„ალიას“ ესაუბრა ნინო გურჯიძე, 7 წლის დათუნას დედა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ისტორია მოგვეყოლა, რათა სხვებსაც მიეცეთ შანსი, დროულად მიმართონ საჭირო ექიმს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა არ იყოს დაგვიანებული.
ნინო გურჯიძე:
–რამდენიმე თვის წინ, ჩემმა შვილმა სკოლაში ტრავმა მიიღო, წაიქცა კლასელთან ერთად, რომელიც მის ხელზე დაეცა. გატეხილი ჰქონდა იდაყვის ძვალი. მივმართეთ ქუთაისში ერთ–ერთ კლინიკას. სასწრაფოდ საოპერაციო იყო, ამიტომ არ მიფიქრია თბილისში წამოყვანა. ჩაუტარდა ოპერაცია, დასჭირდა ე.წ. რკინის ჩასმა. შემდეგ გავიარეთ რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ ბავშვი ხელს მაინც ვერ ამოძრავებდა.
ნელ–ნელა დაზიანებულმა ხელმა დაიწყო ფერის დაკარგვა, დასუსტება. ჯერ ნეკა თითში დაეკარგა ძალა, შემდეგ არათითში და ასე მიჰყვა მთელი მტევანი. უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევი გახდა განსხვავება ჯანსაღ და ტრავმირებულ კიდურს შორის. ექიმის რეკომენდაციით, კიდევ ერთი თვე დაველოდეთ, რადაგან მისი თქმით, აღნიშნული ჩვენება შესაძლოა, ოპერაციის შემდგომ ხელის ხანგრძლივ ფიქსაციას გამოეწვია.
გავიდა კიდევ ერთი თვე და მდგომარეობა გაუარესდა. ამჯერად, ტრავმატოლოგის ნაცვლად, ნევროლოგს მივმართეთ ისევ ქუთაისში, რომელიც მიხვდა, რომ პრობლემა ბევრად სერიოზული იყო და გამოგვიშვა თბილისში დამატებითი კვლევების ჩასატარებლად. ნეირომიორგაფიის შედეგად, ნეიროფიზიოლოგმა გვითხრა, რომ მარცხენა ხელის ნერვში და კუნთში იმპულსი თითქმის არ ისინჯებოდა და გვირჩია სასწრაფოდ მიგვემართა „ნიუ ჰოსპიტალსში“, ნეიროქირურგ რუდიკო ჯიგანიასთან.
ისე ადამიანურად, თბილად, ყურადღებით მიგვიღო რუდიკო ექიმმა, უკვე გამიჩნდა რწმენა, რომ ჩვენ დახმარებას შეძლებდა, თუმცა, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენად მძიმე იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმავე დღეს გაკეთდა ექოსკოპია ექიმ ლელა ბაინდურაშვილთან, რომელსაც რუდიკო ექიმიც დაესწრო. აღმოჩნდა რომ დაზიანებული იყო ორი ნერვი. მდგომარეობა მართლაც საგანგაშო იყო, ბევრი დრო დავკარგეთ, ორთვენახევარი ველოდით, ე.წ. დაბუჟების გავლას, მაშინ როცა, თურმე, ცოტაც და სრულიად უფუნქციო შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი შვილის ხელი. იმავე დღეს შევავსეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მალევე ჩაინიშნა ოპერაცია. უზომოდ მიხარია, რომ სწორედ რუდიკო ექიმს ვანდე ჩემი შვილის ჯანმრთელობა. მგონია, სწორედ უფალმა მიმიყვანა რუდიკომდე, ცხადია იმ ორი ექიმის დახმარებით, რომლებმაც არ გაგვაჩერეს კიდევ უაზრო მიზეზებით, არ დაგვინიშნეს მკურნალობა, რომელიც დაგვიმძიმებდა მდგომარეობას და მიმასწავლეს „ნიუ ჰოსპიტალსი“.
ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, მდგომარეობის შესაფასებლად ჩამოვედით „ნიუ ჰოსპიტალსში“. ექოსკოპიის გაკეთებისას, ლელა ექიმმა, რომელიც კვლევას ატარებდა, ძალიან აღელდა – ნუთუ ეს ის ბავშვია, რომელსაც ერთი თვის წინ ჩავუტარე კვლევაო? პრაქტიკულად ნულის ტოლი ყოფილა კიდურის გადარჩენის შანსი. სწორედ მაშინ გავიაზრე, რამდენად რთული იყო ჩვენი მდგომარეობა და რა სასწაულია, რომ ჩემ შვილს ხელი შეუნარჩუნდა. ახლა უკვე ამოძრავებს თითებს, შლის ხელს, კუნთმა დაიწყო გაზრდა და კიდურმა დაიბრუნა ბუნებრივი ფერი.
მართლა არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შემიძლია გამოვხატო ჩემი მადლიერება. მადლობა, რომ ჩემი ისტორიის გაზიარების საშუალებას მაძლევთ. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი წაიკითხავს და გაფრთხილდება, რადგან ნერვის დაზიანების აღსადგენად დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დათუნა ჯერ კი პატარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ ვერ მიხვდეს, რას გადაარჩინა რუდიკო ექიმმა და ისე უყვარს, იმდენად ხშირად ახსენებს, რომ ვიცი, არასოდეს დაავიწყდება, რომ მისი წყალობით ცხოვრებას სრულფასოვნად გააგრძელებს.
ჰოსპიტალსაც ძალიან დიდი მადლობა, არც ერთ კლინიკაში არ მიგრძვნია ასეთი ყურადღება. ექთანი, ექიმი თუ სანიტარი, ნებისმიერი თანამშრომელი, ყველასგან გრძნობ თანადგომას, ყურადღებას, პროფესიონალიზმს.
“ალია“ დაუკავშირდა “ნიუ ჰოსპიტალსის” ნეიროქირურგ, რუდიკო ჯიგანიას:
–პაციენტმა მომმართა ჩემი კოლეგის რეკომენდაციით ნეირომიოგარფიული კვლევის შემდეგ . დაინახა თუ არა ნერვის დაზიანება, მყისიერად იმოქმედა. ასევე მოხდა ნევროლოგის შემთხვევაშიც ქუთაისში, რომელმაც სწორი მიმართულება მისცა პაციენტს და დიდი მადლობას ვუხდი, რომ სწორად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არ იყო მარტივი – კლინიკურად უკვე ჩანდა შუათანა და იდაყვის ნერვის დაზიანება, კუნთები იყო ატროფირებული, ხელის, თითების მოძრაობა- შეზღუდული. ულტარსაონოგრაფია ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში, რადილოგმა ლელა ბაინდურაშვილმა ჩემი ეჭვები უკვე კვლევით დაადასტურა და დადგინდა, რომ სასწრაფოდ იყო ორი ოპერაცია ჩასატარებელი, ერთდროულად – შუათანა ნერვის ნევროლიზი და დეკომპრესია, ხოლო იდაყვის ნერვის დეკომპრესია, ნევროლიზი და ტრანსპოზიცია.
– რამდენად რთული ოპერაცია ჩატარდა ?
–რა თქმა უნდა, ოპერაცია იყო რთული, მითუმეტეს როდესაც ორი მანიპულაცია ერთდროულად ტარდება, ამასთან, ჩემთვის ორმაგად სენსიტიურია, როდესაც პაციენტი ბავშვია. გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოგვმართეს, არ ვიცოდი რა მდგომარეობა დამხვდებოდა ოპერაციისას და ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ერთი თვის შემდეგ გაუმჯობესება უკვე სახეზეა.
– ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ტრავმების შემდეგ, ნერვის დაზიანება გამოეპარა რიგ ექიმს, ზოგის მკურნალობა დაგვიანებულა კიდეც. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საჭიროა ნეიროქირურგთან კონსულტაცია?
– ტრავმიდან ერთი თვის შემდეგ, თუ პაციენტს ტრავმირებულ კიდურში დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა, კიდურის მოძრაობა შეზღუდულია, კუნთი იწყებს განლევას, იცვლის ფერს, განსხვავდება მეორე, ჯანსაღი კიდურისგან – ეს უკვე განგაშის საფუძველია და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ორგანიზმი თავად გვახვედრებს, როდის არის საჭირო რეაგირება. დათუნას კი ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ.
„რუდიკო ექიმმა ხეიბრობას გადამარჩინა და ოცნებების ასრულების შანსი მომცა“
კომენტარები