2021 წლის 19 დეკემბერს გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს… „ალიაში“ უამრავი მამხილებელი სტატია თუ ინტერვიუ გამოგვიქვეყნებია. გთავაზობთ ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს.
„ალია“, 2013 წელი, ავტორი დარეჯან მეფარიშვილი
აგვისტოს ომის ახალი დეტალები, სკანდალი, რომელიც გამოძიებას მტკიცებულებად გამოადგება და ბევრ ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ საკითხს გასცემს პასუხს. სამხედრო რანგის პატიმრები “ალიას“ პირველ ჩვენებებს აძლევენ.
ინტერვიუ სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტთან, პატიმარ რევაზ სახვაძესთან:
– ჩემი პროფესია არის სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვა უპირატესი პრიორიტეტით სარგებლობს შეიარაღებული ძალების სახეობაში, ის ყველაზე ძვირადღირებულია და თავდაცვის ბიუჯეტის 47%-ით ფინანსდება. პირველ რიგში, საჭიროა საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, შესაბამისი საბრძოლო შეიარაღების შეძენა და საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა, ხოლო შემდგომ უკვე სხვა სახეობების გაძლიერება და მომზადება. აგრეთვე, აუცილებელია სტრატეგიული დანიშნულების დაცვა, ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, იყო თუ არა მზად ჯარი აგვისტოს ომის დროს წინააღმდეგობის დასაძლევად. მოდით, ერთად განვიხილოთ ეს თემა. რაც მოხდა და როგორც მოხდა, ვიცით, მაგრამ არ ვიცით, რატომ მოხდა. ამიტომ სწორედ ამ კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა… საქართველოში ყველა ობიექტი, ფაქტობრივად, დაუცველი იყო, არავითარი გეგმა საჰაერო თავდაცვაზე არ არსებობდა. ფაქტობრივად, ქვეყანა შიშველი აღმოჩნდა მტრის ავიაციის წინაშე და ამ ყველაფერთან ერთად სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ სახმელეთო ჯარების თავდაცვა ფუნქციონირებდა ასე თუ ისე და საქმესაც აკეთებდა.
– ჰო, რაღაც ძალიან ბევრი მტრის თვითმფრინავები ცვიოდა მაშინ ქვევით. კარგია, თუ ამას სახმელეთო ჯარები მაინც ახერხებდნენ…
– აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში… კვადროციკლებზე ამხედრებული ჯარისკაცები ხან აქ, ხან იქ ჩნდებოდნენ და ახორციელებდნენ მიზანში სროლას. მტერი არ ელოდებოდა ასეთ აქტიურობას, პირველ ორ დღეში მათ დაკარგეს 8 თვითმფრინავი, რაც დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ფაქტია, ეს მიღწეული იყო საჰაერო თავდაცვის სწორი ორგანიზებით (საუბარია სახმელეთო-საჰაერო თავდაცვაზე), ყველა ბრიგადასა თუ სამხედრო ნაწილში მეზენიტე სპეციალისტების მომზადებით საბრძოლო მარაგის სხვადასხვა გზით გაზრდით, ტექნიკური პარკის განახლებით, მაგალითად, კვადროციკლებით. სამწუხაროდ, მეტის გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ არავინ მოისმინა და ფაქტობრივად, არც დრო მყოფნიდა. საერთო ჯამში, ჩვენ მზად არ ვიყავით.
