სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
,,როგორ შეიძლება აიხსნას სუს-ის ხელმძღვანელების უჩვეულოდ ხშირი ცვლა და, ამ ფონზე, კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სტაბილურობა? მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კობახიძეს „წყალი აქვს შეყენებული“. უფრო სწორად, ეს „წყალი“ ჯერჯერობით არ ჩანს.
შევეცდები, შეძლებისდაგვარად მოკლედ დავასაბუთო:
ივანიშვილმა საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა პერსონალიზებული ავტორიტარიზმის მოდელი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ძალაუფლების სტაბილური და ავტონომიური ცენტრების წარმოქმნის არდაშვება.
სუს-ის უფროსს ინსტიტუციურად აქვს შესაძლებლობა, დააგროვოს ძალაუფლების ძვირფასი რესურსები – სპეცინფორმაცია, ოპერატიული შესაძლებლობები, ძალოვან აპარატზე გავლენა, დახურული პერსონალური ქსელები და სხვ. შესაბამისად, ერთი პირის ხანგრძლივად ყოფნამ ამ თანამდებობაზე შეიძლება შექმნას ავტონომიური (და ალტერნატიული) ძალაუფლების ცენტრი. ლილუაშვილის ფიგურა და მისი კარიერა სწორედ ამის მაგალითია. ივანიშვილი მიხვდა, რომ სუსიის ხელმძღვანელების ხშირი როტაცია მისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ძალაუფლების ცენტრის ჩამოყალიბების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმია.
ამ ფონზე თითქოს პარადოქსულად გამოიყურება ირაკლი კობახიძის, როგორც პრემიერ-მინისტრის, თანამდებობრივი სტაბილურობა. თუმცა, პარადოქსი ქრება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კობახიძე არ მოქმედებს სისტემისგან დამოუკიდებლად. ის შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი „მეორე პირი“, მაგრამ არ წარმოადგენს ალტერნატიულ „პირველ პირს“. პირიქით, მისი კომპეტენტურობა, იდეოლოგიური თანმიმდევრულობა და საჯარო პოლიტიკური ბრძოლის საკუთარ თავზე აღება ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივია.
უფრო მეტიც, კობახიძე ივანიშვილის პერსონალიზებულ ძალაუფლებას ინსტიტუციურ სახეს აძლევს: დიდწილად მასზე მოდის გადაწყვეტილებების პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტაცია, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საჯარო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, დასავლეთთან კონფრონტაციული დისკურსის ფორმულირება და ყოველდღიური პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამგვარად, ივანიშვილს შეუძლია შეინარჩუნოს გარკვეული დისტანცია ყოველდღიური მმართველობისგან და, ამავე დროს, დარჩეს ძალაუფლების საბოლოო ცენტრად.
ამდენად, კობახიძის სტაბილურობა სწორედ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ჯერჯერობით მისი ძალაუფლება ივანიშვილის ძალაუფლების ალტერნატივა კი არა, მისი განხორციელების ინსტრუმენტია.
ამავე ლოგიკაში შეიძლება განვიხილოთ კობახიძესთან დაკავშირებული ძლიერი პოლიტიკური ფიგურების როტაციაც. თუ განსაკუთრებით მდინარაძისა და სხვა მსგავსი ფიგურების ჩამოშორებას/გადაადგილებას ამ კონტექსტში წავიკითხავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კობახიძეს ეძლევა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ ეზღუდება საკუთარი, შედარებით ავტონომიური საკადრო და ძალოვანი ქსელის კონსოლიდაციის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით: ივანიშვილისთვის მისაღებია ძლიერი კობახიძე, მაგრამ არა „კობახიძის კლანი“. ვფიქრობ, ღარიბაშვილი პირველ რიგში იმიტომ გაიწირა, რომ საკუთარი კლანის შექმნის ამბიცია გაუჩნდა.
სოციოლოგიის ენაზე ზემოთ აღწერილ მოდელს პატრიმონიალური მმართველობა (მაქს ვებერის ტერმინია) ჰქვია, როდესაც სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები პრაქტიკულად მმართველის პირად ძალაუფლებას ექვემდებარება.
ასეთი მმართველობა შემზარავია, რადგან ძალიან ცენტრალიზებულია, მაგრამ, ამავდროულად, მყიფეცაა. როდესაც ერთი ცენტრი აკონტროლებს ელიტებს, ასეთი სისტემა ჩამოიშლება იმ შემთხვევაში, თუ ეს ცენტრი გაქრება ან კონტროლის უნარს დაკარგავს.“











კომენტარები