ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, რამდენიმე დღე მთელი ქართული პოლიტიკა ოთარ ფარცხალაძის გარშემო ტრიალებდა. თქვენ რა დაგანახათ ამ ფაქტმა?
– სახელმწიფოსთვის ეს კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი ფაქტია, როდესაც ვლინდება, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა პიროვნება, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ჯაშუშობას აბრალებს. სხვა ქვეყნის სასარგებლოდ როდესაც მუშაობს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ ვერ იმუშავებს. აქედან გამონდინარე, გარკვეულწილად ეს უკვე შემაშფოთებელია, რადგან გენპროკურორის თანამდებობა ძალიან მაღალი პოსტია. ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არც ამერიკას და არც რუსეთს, არც სხვა რომელმე ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს, სხვა ქვეყნის ინტერესები არ უნდა გაატაროს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ამას მოჰყვა თანმდევი პროცესები, მათ შორის, ეროვნულ ბანკში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეროვნული ბანკი არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს იცავს. რეალურად, არანაირი ეროვნული ბანკი ეგ არ არის, ანტიეროვნული ბანკია, ანტიქართული ინტერესების გამტარებელი და ეროვნული ბანკი ჰქვია. ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ამ ბანკის უმაღლესი ორგანოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გარკვეულწილად, დასავლური ინტერესების მატარებელი და დამცველი აღმოჩნდა. ბანკის ვიცე–პრეზიდენტები რომ ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ, არც ეს იყო კარგი, რადგან ისე ჩანდა, რომ მათ მითითება ერთი ცენტრიდან მიიღეს და ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყვნენ სრულად დამოუკიდებლები. ქვეყანაში გარე მმართველობა სჭარბობს შიდა მმართველობას, ანუ ჩვენი სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ხალხის ინტერესებს ნაკლებად ემსახურებიან, სხვისას კი მეტად. აქადან გამომდინარე, ბანკის ვიცე–პრეზიდენტების დემარში მიანიშნებს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან ხელისუფლებისგან, მაგრამ არა გარე გავლენებისგან. ეროვნული ბანკის მენეჯმენტი დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და არც ეს არის კარგი. ეს და კიდევ ბევრი რამ გამოაჩინა ოთარ ფარხალაძის საქმემ, ბევრი რამის ლუსტრაცია მოხდა და ვფიქრობ, ეს კარგია. უნდა ვიციდეთ, რომ ქვეყანაში ეროვნული, ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება არ გვყავს, ყველა ხელისუფალი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მერე მოვიდა ქვეყნის სათავეში, უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელია და ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ.
–მეც ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართული პოლიტიკოს ელიტაში, რუსეთის და დასავლეთის აგენტები ებრძვიან ერთმანეთს და საქართველოს ეროვნული ინტერესები არც ერთს არ აინტერესებს. თქვენ რას ფიქრობთ?
– მეც მაგას ვამბობ ზუსტად. აგენტებს ასე ხელაღებით ვერ დავუძახებთ, მაგას მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ეს ასეა, ეს ღიად ჩანს სახელისუფლებო თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიდან და ქმედებიდან. ყველა ცდლობს, თავისი პატრონის გული მოიგოს და ამ ინტერესთა ჭიდილში იჭყლიტება ქვეყნის ეროვნული ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი ევროპაში იყო ვიზიტით და დასავლური სახელმწიფოების გული მოიგო, ამ დროს „ქართული ოცნება“ მას დაუპირისპირდა და მანაც კონკრეტული, ანტიდასავლური სახელმწიფოების გული მოიგო ამ ქმედებით. ქართველმა ხალხმა რა მოიგო ამით? არაფერი და მეტიც–მათი კონკლაობით ქვეყანა დაზარალდა. თუ გავყვებით, არც ეკონომიკაში კეთდება ქართული საქმე, ისეთი, რომელიც ქვეყნის, ხალხის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. ეს ძვირი ფული კიდევ, რომელიც ხალხს ცხოვრებას უძვირებს და ამ დროს ეროვნული ბანკი გვეუბნება, რომ ვითომ ინფლაციას ებრძვის, არაფერზე პასუხისმგებელი არ არის, მონეტარული პოლიტიკა არაფერ კავშირში არ არის ინფლაციასთან, უმთავრესად, გარე ფაქტრებზეა დამოკიდებული ინფლაცია. საკვები, სამომხმარებლო პროდუქტი უცხოეთიდან შემოდის, ყველაფერი იმპორტირებულია და თუ გარეთ არ ხდება ფასების მატება, არც აქ უნდა იზრდებოდეს ფასები, მაგრამ მაინც იზრდება. ლარის კურისით მანიპულირება ხდება, ვითომ ინფლანციის შესამცირებლად, მაგრამ ეს ადამიანთა მსყიდველობით უნარიანობას არ ზრდის. არ არიან ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებით, რეალური ეკონომიკური ზრდით დაინტერესებულნი. მხოლოდ ციფრებით მანიპულირება, ერთმანეთთან ციფრებით დაკავშირება და ამის ბრახუნია. იმიტომ არის, რომ ასეთი ხელისუფლების ხელში ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება ვერანაირი წინსვლა, ვერც საგარეო საკითხებში, ვერც ეკონომიკასა და სოციალური კუთხით და ვერც ვერაფერში. ქვეყანას სჭირდება ეროვნულ ინტერესებზე, დემოგრაფიულ პრობლემებზე, ხალხის რეალურ გასაჭირზე, ქართველი ოჯახის გამდიდრებაზე ორიენტირებული ხელისუფლება და ვიდრე ასეთი ხელისუფლება არ გვეყოლება, ჩვენ წინ ვერ წავალთ, ვიქნებით სულ ასე, ყოველთვის გვეყოლება სხვა ქვეყნების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დანიშნული და მათი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც. 30 წელია უკვე ამას ვუყურებთ.
– ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მერე გაცხადდა, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა–საქართველოს და რუსეთისა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ დადასტურდებოდა, რომ ფარცხალაძეს უკანონოდ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა დატოვებული, შეუწყვეტდა. ეს დადასტურდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ შეუწყვიტა მოქალაქეობა ოფიცილურად იმ მოტივით, რომ მან ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხი, როგორც საქართველოს მოქალაქემ ისე უნდა აგოსო. რა შუაშია ადამიანის მოქალაქეობა ქართულ მართლმსაჯულებასთან,როდესაც უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ქართულ ციხეებში და ჩვენი მოქალქეები უცხოეთის ქვეყნებში?
– ეს აბსურდია. რომელმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა დასაჯოს ფარცხალაძე? ქართულმა პროკურატურამ, რომელზეც ფარცხალაძეს დიდი გავლენა აქვს? მისი კადრებით არის დაკომპლექტებული მთელი პროკურატურა და ცხადია, მის წინააღმდეგ საქმეს ეს პროკურატურა ობიექტურად ვერ გამოიძიებს. სალომე ზურაბიშვილმა არც მწვადი დაწვა, არც შამფური, რაღაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილმა ისიც თქვა, ფარცხალაძის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრებაო. რა პასუხისმგებლობა დაეკისრება, რას ამბობს? კარგი იქნებოდა, ჩამოერთმია მოქალაქეობა და ვისი ჯაშუშიც არის, იქნებოდა იმ ქვეყანაში. ერთი იმიტომ უნდა ჩამოერთმიათ მოქალაქეობა ფარცხალაძისთვის, რომ უკანონოდ ჰქონდა დატოვებული საქართველოს მოქალაქეობა და როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ავტომატურად უნდა შეწყვეტოდა. ეს საკითხი პრეზიდენტის განსასჯელი რომ გახდა, მაგაზეც გვეტყობა, რა ქვეყანა ვართ. მერე მეორე, თუ ადამიანი უცხო ქვეყნის ჯაშუშია, მას უნდა ჩამოართვა მოქალაქეობა, მას ქართული პასპორტით გადაადგილების და მოქმედების საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ვინც არ უნდა იყოს, ეს ჯაშუში. ახლა ჯაშუშად გამოცხადებულ და სანქცირებულ ადამიანს უდევს ჯიბეში საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რაც ნორმალური არ მგონია. მე ეგრე ვუყურებ ამ საკითხს.
– საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სალომე ზურაბიშვილის საქმე. საკონსტიტუციო სალომე ზურაბიშვილს გაამტყუნებს, კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულებს და მერე პარლამენტში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება, ეს აუცილებლად მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ, მოახერხებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციიდან იმდენი დეპუტატის ყიდვას, რამდენიც აკლია იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადასაყენებლად?
– საერთოდ, ეგეთი რაღაცეები ყოველთვის შეთანხმების ხარჯზე ხდება. მან ჩვენ სხვა რამეზეც უნდა დავფიქრდეთ. პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის რიგითი პოლიტიკური მოვლენა. აქედან გამომდინარე, ის ოპოზიციონრები, რომლებიც იმპიჩმენტზე ხელს მოაწერენ გარიგებაში იქნებიან ხელისუფლებასთან და ამით დასრულდება მათი ოპოზიციონერობა, მათი პოლიტიკოსობა. თუმცა, ეს არის დროში გაწელილი პროცესი და ძნელია იმის ვარაუდი, როგორ წარიმართება თავად პროცესი და როგორ დასრულდება. ახლა ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ გაცოცხლებაც არა მგონია, „ქართული ოცნების“ გასაძლიერიებლად გადადგმული ნაბიჯი იყოს. გავიხსენოთ, ივანიშვილის ძველი განცხადება, თუ ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს გადაახტება, მაშინ სამოქალაქო სექტორიდან შემოვალ ხელისუფლების კონტროლის მიზნითო. ვფიქრობ, ზუსტად ის პერიოდია, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი „მოქალაქით“ დაუპირისპირდება. ძალიან საინტერესოა, ვინ გაწევრიანდება ამ ორგანიზაციაში. იქ გაწევრიანებული ადამიანების ვინაობა უკვე გაგვცემს პასუხს, თუ რატომ გააცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“. ამას არა მგონია, „ქართული ოცნებისთვის“ დადებითი შედეგი მოჰყვეს.
–„მოქალაქე“ პოლიტიკური პარტია ხომ არ გახდება და მისით „ქართულ ოცნებას“ ხომ არ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილი?
–არა, არ მგონია, „მოქალაქე“ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცეს, იქ, ალბათ, თავს მოიყრიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად გააქტიურდებიან და პირველ ეტაპზე გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ. შემდეგ რა იქნება, ეს ჯერ არ ვიცი. ნიშანდობლივია, რომ 2011 წლის ოქტომბერში გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება, არჩევნებამდე 1 წლით ადრე ახლაც, 1 წლით ადრე გააცოცხლა „მოქალაქე“ და ვფიქრობ, ახლაც ოქტომბერში გააკეთებს განცხადებას. ევროკავშირის პირველი დასკვნები რომ დაიდება საქართველოსთან დაკავშირებით, ალბათ, მაგისთვის ემზადება. რას და როგორ გააკეთებს, გამოჩნდება. ლოგიკა მაგას მკარნახობს.
კომენტარები