დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასთან და ასეთი მასალების შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.
საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებსა და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე მოსალოდნელ უარყოფით ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხოებას.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას ასევე ხელს უწყობს მულჩირება, რაც აქტიურად ხორციელდება გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში. დედაქალაქს მოემსახურება ქუჩის დამგველი სპეციალური მანქანებიც, რაც ასევე დიდ როლს შეასრულებს მტვრის შემცირებაში.
კომენტარები