ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, სახალხო დამცველს პენიტენციურმა სამსახურმა უარი უთხრა, იმ ჩანაწერების გადაცემაზე, როდესაც სოსო გოგაშვილის მტკიცებით, ის ოთხჯერ გაიყანეს საკნიდან საშხაპეში, საიდანაც, მისი მტკიცებით, ტელეფონით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაალაპარაკეს. 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით კამერები მწყობრიდან იყო გამოსული, არ მუშაობდაო, აცხადებს პენიტენციალური სამსახური. ფაქტიურად, ეს უკვე ხელისუფლებისგან იმის აღიარებაა, რასაც გოგაშვილი ამბობს?
– ადრე, ვანო მერაბიშვილი რომ გამოიყვანეს საკნიდან და მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს, გეხსომებათ. მაშინაც განაცხადეს, რომ არ მუშაობდა კამერებიო და ამის გამო, ეს ფაქტი ვერ დადასტურდა. პირდაპირ ჩანს, რომ ყველანაირი კანონი ირღვევა ამ დაწესებულებაში და საკუთარ ციხესავით აქვთ, როგორც უნდათ, ისე იქცევიან. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი – სასამართლო, პროკურატურა, სასჯელაღსრულებითი და პენიტენციური დაწესებულება, ყველაფერი საკუთარ თავზე აქვთ მორგებული. აქედან გამომდინარე, რეალურად, პატიმარი მათ ხელში არის მძევალი, ის დანაშაულის გამო კი არ არის ციხეში, პირადი ანგარიშსწორებისთვის ჰყავთ გამომწყვდეული, სოსო გოგაშვილიც და სხვებიც იქნებიან, ცხადია. როდესაც უნდათ, გამორთავენ კამერებს, როდესაც უნდათ – ჩართავენ. მოგეხსენებათ, რომ კამერები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იმიტომ არის, რომ ყველაფერი უნდა იწერებოდეს. თუ გაითიშა და მწყობრიდან გამოვიდა, შიდა გამოძიება უნდა დაიწყოს. უნდა დადგეს იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც კამერების მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი. 5 და 10 წუთი შეიძლება გაითიშოს კამერა, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, გაფუჭდეს, მაგრამ სასწრაფოდ უნდა ჩართო, შეაკეთო და გამოცვალო. რას ჰქვია, 8 დღე კამერები არ მუშაობდა? იქნებ იმ პერიმეტრზე, სადაც იმ დღეებში გათიშული იყო კამერები, პატიმარი პატიმარს კლავს, პატიმარი ბადრაგს კლავს ან ციხიდან გარბიან პატიმრები? არ უნდა აღკვეთო ეს დანაშაულებები და თუ ვერ აღკვეთ, მერე დამნაშავენი არ უნდა დასაჯო? კამერების ჩანაწერების მიხედვით, არ უნდა ამოიცნო და არ უნდა დასაჯო დამნაშავენი? თუ კამერები არ მუშაობს, ვერც დანაშაულს აღკვეთ და ვერც ვერავის დასჯი. როდესაც რაიმე დანაშაულის დაფარვა უნდათ, მაშინ გარე კამერებიც არ მუშაობს. უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა ამ კამერების გათიშვა. როდესაც უნდა გამორთავენ, როდესაც უნდა ჩართავენ თუ დააზიანებენ. ასეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, უკვე ამხელს ამ სისტემურ დანაშაულს და ყველა იმ ბრალდებას, რაც გოგაშვილის მხრიდან იქნა გაჟღერებული ხელისუფლებისა და მისი ცალკეული პერსონების მიმართ. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ეს დანაშაულებები მათ მიერ არის ჩადენილი, რომ გოგაშვილი ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობს ესენი ძალიან არიან შეშინებულები. იმას დავამატებ, რომ ველი, გოგაშვილი მაინც არ გაჩერდება და ამათ კიდევ ბევრ სიბინძურეს გადმოალაგებს, რაც ერთად გაუკეთებიათ.
– გოგაშვილი მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს, თუმცა, ამის გარეშეც თავისთავად იმ ნაწილშიც მართალი გამოდის სოსო გოგაშვილი, როდესაც განაცხადა, რომ საშხაპეში გაიყვანეს, ვახტან გომელაურს ტელეფონით დაალაპარაკეს, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენ რომ გეტყვით, ამიერიდან ისეთი ჩვენებები უნდა მისცე გამოძიებას და ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ უნდა ახსენოო, არა?
– კი, ეგრე გამოდის, იმ ჩანაწერებს ან უნდა დაედასტურებინათ, რომ გოგაშვილი ტყუოდა თუ მართალს ამბობდა. წაიყვანეს საშხაპეში, იქ ტელეფონი დაახვედრეს, დაურეკეს და დაელაპარაკა თუ არა ვინმეს, თუ არა. ახლა გვაქვს გომელაურის, გოგაშვილის ყოფილი უფროსის სიტყვა გოგაშვილის წინააღმდეგ, იმ ხელისუფლების მინისტრის სიტყვა, რომელსაც გოგაშვილი პრობლემებს უქმნიდა, სხვა და სხვა დანაშაულებში ამხელს და მათ შორის, თავად გომალაურსაც. ცხადია, გოგაშვილის სიტყვაა ამ შემთხვევაში უფრო სანდო. გომელაური საზოგადოების მხრიდან არაერთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ვახტან გომელაურისგან ეს არ არის გასაკვირი. არც ერთ უწყებაში, სადაც უფროსი იყო, საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკა არ გაუტარებია, ყველგან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებდა და მის პოლიტიკას ატარებდა. ეს ამბავი, ვის უნდა გაუკვირდეს? ვფიქრობ, დრო მოვა და ყველაფერს ფარდა აეხდება, მუდმივად ვერავინ დარჩება ხელისუფლებაში. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ასეთი ბინძური დავალებები შემსრულებლები, ჩვენ უკვე ვნახეთ წინა ხელისუფლების დროს. იმათზე თავდაჯერებულები ესენი ნამდვილად არ არიან. სად არიან იმ ხელისუფლების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები? ზოგი უცხოეთში გაექცა სასჯელს, ზოგმა მოიხადა სასჯელი ციხეში და ზოგი ისევ ციხეშია. ხელისუფლების კერძო ინტერესებისთვის და ბოროტად გამოყენება, ბოლოს ყოველთვის ასე სრულდება. სხვა ქვეყნების მაგალითებიც რომ მივიყვნოთ, იქაც ასეა. არც ამათ შერჩებათ და მოვა დრო, ყველაფერზე აგებენ პასუხს.
კომენტარები