ჟურნალისტი კობა ფარტნაძე ამბობს, რომ მუქარის და დისკრიმინაციის მსხვერპლია.
ჟურნალისტმა რამდენიმე საათის წინ გამაოქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს და გვერდზე გაყოლას აიძულებს.
ისმის დანის დარტყმის მუქარაც. ჟურნალისტი შშს-ს და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ნახეთ ვიდეო თუ რა სიტუაციას გავდივარ ყოველ ღამეს, როგორ ძალადობას და დისკრიმინაციაციას… თქვენ შეაფასეთ…
ზაფხული ჩემთვის ყოველთვის ბედნიერების სეზონი იყო. სეზონი, რომელსაც ადამიანებთან, სიცოცხლესთან, თავისუფლებასთან და კარგ ამბებთან ვაკავშირებდი. მაგრამ დღეს ეს „ბედნიერების სეზონი“ ჩემთვის სულ უფრო ხშირად პოლიციის განყოფილებებში თენდება.
ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. ზოგიერთის დამადასტურებელი კადრი მაქვს, ზოგიერთის არა, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დამემტკიცებინა.
რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?
მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას.
მივმართავ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს: გთხოვთ, დროულად შეისწავლოთ და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში ჩემზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტს.
მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქუჩაში ადამიანის ცემა, მუქარა, შეურაცხყოფა და ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოძალადეს უფრო ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე ძალადობის მსხვერპლს.
ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე.
საქართველოს მთავრობა Sofia Jgenti საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია Temur Kavshbaia Tariel Kakabadze ტარიელ კაკაბაძე / Tariel Kakabadze საქართველოს პარლამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის საპატრულო პოლიცია ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
გთხოვთ, ნუ დაელოდებით კიდევ ერთ თავდასხმას. ნუ დაელოდებით უფრო მძიმე შედეგს.
დროული რეაგირება სწორედ მაშინ არის საჭირო, სანამ კიდევ ვინმე დაზიანდება, სანამ კიდევ ერთი ადამიანი გახდება ძალადობის მსხვერპლი.
მე ვითხოვ სამართალს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ძალადობა ჩვენს ყოველდღიურობად არ იქცეს.
მოძალადე უნდა დაისაჯოს. მოქალაქე უნდა იყოს დაცული. კანონი უნდა მუშაობდეს.
გთხოვთ დამეხმარეთ და ეს მძიმე დღეები გადამატანინეთ უსაფრთხოდ…
ვიდეოში რომელსაც ნახულობთ მოუსმინეთ ბოლომდე და განსაჯეთ თუ როგორ ძალადობს ადამიანები ჩემზე ქერა თმის ფერის გამო და მთხოვენ წავყვე ბნელ ადგილოს რომ დანა დამარტყან.
საზოგადოებას ვთხოვთ: თქვენ განსაჯეთ თუნდაც მხოლოდ ეს ამბავი…მოუსმინეთ ბოლომდე და მითხარით, არის კი ეს ყველაფერი ნორმალური?
მე აღარ მაქვს ძალა, ყოველ ჯერზე თავიდან ავხსნა, როგორ შეიძლება ადამიანს ასე მოექცნენ და ამას უბრალოდ გვერდიდან ვუყუროთ. ასეთი საქმე კიდევ ბევრია… ბევრ რამეს მოგიყვებით, მაგრამ არა ახლა, რადგან უბრალოდ ძალა აღარ მყოფნის, გათენდა… მე კი ჯერ კიდევ არ დამიძინია. მთელი ღამე ამ ადამიანების გამო გავატარე ფიქრში, ნერვიულობაში და იმ განცდით, რომ შეიძლება ხვალ ისევ იგივე განმეორდეს.
ყველაზე მძიმე კი ის არის, როცა ხვდები, რომ შენს სიმართლეს საკუთარი ძალებით ებრძვი, ხოლო ისინი, ვისაც შენი დაცვა და რეაგირება ევალებათ, იმედია რეაგირება ექნებათ…
მაინც გთხოვთ, მოუსმინეთ, განსაჯეთ და თქვით ხმამაღლა – ეს ნორმალურია?
იმიტომ, რომ მე უკვე აღარ ვიცი, კიდევ რამდენი უნდა გადაიტანოს ადამიანმა, სანამ ვიღაც იტყვის: საკმარისია, – წერს კობა ფატენაძე.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.











კომენტარები