მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 29 წლის მამაკაცმა 21 ივლისს, ღამით ყოფილი მეუღლე და სიმამრი მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ასევე გასროლით შეეცადა სიდედრის და ყოფილი მეუღლის ძმის მოკვლასაც. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მამაკაცი კი სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მოხდა. გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
„ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები