მოხარული ვარ, რომ ამერიკელი ხალხის სახელით, დავხვდი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო, სიცოცხლის გადამრჩენელი „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტ ბაიდენისგან და ამერიკის მთავრობისგან ჩვენი მეგობრობის ნიშნად, – ამის შესაცებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა.
„მოხარული ვართ, გადმოგცეთ ეს ვაქცინა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. პანდემიის დასაწყისიდანვე, აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში, ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ახლა შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რასაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა ნამდვილად შეუძლია – ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
ეს 500 000 ერთეული დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა იმ ცხრა მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ემატება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრების გადაცემა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის“, 26 000 ერთეული PCR-ტესტისა და აგრეთვე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა, რომელიც თავის მხრივ 300 პაციენტისთვის საჭირო მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ელჩმა.
კომენტარები