„ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე კერძო კომერციული კონფლიქტიდან დაწყებული დავა დღეს უკვე გასცდა ჩვეულებრივი ბიზნესდავის ფარგლებს და მინორიტარის მხრიდან ფართომასშტაბიან საინფორმაციო დიფამაციურ პროცესად იქცა. დავა აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ნათია ჯანაშიამ წამოიწყო 2024 წელს, როდესაც მის დირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა ინვესტორმა და 70%-იანი წილის მფლობელმა – „საქართველოს განათლების ჯგუფმა“.
დღეს სწორედ ამ თემაზე, არსებულ გამოწვევებსა დასამართლებრივ დეტალებზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელთან გიორგი კაპანაძესთან ვისაუბრებთ.
– ბოლო პერიოდში, რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია, ნათია ჯანაშიასთან დაკავშირებული გვერდები, გამოცემები მოუწოდებენ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადონ ქვეყნის წამყვან კომპანიებს. რას ემსახურება მსგავსი განცხადებები და რამდენად აზიანებს იგი ქვეყნის ეკონომიკას?
– ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიას ეს მოწოდებები უკვე სცდება ნებისმიერი სახის ბიზნეს–დავის ფარგლებს და აშკარა საბოტაჟის ხასიათს ატარებს. როდესაც ადამიანი საკუთარი პერსონალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად ცდილობს ქვეყნის წამყვანი ფინანსური, საბანკო, სადაზღვევო თუ სამედიცინო სექტორების დისკრედიტაციას და საზოგადოებას მათი მასობრივი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებ, ეს ცალსახად არის ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია კომპანიებზე, რომელთა აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს შეადგენს და რომლებიც ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეს ასაქმებენ. ჯანაშიას მხრიდან მსგავსი ბოიკოტირების კამპანია შეიძლება, მხოლოდ მოკლევადიანი, მკაცრად პერსონალური მიზნების მიღწევას ემსახურება, თუმცა რეალურად ის ზიანს აყენებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იმ ხალხს, ვინც ამ კომპანიებში არიან დასაქმებულნი. საბოლოო ჯამში, არავის ეპარება ეჭვი, რომ ნათია ჯანაშიას მხრიდან წარმოებულ ეკონომიკური საბოტაჟის კამპანიას მიზანმიმართული და ექსტრემისტული ხასიათი აქვს. ეს ქმედებები, ეჭვგარეშეა, ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების რადარებზე უკვე იქნება ასახული.
– საინტერესოა, რას უკავშირდება ჯანაშიას მსგავსი ბოიკოტირების კამპანია, რატომ გადაწყვიტა მან სიტუაციის სრულად რადიკალიზება?
– რთულია ნათია ჯანაშიას კონკრეტულ მიზნებზე საუბარი, მაგრამ სიტუაციის რადიკალიზება ემთხვევა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში დაწყებულ სასამართლო პროცესებს. როგორც მოგეხსნებათ, ჯერ ქართულ სასამართლოში დაიწყო მოსამზადებელი სხდომები სხვადასხვა სარჩელთან დაკავშირებით და გასულ კვირას ლონდონშიც გაიმართა პირველი სასამართლო სხდომა.
საინტერესოა, რომ იურისდიქციების მიხედვით ნათია ჯანაშიას ქცევაც და ტაქტიკაც რადიკალურად განსხვავებულია: ქართულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში იგი თავს წარმოაჩენს როგორც დაჩაგრულს, რომელსაც ინვესტორმა კომპანიის წილი „წაართვა“ და სჯერა რომ საქართველოში სამართლიანად მოხდება საქმის განხილვა და გაიმარჯვებს, ხოლო ლონდონის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში იგი ახდენს ქართული სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში წერს, რომ “საქართველოს სასამართლოები შემჩნეულები არიან კორუფციულ საქმიანობაში”, ხოლო ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება “კორუმპირებული და ოლიგარქიული რეჟიმია, რომელმაც ევროპული გზიდან რუსეთისკენ გადაუხვია“.
ეს ორგვარობა, ორმაგი მიდგომები და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება დამახასიათებელია ნათია ჯანაშიასა და მისი მხარისთვის. საქმე ზოგჯერ ისეთ აბსურდამდე მიდის, რომ ნახევარი საათის წინ დაწერილ, წაკითხულ, გამოქვეყნებულს რადიკალურად ეწინააღმდეგება თავად ქალბატონი ნათია. ამის მკაფიო მაგალითი მისი ბრძოლისა და დაპირისპირების ობიექტის ან სუბიექტის დასახელების სირთულე წარმოადგენს. ვერც ის და ვერ მისი მეუღლე ვერ ჩამოყალიბდნენ ვის ან რატომ ებრძვიან. მგონია, რომ დაშვებული შეცდომების არაღიარებამ მიიყვანა ისინი ამ სავალალო მდგომაროებამდე და დღესაც ილუზორული წარმოსახვის ფანტაზიებში აგრძელებენ მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, ხან საქართველოს კაპიტალს ებრძვიან, ხან მის შვილობილებს, ხან საქართველოს ბანკს და ხან ყოფილ კოლეგებს. ვფიქრობ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და არც სხვას უსმენენ, რომ როგორმე დააღწიონ თავი ჩიხს და ქვეყნის საბოტაჟზე უარი თქვან.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ, ლონდონის სასამართლოში გამართული პირველი მოსამზადებელი სხდომის შესახებ. რა ძირითადი საკითხების განხილვა მოხდა სასამართლო სხდომაზე და რა შუადგომლობები დააყენეს მხარეებმა?
– ლონდონში გამართული პირველი მოსამზადებელი სხდომის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ნათია ჯანაშიასგან გავიგეთ. მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პირველ სხდომაზე წარმატებას მიაღწია. ბუნებრივია, დავინტერესდით თუ რა შედეგი დადგა სასამართლოზე დაოფიციალური კითხვებით დავის ორივე მხარეს მივმართეთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, მონიტორინგის პროცესში ინფორმაციას ვაქვეყნებთ მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით ან უშუალოდ მხარეებისგან. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ მხარეებისგან მიგვეღო კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია.
სამწუხაროდ, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა ჩვენს არც ერთ კითხვას არ უპასუხა, დღემდე ველოდებით მისგან პასუხს და იმედს ვიტოვებ რომ გვიპასუხებს. ოპონენტებისგან მივიღეთ პასუხები და ავსახეთ კიდევაც ჩვენ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. კითხვები და პასუხებიც მხოლოდ ქალბატონ ნათიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა – რა შუამდგომლობები დააყენა მისმა მხარემ ლონდონში და რაზე მიიღო დადებითი პასუხი.
პირდაპირ გეტყვით, რომ თავად ქალბატონ ნათიას და მისი კონტროლირებადი გამოცემის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ნათია ჯანაშიას მდგომარეობა არასახარბიელოა.
– პარტნიორული დავის დინამიკიდან გამომდინარე, რა სამართლებრივი დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს და სიტუაციის მსგავსი გამწვავება, როგორ აისახება სამომავლო თანამშრომლობაზე?
– ნათია ჯანაშიას მცდარმა სტრატეგიამ, პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. ჯანაშიამ მძიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც სცადა ინვესტორის პარტნიორობიდან გარიცხვა და კომპანიის მართვის პროცესის სრული ბლოკირება. უფრო მეტიც, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, როგორ ცდილობდა ის ბრიტანულ-ქართული აკადემიის ლიკვიდაციას. შედეგად, საპასუხო სამართლებრივმა სარჩელმა დღის წესრიგში დააყენა თავად ნათია ჯანაშიას კომპანიიდან გარიცხვის საკითხი. ეს ნათია ჯანაშიასთვის კოლაფსის ტოლფასია. რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ის ამ პროცესში, მით უფრო მტკივნეული იქნება მისთვის საბოლოო შედეგი.











კომენტარები