ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
საინვესტიციო ოქროს ზოდების დღგ-სგან განთავისუფლება “ქართულ ოცნებას” რატომღაც ახლა გაახსენდა. ამაში არაფერია ცუდი, ბევრ ქვეყანაში ასეა. ეს ივანიშვილის დავალებით მოხდა, რაც სანქციების შიშით არის გამოწვეული. შარშან ივანიშვილმა ეროვნული ბანკიდან 45 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები შეიძინა. როგორც ჩანს, წელსაც აპირებს ამის გაკეთებას. ახლა მის გარემოცვასაც დასჭირდა-სავალუტო ანგარიშების გაყინვის თუ გეშინია, ოქროს ზოდების სარდაფში დამალვა კარგი საშუალებაა მოპარული ფულის დასაბინავებლად, თაგვებიც კი არ ეკარებიან, აი, დოლარები კი შეიძლება დაღრღნან:))მინისტრების სახლების ჩხრეკისას აღმოჩენილმა ოქროს ზოდებმაც მოახდინა ალბათ შთაბეჭდილება.
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ოქროს ყიდვის სტიმულირება და მისი “დასაწყობება” ნიშნავს ქვეყნიდან ვალუტის გატანას და სხვა ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებას, შიდა საინვესტიციო რესურსების გაყინვას და უმოქმედო უცხოურ აქტივებში განთავსებას. ფაქტობრივად ეს დეპოზიტების დოლარიზაციას ნიშნავს, მაგრამ ფინანსურად უარესია. ბანკში შეტანილი დოლარები საკრედიტო რესურსია, ოქრო კი მხოლოდ უძრავი ნივთი. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება სწორია. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, რა ფორმით შეინახოს საკუთარი ფული. ეს ინფლაციისაგან დაცვის საშუალებაც შეიძლება იყოს. ოღონდ აქაც რისკია-ოქრო ისეთივე საქონელია, როგორც ნავთობი, კრიპტოვალუტა, ეროვნული ან უცხოური ფული თუ ხორბალი. დღეს შეიძლება გაძვირდეს, ხვალ გაიაფდეს.ზოგადად, ყველა სახის საქონლის დაბეგვრის რეჟიმი ერთნაირი უნდა იყოს. როცა ხელისუფლება აწესებს შეღავათებს, ამით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ საქონელს, რაც ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ხელოვნურად, უსამართლოდ და არასაბაზრო წესით გადადინებას ერთი სფეროდან მეორეში. ეს სუბსიდირებასაც ეხება. ამით ვიღაც მოხელე განსაზღვრავს, რა უნდა იყოს მომგებიანი და რა პრივილეგირებული.როცა დილით მაღაზიაში მილიონამდე პენსიონერი და ერთი ამდენივე დაბალშემოსავლიანი ადამიანი შედის, იქ იგი მის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების 18 პროცენტს პირდაპირ ტოვებს დღგ-სახით. ოქროს ყიდვისას ეს არ ემუქრება, ოღონდ ოქროს ისინი ვერ იყიდიან.
ამ შემთხვევაში ზოგად, სამართლიან და საბაზრო წესით სწორ სქემაზე ვსაუბრობ. ეს ამ გადაწყვეტილების კრიტიკას არ ნიშნავს, პირიქით, დაგვიანებულიცაა, რადგან როცა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მსგავსი ( არასწორი) წესი მოქმედებს, იძულებული ხარ ანალოგიური აქაც მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალუტის გატანა მოხდება ოქროს შესაძენად. ეს თეორიულად, თორემ ოქროში დაბანდების რესურსები ჩვენთან ბევრს ნამდვილად არ გააჩნია.














კომენტარები