– ვერ გავიგე, რას ნიშნავს თქვენი ტერმინი “საბრძოლო მარაგის სხვა გზით გაზრდა“…
– საბრძოლო მარაგი ნიშნავს საბრძოლო იარაღის რაოდენობას, ხოლო მარაგის გაზრდა ნიშნავს იარაღის შეძენას საერთაშორისო ბაზარზე ან მისი მარაგის აღდგენას რემონტით. თქვენ, ალბათ, მკითხავთ, რემონტდებოდა თუ არა ჩვენთან იარაღი და საერთოდ, რა იარაღზეა საუბარი. ჩვენთან ცოტა დაუჯერებლად მიაჩნიათ ის საკითხი, რომ თურმე ვიღაცას ან როგორღაც შეუძლია იარაღი (ამ შემთხვევაში საუბარია გადასატან საზენიტო კომპლექტებზე) გაარემონტოს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომების დაცვით საჭიროა, რაკეტები დაიშალოს ქარხნული წესით, რათა გამოირიცხოს მათი მოულოდნელი დეტონირება, ან მანიპულაციის შედეგად მათი აფეთქება, მაგრამ მე მაგალითად, პირადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, აგრეთვე, რუსეთში ქარხანაში სამი თვით ყოფნის გამო, სადაც ჩემი ნაწილიდან ჩავიტანე სარემონტოდ საზენიტო რაკეტები, აქტიურად მიწევდა, ჩავბმულიყავი ტექნიკის დაშლა-აწყობაში, მე დღესაც ბევრი ეჭვის თვალით მიყურებს, როცა ამას ვყვები, რა შემიძლია, მაგრამ მარტივად შეიძლება ამის გარკვევა.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავად აწყობდით და არემონტებდით ამ ყველაფერს?
– საზენიტო რაკეტების აღდგენის გარდა, ჩვენმა მეგობრებმა, ვინც გვეხმარებოდნენ, შექმნეს მრავალჯერადი კვების ელემენტი, რასაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა ტყვიამფრქვევის დაზგის დისტანციურად მართვადი მოძრავი მაკეტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ცდები საველე პირობებში, სხვათა შორის, ამ ცდებს დაესწრო ზაზა გოგავა, შემდეგ მომილოცა კიდეც წარმატება და ამით დამთავრდა კიდეც ყველაფერი. ჩვენ შევქმენით ახალი საზენიტო სარეკეტო დანადგარი, ავაწყვეთ მართვადი მინირობოტი, რომელიც საბრძოლოდაც კი გამოდგებოდა, ოღონდ მისი მართვის მანძილი არ უნდა აღმატებულიყო ორ კილომეტრს. კიდევ ბევრი სქემა და ნახაზი გავაკეთეთ, ოღონდ აწყობა ვერ მოვასწარით. მავანმა ჩათვალა, რომ ჩვენ, ქართველებს, არ შეგვეძლო ამ ყველაფრის გაკეთება-აწყობა, ვიყავით თაღლითები და დაგვაპატიმრეს. აი, ასე დამთავრდა ჩვენი მოღვაწეობა. სამსახური დაგვიშალეს და ახლა, საერთოდ, ლპება ჩვენი იარაღი…
– გამოგონებები სად წავიდა?
– გადამალეს, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ნანახი აქვს ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ექსპერტს და ძალიან მაინტერესებს, რატომ არ აინტერესებს დღეს ამ ბატონს ჩვენი სამსახურის ბედი… თუ, ხვალ რომ ომი დაიწყოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ისეთი ძლიერია, რომ მას მტერი ვერ გაარღვევს?
– არ მითხრათ ახლა, საჰაერო თავდაცვაში უსუსურები ვართო…
– ასეა, ბატონებო, წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდი ჯართის იმედზეა დღეს საქართველოს ზეცა, ხოლო ის, ვინც ნაღდ საქმეს აკეთებდა, დაარბიეს და მოშალეს. აბოლებენ ხალხს, – იმდენი ჩამოვაგდეთ, ამდენი ჩამოვაგდეთო. რაც ნაღდად მტკიცდება, ეს არის “სუ-24“… დღეს საქართველოს გასაგონად ვამბობ, რომ მაშინ, ომის დროს გავრცელებული სურათები ჩამოგდებული თვითმფრინავებისა, რომლებსაც ძრავები ჰქონდათ დაზიანებული, ერთ პატარა უზუსტობას მოიცავს, – ძრავებს აზიანებს მხოლოდ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სხვა არც ერთი რაკეტა ან იარაღი.
