია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს. არ მჯერა, რომ გჭირდებათ 40 ათასი ან 30 ათასი სასუნთქი აპარატი. ზოგჯერ დიდ საავადმყოფოებში შედიხარ და მათ მხოლოდ ორი სასუნთქი აპარატი აქვთ და ახლა მოულოდნელად ისინი ამბობენ – „შეგვიძლია შევუკვეთოთ 30 ათასი სასუნთქი აპარატი“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები