საბერძნეთის პოლიცია აგრძელებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების სპეციალური ზომების შემოწმებებს. ოფიციალური ინფორმაციით 12 მარტიდან დღემდე გამოვლენილია 91 კანონდარღვევა და დაპატიმრებულია 96 ადამიანი. ისინი არიან მცირე მეწარმეები: სილამაზის სალონების, კაფეების, ტავერნების, გასართობი ცენტრების მფლობელები, რომლებმაც მუშაობის შეჩერების შესახებ სამთავრობო დადგენილება დაარღვიეს. ყველაზე მეტი დამრღვევი ათენის რაიონ ატიკაშია – 36. დაკავებულებს 2 წლამდე ციხე ემუქრებათ.
14 მარტიდან ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებს მუზეუმები, კინოთეატრები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ფიტნეს ცენტრები და სპორტული კლუბები დაემატა. ხოლო საწარმოებში, სადაც მუშაობა ნებადართულია, მაგალითად ბანკებში და სუპერმარკეტებში, ადამიანების რიგი 5 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.
14 მარტს მთავრობამ დამატებითი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც დამრღვევი პირები და ორგანიზაციები 5000 ევროთი დაჯარიმდებიან.
საბერძნეთში დღემდე 228 დაინფიცირებული და 4 გარდაცვლილია.
კომენტარები