ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.
„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.
დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები