ნატა ვიბლიანს გამომძიებელმა პოლონეთში ჩააკითხა – საგამოძიებო მოქმედებები ორი დღე მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლემა მათ შორის ის დაზიანებებიც აღწერა, რომელიც ქალს, სავარაუდოდ ბავშვობაში მიაყენეს, მაშინ როდესაც ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ერთ-ერთ დაზიანებას ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ასე ხსნის: ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ერთ ერთმა მთავარმა მოძალადემ ბავშვი ცხენზე გამოაბა და ათრია.
„გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი.
მარიამ ბარსონიძის თქმით, დოკუმენტებს მათ გამომძიებლის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ 14-15 აგვისტოს გადასცემენ.
ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალი ამბობს, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.











კომენტარები