გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარს ეუბნება. გაგნიძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მან სამართალდამცავებს თავად შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო. განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერ არც ერთ დაკავებულს წარდგენია, თუმცა გუშინ, 27 ივლისს 17-დან 11 დაკავებული მცხეთის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეში ჩნდება ახალი ჩვენებები, რომლებიც ადვოკატებს უკვე გადაეცათ.
საქმის პროკურორის გუშინ, 27 ივლისს სასამართლოს სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარის თანახმად, არ არის გამორიცხული, დაკავებულ პირებს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით უახლოეს მომავალში წაუყენონ.
ახალი ჩვენებები მოთავსებულია საქმის 22-ე ტომში, სწორედ ამ ტომიდან ირკვევა, რომ არჩილ გაგნიძე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. გაგნიძის თქმით, ის უკანონო პატიმარია და ჩვენების მიცემის დროს დუმილის უფლებას იყენებს. იგი ამბობს, რომ გამოძიება არ არის ფაქტობრივი ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებული და ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით.
კომენტარები