პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგი ვიხილეთ, გააკრიტიკა ხელისუფლება გამონათქვამის ტონთან დაკავშირებით, მაგრამ სისტემურად, მან გაიზიარა ხელისუფლების მოსაზრება სააკაშვილის სასამართლოში ან კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მანაც ილაპარაკა უსაფრთხოების ინტერესებზე და სულ ეს იყო…
პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი მოსაზრებები, რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცა არ მოგვეწონა, მაგერამ ვფიქრობ, მას ცუდად ესმის თავისი ფუნქცია, თუ უნდა მოსაზრების გამოთქმა, ამისთვის არსებობს ინტერვიუს ფორმატი, ბრიფინგის ფორმატი ნიშნავს გადაწყვეტილებების გამოცხადებას მისი კომპეტენციის ფარგლებში, ან გადაწყვეტილებების შეთავაზებას. ბრიფინგებს ამისთვის იყენებენ და არა მოსაზრებების გამოსათქმელად. ეს არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა.
პრეზიდენტი, როგორც ნეიტრალური მხარე, იყო უფლებამოსილი და ვალდებულიც, მცდელობა ჰქონოდა ეს ორი მხარე გადაეყვანა დიალოგში. ამის ყველა საფუძველი არსებობს, მაგალითისთვის, მე მას “შპარგალკის” სახით შევთავაზებდი, თუ ერთი მხარე აპილირებს უსაფრთხოებაზე და მეორე ჯანმრთელობაზე, შეიძლება ეს ორი მხარე დაჯდეს და მოილაპარაკოს იმაზე, როგორ იქნას უზრუნველჰყოფილი ორივე. ეს შესაძლებელი იყო პრეზიდენტის მრგვალ მაგიდასთან მომხდარიყო.
მას შეეძლო მოეწვია ორივე მხარე და დაეწყო საუბარი, თუ ვერ მოილაპარაკებდნენ, ის მაინც გვეცოდინებოდა, რის გამო ვერ მოილაპარაკეს და ვინაა ამაზე პასუხისმგებელი. მაგრამ, როგორც ჩანს ხელისუფლება არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, მანამდე, სანამ ვერ მოახერხებს სააკაშვილის მორალურად დამცირებას, პოლიტიკოსისთვის მორალური დამცირება, პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია – სააკაშვილიც ჯიუტობს შესაბამისად და ეს არ არის გასაკვირი და ჩვენ ვართ აი, ამ უბედურებაში, აი, ამ იწილო-ბიწილოში, მაშინ, როდესაც ჩვენ გუშინ კორონავირუსით გარდაგვეცვალა 77 ადამიანი, რომლებსაც კიდევ დიდხანს უნდა ეცოცხლათ.”
კომენტარები