ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.
მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.
ლანჩხუთში მეწყრული პროცესების შედეგად, ათამდე სახლი გარესამყაროს მოწყდა.
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
„უმძიმესი სურათია. მეწყრის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია ათამდე სახლი. მობილიზებულია ტექნიკა და ვცდილობთ, უმოკლეს დროში განვახორციელოთ შესაბამისი სამუშაოები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოჩხათში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიის და აჭარის რეგიონებში სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში სამ პირს ეძებენ. მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
კომენტარები