საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ და რა ფორმით გავრცელდება საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურებაზე.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვის, ღია ცის ქვეშ ჩატარდეს, თუმცა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხი განხილვის ეტაპზეა და საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გამოცხადდება.
დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა გუშინ თქვა, რომ საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
მანამდე, საგანგებო ბრიფინგზე, როცა პრემიერ-მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა, განაცხადა, რომ მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე ფასეული ადამიანის სიცოცხლეა.
„როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ – თქვა გახარიამ.
კომენტარები