პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
პირველი ლექსი, რომელიც პატარა ბავშვს იმერული წარმოშობის ოჯახში მასწავლეს, გახლდათ ერთსტროფიანი ხალხური პოეტური ნიმუში ერეკლე მეფის შესახებ… ყველამ ზეპირად ვიცით პატარა კახის ამბავი, რომელმაც ხელის ერთი მოქნევით გაგლიჯა ჯაჭვის პერანგი.
მაშინ პირველად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ერეკლე მეფე და დღემდე დიდი სიყვარული, პატივისცემა მაკავშირებს ჩვენი ისტორიის გამორჩეულ ფიგურასთან.ერეკლეს ცხოვრებაზე დაკვირვებისას ჩემს აღფრთოვანებას ორი რამ იწვევს:უპირველეს ყოვლისა, მანცვიფრებს “პატარა კახის” სიმამაცე და თავგანწირვა, მისი უშიშარობა … 16 წლისაც არ იყო, როცა ინდოეთამდე მივიდა ბრძოლით, უკან არ დაუხევია არცერთი საფრთხის წინაშე. ინდოეთის ოდისეის შემდეგ გველისპირული (ეს სიტყვა მიყვარს) არ ჩაუგია ქარქაშიში, საკუთარ მცველებსა და მხედართმთავრებს ასწრებდა ველზე შევარდნასა და მტრის წინააღმდეგ გალაშქრებას, საფლავში დაჩეხილი და დაგლეჯილი ჩავიდა, ერთხელ არ ამოფარებია თუთის ხესაც კი… შიშისგან ასეთი გათავისუფლება მხოლოდ ღმერთის უპირობო რწმენას შეუძლია, მეტს არაფერს !ჩემს (რესპუბლიკის მომხრე სოციალისტის) სიყვარულს მეფის მიმართ ასევე განაპირობებს მისი უბრალოება. მახსოვს, პირველად რომ ვნახე ერეკლეს რეზიდენცია თელავში, გაოცებული ვიყავი… არაგვისპირში ბებიაჩემის მეზობელს უფრო დიდი სახლი ჰქონდა, ვიდრე მეფე ერეკლეს. იმ ოთახის მოკრძალებულობაზე აღარფერს ვამბობ, რომელშიც დაიბადა და გარდაიცვალა. განა ვერ შეძლებდა ოდნავ უკეთესი, უფრო მდიდრული და მშვენიერი სასახლის მოწყობას? შეძლებდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირად ინტერესს უფრო წინ დააყენებდა, ვიდრე საერთოს… შეძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევდა, რომ მისი პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 1744 წელს, ასწლიანი პაუზის შემდეგ ქრისტიან მეფეთა კურთხევის ნიშნად ზარების აგუგუნება ქართლშიც და კახეთშიც…ღმერთო მომკალი და გამაგებინე, რა საერთო აქვს თავგანწირულ, უშიშარ, უბრალო მეფეს ადამიანთან, რომელიც დაჯავშნილი “დუშკაბინიდან” არ გამოდის და რომლისთვისაც უბრალოება ხელმოცარულობის ნიშანია, ერეკლეს სასახლე კი, ალბათ, სასაცილოდაც არ ყოფნის.
P.S. თაფლშემშრალი მუმიების ხრიალსა და ბოროტი დედაბრების გმინვას უკვე უპასუხა სულმნათმა ზურაბ კიკნაძემ.
კომენტარები