სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:
“სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში…
აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს…
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.











კომენტარები