უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, კვირის პალიტრასთან, ამბობს:
დღეს არავის შეუძლია იმის დანამდვილებით თქმა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მის სავარაუდო მოტივებზე. ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი არა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, არამედ ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენებაზე, რომელიც რადიაქტიური ნარჩენებისგან კეთდება, მათზე კი რუსებს ხელი მიუწვდებათ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურშიც, რომელიც ახლა მათ ხელშია. ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ აქტიურად ეკონტაქტებოდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს და მორიგ დეზინფორმაციას აწვდიდა იმის თაობაზე, რომ თითქოს უკრაინას სურს საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს “ბინძური ბომბები”. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამ ნათქვამიდან დასავლეთის ყველა ლიდერმა ერთნაირი დასკვნა გამოიტანა – კრემლი შეიძლება ამზადებს სამხედრო ოპერაციას ე.წ. ცრუდროშით. “ცრუდროშის” ოპერაცია საინფორმაციო ნიადაგის მომზადებაა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დააბრალო ის, რის გაკეთებასაც თავად აპირებ. ესე იგი, მოსკოვს შეიძლება სურს თავად გამოიყენოს უკრაინაში რადიაციული ნარჩენებით სავსე ბომბები და შემდეგ უკრაინას დააბრალოს. წესით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ტაქტიკური ატომური იარაღი იქნება თუ “ბინძური ბომბები”, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვება, რაც პირადად მისთვის ჰარაკირის ტოლფასია. ამერიკულ და არა მარტო ამერიკულ პრესაში სხვადასხვა ვერსია განიხილება იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება უპასუხოს ამერიკამ უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას: დაწყებული შავი ზღვის ფლოტის განადგურებით, დამთავრებული კონვენციური შეტევებით თავად რუსულ ინფრასტრუქტურაზე. აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ უკრაინა-ნატოს წევრი ქვეყნების საზღვარზე ამერიკის სპეციალური დანიშნულების ნაწილები განლაგდნენ. მართალია, ეს მოსაზრება არ გაუხმაურებიათ ოფიციალურ პირებს, მაგრამ პრესასა და მედიაში აქტიურად ვრცელდება, რაც ინფორმაციის მიზანმიმართულად გაჟონვას ანუ რუსეთის ირიბად გაფრთხილებასაც მოასწავებს. იოლი წარმოსადგენია, პირად საუბრებში ამერიკის თუ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის ოფიციალურ პირებს რა კონტრზომების გამოყენებაზე ელაპარაკებიან, თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს.
ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების მიერ პუტინის გარემოცვის დარწმუნება იმაში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათი გადარჩენის კი არა, დასასრულის გზაა. არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დაუტოვონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი ხელისუფლების შენარჩუნებას კი არა, ფიზიკურად გადარჩენასაც კი ვერ შეძლებენ. ახლა ყველაფერი დასავლეთზეა, ვინაიდან, კაცმა არ იცის, რას იზამენ კედელთან მიყენებული პუტინი და მისი გარემოცვა. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა შანტაჟი იყოს, რათა დასავლეთის ზეწოლით უკრაინას მოლაპარაკება აიძულოს. ასეთი ფიქრის საფუძველს მაძლევს ბევრი გავლენიანი სამხედრო ექსპერტის შეფასება იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდასხმითი პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია და ახლა, ძირითადად, თავდაცვის რესურსი აქვს შერჩენილი. ამიტომ დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და ამას ყველაზე კარგად კრემლი გრძნობს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება. შეიძლება ეს შანტაჟიც დიდწილად ამ მიზანს ემსახურებოდეს. სხვათა შორის, რუსეთი მხოლოდ იარაღით არ იბრძვის ბრძოლის ველზე, პუტინი ისევ ცდილობს შავი ფულის მეშვეობით გავლენა გააძლიეროს დასავლელ პოლიტიკოსებზე. მას ისედაც ძალიან ბევრი გავლენის აგენტი ჰყავდა დასავლეთში. ეს უკრაინაში ომის დაწყების წინა პერიოდში კარგად გამოჩნდა. ახლა, როდესაც თვითგადარჩენის რეჟიმშია გადასული, ყველანაირად ეცდება მთელი ფინანსები და გავლენის აგენტების არმია მომართოს იმისთვის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებებში შეამციროს უკრაინისთვის მხარდაჭერა და მოამწიფოს ვითარება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის დასასმელად.
კომენტარები