– მაგრამ ჩვენ ვნახეთ კუდდაზიანებული თვითმფრინავების სურათებიც…
– ეს დაზიანება თვითმფრინავს კუდზე მიაყენა “57-მმ“ ქვემეხმა, რომლის პროფესიონალები იყვნენ ცალკეულ საზენიტო დივიზიონში, რომელიც სააკაშვილმა პირველივე შესაძლებლობისას დაშალა, მას შემდეგ, რაც მე დამიჭირეს. მტერსაც კი არ დაესიზმრებოდა ის ბედნიერება, რაც “ნაცმოძრაობამ“ მოუტანა ქართველ ხალხს ზიანის მიყენებით. თავდაცვის სამინისტრომ დაშალა ორი უდიდესი და უძლიერესი ქვედანაყოფი შეიარაღებულ ძალებში, ეს არის მუხროვანის ცალკეული სატანკო ბატალიონი და ცალკეული საზენიტო დივიზიონი. ეს ორი ქვედანაყოფი იყო მტრის შემაკავებელი ომის დროს, გორგიაშვილის ტანკები იბრძოდნენ თავდადებით და ბრძანების მიუხედავად, არ მიატოვეს თავიანთი ტანკები კონფლიქტის ზონაში. ცალკეული დივიზიონი იყო ის დანაყოფი, ვინც ომის დროს მე-4 ბრიგადის მიერ (მეთაური გიგილო კალანდაძე) რაკეტების მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მათი პოზიციები დაიცვა კვადროციკლებზე გადამსხდარმა. სხვათა შორის, მეოთხე ბრიგადა რომ დაიბომბა, უარი რომ არ ეთქვა მათ მეთაურს – გიგილო კალანდაძეს და მიეცა რაკეტები ჩვენ მიერ მომზადებულ მეზენიტეებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი ჰყავდა მეოთხე ბრიგადას, ამხელა მსხვერპლი არ იქნებოდა…
– რაღაც ეს პოზიცია ადრე არ მსმენია…
– პირველად ვამბობ ამას ამდენი ხნის შემდეგ, ამის თქმის საშუალება მაშინ ნამდვილად არ მქონია, იმედი მაქვს ახალი ხელისუფლება და პირადად პოლკოვნიკი ჩაჩიბაია, რომელიც ახლოს მიცნობს მეც და ჩემს საქმიანობასაც, გაითვალისწინებს წინა ხელისუფლების შეცდომებს და სასწრაფოდ აღადგენს ცალკეულ საზენიტო დივიზიონს და არამარტო დასავლეთში, აღმოსავლეთშიც.
– შეიარაღება და კადრები გვყავს?
– შესაბამისი შეიარაღებაც გვაქვს და ხალხიც გვყავს. პროფესიონალი სპეციალისტებიც მოიძებნებიან. ახლა ამაზე გაჩუმება სიკვდილის ტოლფასია. მინდა გითხრათ, რომ სხვა საჰაერო თავდაცვის მესვეურები, ვინც ასე წარმატებით მიიწერეს ჩვენი შრომა და ნაბრძოლები, ალბათ, ოდესმე მოეგებიან გონს და გაიგებენ, რომ სიმართლე დაუმარცხებელია.
– როგორც ვიცი, “მიგ-29“, “სუ-37“ და რაღაც ასეთი ტიპის თვითმფრინავები დაფრინავდნენ… არა?
– მფრინავი თეფშები და სხვა მაგიური საშუალებებიც დაფრინავდნენ. კატეგორიულად ვაცხადებ, – ომში ძირითადად დაფრინავდა “სუ-25“, “სუ-24“, “ტუ-22“, ჩვენ ჩამოვაგდეთ “ტუ-22“-ის გარდა ყველა, ზუსტად ვიცი, რომ ერთი იყო “სუ-25“ და ერთი “ტუ-22“ ბიგფაიერი თვითონ რუსებმა ჩამოაგდეს გაურკვეველ ვითარებაში…
– “ბაიკანური“ არ დაფრინავდა?
– არავითარი “ბაიკანური“ არ დაფრინავდა. ახლა რაც შეეხება ჩვენს რაკეტებს, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის ზოგი მესვეური “რაგატკებს“ ეძახის, განგიმარტავთ, როგორ შეეძლო მას რუსული არმადის დამარცხება. მტერი, როდესაც მას პირისპირ ხვდები, არც ისე საშიშია, მით უმეტეს, როდესაც პირისპირ ხვდები და თან, იარაღიც ისეთი გაქვს, რომ პირდაპირ უხერხულობაში აგდებ მტერსაც და ირკვევა, რომ ზოგიერთ მოყვარესაც. ასეა, ბატონო, შენი არ იცოდე და სხვისი არა გესმოდეს რა…
კომენტარები