ანი დვალიშვილი
იმ ფონზე, როცა სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული არეულობაა და პარტია ფსკერზე დაეშვა, თითქოს „ქართული ოცნება“ მყარად გამოიყურება, მაგრამ რეალური სურათი სხვაგვარი გახლავთ. პარტიის შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს და ამის მიზეზი მომავალი არჩევნები გახლავთ. ჰო, სწორედ რომ არჩევნები, რადგან სუს-ში აღარ არის ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც სოსო გოგაშვილი იყო და რომელიც პრაქტიკულად, სათითაოდ ალაგებდა დეპუტატობის კანდიდატებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს წევრების დონემდეც კი ჩადიოდა. ახლა ყველას საკუთარი კანდიდატურის გაყვანა სურს, საკუთარი გუნდის შეკვრა და შესაბამისად, ივანიშვილის კარზე „დანოსებმა“ იმატა. ადრეც დავწერეთ, რომ საპარლამენტო სიის მონახაზის გაკეთება ირაკლი კობახიძეს დაევალა და ისიც აქტიურად მუშაობს, თუმცა სხვებსაც სურთ, რომ მონახაზში ხალხი ჰყავდეთ. სწორედ ამიტომ, მაჟორიტრებმა თვითმმართველობებში მერებისა და საკრებულოების ხელმძღვანელთა მიმართ მიდგომა გაამკაცრეს და ამის მიზეზი გახლდათ გურჯაანის მერის წასვლა – ვერ მოერია მაჟორიტარი და წასვლა აიძულა. გადადგომაზე კიდევ მიდის საუბარი, ოღნდ ამჯერად შიდა ქართლსა და აჭარის რეგიონში. ყველა დეპუტატს სურს, საარჩევნოდ პარტიაში სათქმელი ჰქონდეს, ჩემი სამაჟორიტარო ჰყვავისო, მაგრამ…
ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ უფრო მეტ დროს რომ ატარებს, ვიდრე საქართველოში, თქვენც შეამჩნევდით. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პრემიერი ცდილობს დასავლელი პარტნიორები დაარწმუნოს რეკომენდაციების შესრულებაში და თან მათ მეგობრობას ეფიცება, მაგრამ, როგორც გვუებნებიან, ევროპა-ამერიკას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს – დეკემბერში სტატუსზე, სავარაუდოდ, უარს გვეტყვიან, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთწლიანი ვადა და კიდევ ერთი შანსი გვექნება სტატუსის მისაღებად. აი, ზედ არჩევნების წინ კი, სტატუსის მიღება-არმიღება არჩევნების შედეგებზე გაივლის. ხომ ისედაც ცხადია, ევროპა-ამერიკაში დღევანდელი ხელისუფლება იმ რიტორიკის გამო, რომელიც რუსეთთან მიმართებაში აქვთ, გულზე ბევრს არ ეხატება. სხვაგვარად, გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკოს ევროკავშირმა ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის გამო მაშინ, როცა იგივე ევროკავშირის ქვეყნების კვარტლური ბრუნვა რუსეთთან 2.3 ტრილიონი იყო.
ზოგადად, ხელისუფლებას სხვა პრობლემაც ბევრი აქვს. საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია პენსიების გაზრდა (გაისისთვის), საჯარო მოსამსახურეების ჯამაგირის გაზრდა (ესეც გაისისთვის) და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (ესეც გაისისთვის). ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ნახევარი მილიარდით უნდა გაიზარდოს და ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს. საიდან უნდა ამოიღოს ხელისუფლებამ ეს ფული მაშინ, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაა და უახლოეს მომავალში უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს? სწორია – ხალხის ჯიბიდან.
მაშ ასე – უკვე შემოდგომიდან გაიზრდება მელიორაციის გადასახადი, ანუ ვინმე თუ რამეს აკეთებს, წყალზე გადასახადის გაზრდას უნდა შეეგუოს. დღეის მდგომარეობით, ჰექტარზე 75 ლარია და ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხა თუ არ არის, გაითვალისწინეთ, რომ ფერმერებს 300 და 400 ჰექტარი მიწაც აქვთ, ანუ საბოლოო ჯამში, უზარმაზარი მოსაკრებლის გადახდა უწევთ. მკაცრდება მგზავრთა გადაყვანის სტანდარტები და მძღოლებს არაერთი საბუთის გაკეთება მოპუწევთ, რათა საჭესთან ყოფნის უფლება ჰქონდეთ. მაგალითისთვის, ექსკურსიების სეზონი მოვიდა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ოთხი საბუთის ქონა სჭირდებათ, ოთხივეში ფულია გადასახდელი და რაც მთავარია, ეს საბუთები ყოველ 12 დღეში უნდა განახლდეს. ამის გამო მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ, მაგრამ საქმე მხოლოდ მათში არაა – უნდა კეთილმოეწყოს სადგურები, საიდანაც მძღოლები გადიან, მგზავრებმა მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ კომფორტით მხოლოდ ბიუჯეტი იზრდება და ის, რომ მძღოლებს ყოფა უძვირდებათ, ხალხის კისერზე გადადის.
