სახალხო დამცველმა 20 ივნისს გაავრცელა ის ინფორმაცია, რომელიც მან ძალოვანი უწყებებისგან მიიღო –
“რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? –
შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო.
მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ.
რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა.
02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა.
აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა.
რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე?
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ.
აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის – დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე – განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი.
შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია.”
“ალია” – მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მითია იმის შესახებ, რომ გახარია არ ხელმძღვანელობდა აქციის დარბევას – ხელმძღვანელობით, ზუსტად გახარია ხელმძღვანელობდა, თუმცა, რაციების ჩანაწერების მიხედვით, მის ბრძანებას არ დაემორჩილნენ.
იყო თუ არა სპეცრაზმთან დაკავშვირების ალტერნატიული გზა? ჰქონდათ თუ არა მინისტრს და მის მოადგილეებს კომუნიკაცია რაციის გარეშე სპეცრაზმთან – ეგაც გამოუძიებელია.
რატომ დააწინაურეს გახარია სინამდვილეში? იმისათვის რომ ისე წარმართა პროცესები, როგორ უთხრეს, თუ იმისათვის, რომ არ ეთქვა, სინამდვილეში ვის ბრძანებას ასრულებდა სპეცრაზმი?
რატომ არ დაისაჯნენ პირები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ და თუ სპეცრაზმი არ დაემორჩილა გახარიას, ეს მართლაც ყოფილა გადატრიალების მცდელობა – ოღონდ შიგნიდან.
ძალოვანი უწყება რომ მიდის მინისტრის სიტყვის წინააღმდეგ – სწორედ ეგ არის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა და წესით, გარდა დარღვევებისა, ამ მუხლითაც უნდა აღძრულიყო საქმე.
მაგრამ…
ასე რომ ყოფილიყო, გახარიას ბევრი უნდა მოეხსნა და ბევრი უნდა დაესაჯა – რაც არ მოხდა.
შესაბამისად, რაციების ჩანაწერები საკმარისი ვერ იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ სპეცრაზმმა არ შეასრულა ბრძანება.
უნდა დადგენილიყო კომუნიკაციის რა გზები გამოიყენა კიდევ და ვის ესაუბრა გდდ-ს ხელმძღვანელობა.
რას ნიშნავს, მინისტრს ატყუებს გდდ-ს ხელმძღვანელი პირი – როგორ ატყუებს, თოფებს არ ვიყენებთო – ტელევიზორიც არა აქვს მინისტრს? პირდაპირი ეთერითაც ვერ ხედავდა?
და მოატყუა გდდ-ს უფროსმა – რა უპასუხა გახარიამ – კაი, ხოო?
არ უთხრა, გიყურებ და მატყუებო?
დაწვა და დაიძინა? აბა, დილამდე უყურა რომ ატყუებდნენ? არც თავად გავიდა და არც მოადგილეები გაუშვა?
და გახარიამ რომ თქვა მაგ დროს ჩემ გვერდით ელჩები იყვნენო და მერე ელჩებმა რომ უარჰყვეს, არ ვყოფილვართო – ელჩებს რა უთხრა – კი ხედავთ ტელევიზორში რომ ისვრიან, მაგრამ აგერ მატყუებენ რომ არ ისვრიან და მოდი მოვტყუვდეთო?
ან თავის თავზე რომ აიღო პასუხისმგებლობა – რას ითვალისწინებს ეგ პასუხისმგებლობა, მომატყუეს და მაგიტომ ვერ დაგიცავითო? მომატყუეს და თავი მოვატყუე და მართალი ვარ, იმიტომ რო მომატყუესო?
მოკლედ, ასეა თუ ისე, გინდ ოფიციალური და გინდ არაოფიციალური ინფორმაციით, შს მაშინდელი მინისტრის, მოადგილეების, გდდ-ს ხელმძღვანელის და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება – უბრალოდ, აირჩიონ, რომელი გზით წავლენ – გადატრიალების მცდელობისთვის და დაუმორჩილებლობისთვუს დასჯიან გდდ-ს, თუ აღიარებენ რომ სხვამ გასცა ბრძანება და გახარიამ ხელი დააფარა.
კომენტარები