ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში თითო-ოროლა სამხედროს გაგზავნის შესახებ ღლიცინზე:
ცხადია არავინ აპირებს ამერიკასთან ომს და რომც დააპირონ რა აზრი აქვს? ევროპელებს სამხედროები სამხედრო მისიისთვის არ გაუგზავნიათ გრენლანდიაში. სამხედრო ბრიგადებით ამერიკელებს ვერ დააკავებ. მესიჯი არის პოლიტიკური და სამხედროთა რაოდენობა იმიტომ არის ასე მცირე, რომ მესიჯი ვაშინგტონში აღიქვან პოლიტიკურად და არა სამხედრო კუთხით.
კერძოდ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, ფინეთმა და ბრიტანეთმა გააგზავნეს მესიჯი, რომ პატარა დანია მარტო არ არის და რომ მასზე გადავლა მხოლოდ მასზე გადავლას არ ნიშნავს. ამერიკის მხრიდან მტრული სამხედრო დესანტის გადასხმა ქვეყანაში, რომელსაც ზემოხსენებული ქვეყნები იცავენ თუნდაც თითო ჯარისკაცით, ნიშნავს ამ ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას.
თუ ტრამპმა ეს მაინც ჩაიდინა, მოკავშირეთა ორმოციოდე კაცი იქ ომს არ დაიწყებს, მაგრამ სხვაგან და სხვანაირად ატკენენ ამერიკას, რასაც ამერიკისთვის მძიმე ფასი ექნება ჩინეთთან გლობალურ დაპირისპირებაში.
არაფერი საღლიცინო არ არის, თუ პოლიტიკურად შეხედავ საკითხს და არა სამხედრო თვალსაზრისით.
სხვათაშორის, მსგავსი ვითარება საქართველოსთან მიმართებითაც იყო 1920 წელს, როდესაც ბრიტანელთა ერთი ბრიგადა იდგა ბათუმში. ეს ბრიგადა ბოლშევიკების არმიას ვერ შეაჩერებდა და საერთოდ შეხებაშიც ვერ მოვიდოდა ჩრდილოეთიდან თბილისისკენ დაძრულ წითელ არმიასთან, მაგრამ 1920 წელსვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე. იმის გამო, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში იყო, ლენინს ჰაერივით სჭირდებოდა ეს ხელშეკრულება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერნი ბრიტანულ პოლიტიკაში – საგარეო მინისტრი კერზონი და ამიერკავკასიაში უმაღლესი კომისარი უორდროპი – თავგამოდებით იბრძოდნენ ამ ერთი ბრიტანული ბრიგადის დასატოვებლად ბათუმში.წითელი არმიის შემოჭრის შემთხვევაში, ეს ბრიგადა ევაკუაციას გააკეთებდა ბათუმიდან, მაგრამ იმის გამო რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში, სადაც ბრიტანული ჯარი იდგა (თუნდაც მცირე ოდენობით), სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები შეწყდებოდა ან საერთოდ ჩაიშლებოდა.
ჩვენი მომხრეები ასე ცდილობდნენ რუსეთისთვის ფასის გაზრდას საქართველოში შესაჭრელად. ეს არის ძალიან ნორმალური, გასაგები პოლიტიკური ნაბიჯი.
სამწუხაროდ, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენი მომხრეები დამარცხდნენ და 1920 წლის 7 ივლისს ბრიტანული ჯარები გავიდნენ ბათუმიდან, რასაც დიდი სიხარულით შეხვდნენ რუსები და აქედან შვიდ თვეში საქართველოს ოკუპაციაც დაიწყეს.














კომენტარები