უცხო ხილი არ არის, მეორადი მანქანების შემოყვანაც და თუ 2024 წლიდან, 2003 წელზე ქვემოთ მანქანების შემოყვანა იკრძალება, უკვე შემოდგომიდან, შეიძლება გაფორმების საფასური ისევ გაიზარდოს და ეს გარემოს დაცვის სახელით გაკეთდეს, ანუ ჰიბრიდულ მანქანებზე მოსაკრებელი იგივე დარჩება, დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე – მოიმატებს. ყველაფრის მიუხედავად, ეს საკმარისი არ იქნება იმ ბიუჯეტისთვის, რომელიც საარჩევნო წელს მმართველ გუნდს ყველა ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. ამიტომ, გუნდის ლიდერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ უნდა გააქტიურდეს ზედამხედველობის სამსახური, ობიექტები უნდა დაჯარიმდნენ და ეს ბიუჯეტში დამატებით 100 მილიონს შეიტანს, თუმცა, თუ ობიექტები დაჯარიმდებიან, ბიზნესის უკმაყოფილება და შესაბამისად, იმ ადამიანების რიცხვი გაიზრდება, რომლებსაც სურვილი არ ექნებათ მმართველ ძალას წინასაარჩევნოდ ფული შესწირონ. არადა, ოფიციალური თანხების ჩარიცხვა აუცილებელია, რათა დიდი შემოწირულობების ფონზე, შავი ფულის ტრიალი „გაპრავდეს“.
რადგან შავი ფული ვახსენეთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ არნახული სახსრების მოძიებას და დახარჯვას აპირებს. „ნაციონალებს“ დასავლური დონორი ორგანიზაციების იმედი აქვთ, რაღა თქმა უნდა, აქვთ კეზერაშვილის იმედიც და პატარ-პატარა პარტიებსაც საკუთარი ფრთის ქვეშ იმიტომ ეპატიჟებიან, მცირე, მაგრამ მაინც მათი ამომრჩეველი მიიმხრონ, სანაცვლოდ კი თანხა გაიღონ და იმ პარტიების თითო ლიდერი გამსვლელ სიაში ჩაწერონ. ზუსტად ისე, როგორც ამ მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე, კახა ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი და სხვები. გაერთიანების წინააღმდეგია „ლელო“, რომელსაც საკუთარი ფინანსების იმედი აქვს, მაგრამ აქედანვე შეიძლება ვთქვათ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი კეზერაშვილს ფინანსებში უბრალოდ ვერ აჯობებს. სამაგიეროდ, „ლელო“ ოპონენტებს პოლიტიკურად აშავებს, აქაოდა, არ გვინდა, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან რამე საერთო გვქონდესო. იგივე „გაშავების“ პოლიტიკა აქვს „ოცნებასაც“ და პარტიების ლიდერები თითქოს ვერ ხვდებიან, რომ ერთ და იგივეს ძახილით, ამომრჩეველი არ ემატებათ და ვისაც ნაციონალები არ მოსწონს, არც მოდევნო არჩევნებზე მოეწონება. აქცენტი იმ ამომრჩეველზე უნდა გაკეთდეს, რომელიც არჩვენებზე უბრალოდ არ დადის. ანუ, გადაუწყვეტელთა კატეგორიაზე კი არა (ისინი ბოლოს მაინც წყვეტენ და მიდიან არჩევნებზე), არამედ მათზე, ვინც არჩევნების დღეს უბრალოდ სახლიდან არ გამოდის და პოლიტიკური ნიჰილიზმი აქვს შეყრილი. ჯერჯერობით არ ჩანს არც იდეა და არც ძალა, რომელიც ამ ხალხს გარეთ გამოიყვანს, არადა, ამ ადამიანთა რიცხვი, საერთო ამომრჩევლების ერთ მესამედზე მეტია და ყველა რომ ერთი კონკრეტული მიმართულებით წავიდეს, საპარლამენტო უმრავლესობას მოუტანენ ნებისმიერ პარტიას.
ცალკე თემაა ე.წ. „ჯენ-ზი“ თაობა, რომელმაც საკუთარი ძალა უკვე ანახა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ამ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, 2024 წლისთვის ამომრჩევლის სტატუსით იქნება. რამდენად მოუნდებათ აქციებზე ხმაურით გამოსულ ფერად თაობას არჩევნებზე მისვლა, სხვა საკითხია, თუმცა ისინი აშკარად დიდ ძალას წარმოადგენენ. არჩევნებზე ისიც ვთქვათ, რომ ციფრული ტექნოლოგიების შემოსვლისა და ელექტრონული არჩევნების ჩატარების გათვალისწინებით, პირველ ჯერზე მაინც, ძალიან ბევრი იქნება გაბათილებულ ბიულეტენთა რაოდენობა. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, სოფლებში, განსაკუთრებით კი ეთნიკური აზერბაიჯანელებით, სომხებით დასახლებულ რეგიონებში, ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, რომ სასურველი ნომერი კი არ უნდა შემოხაზო, არამედ გააფერადო, სხვაგვარად ხმის დამთვლელი აპარატი მას ვერ აღიქვამს.
დასასრულ, ერთი ძალიან, ძალიან საინტერესო გადაწყვეტიულება – ვთქვათ, საკუთარ მიწაზე გააკეთეთ პატარა ტბა, ასე, 10/30-ზე, ანუ დაახლოებით 300 კვადრატული. გაუშვით თევზი და გსურთ, საკუთარ მიწაზე, საკუთარ ტბაში, თავისუფალ დროს თევზჭერით გაერთოთ, მეგობრებს, ნათესავებს ან მეზობლებს გაუმასპინძლდეთ. უკვე შემუშავებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, საკუთარ ტბაზე თევზის დასაჭერად სპეციალური ნებართვის აღება დაგჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულება 2-დან 5 ათას ლარამდე იქნება. ჰო, საკუთარ ტბაში, თქვენს მიერვე გაშვებული თევზის დასაჭერად სახელმწიფო ნებართვა დაგჭირდებათ და ეს ყველაფერი ამ შემოდგომაზე დაჩაქუჩდება.
კომენტარები