ჟურნალისტი, კოკი იონათამიშვილი:
“გერმანიას ძალიან გაუმართლა რომ მისი ლიდერი დღეს ოლაფ შოლცია. გაუმართლა უკრაინას, გაუმართლა საქართველოსაც.
უკრაინას გერმანიის გარდა მძიმე ტანკებს მიაწვდიან ამერიკელებიც. სწორედ ეს იყო შოლცის ხედვა, რომ ასეთი შეიარაღების მიწოდება განხორციელებულიყო კოალიციურ რეჟიმში, რაც უკრაინის დახმარებას უფრო მასშტაბურს გახდის, ხოლო გერმანიას შესაძლო პოლიტიკურ რყევებისგან დაიცავს. ეს მან მკაფიოდ აღნიშნა სულ ახლახანს დავოსის კონფერენციაზე, მიუხედავად ამისა სრულიად დაუმსახურებლად გახდა მასობრივი საერთაშორისო ბულინგის მსხვერპლი (ეჰ ანგელა, ანგელა…). ბევრმა ჰალსტუხიანმა „დარგის სპეციალისტმა“ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენა გერმანიის პოზიციონირება უკრაინისადმი დახმარების თვალსაზრისით და ეს მაშინ, როდესაც უკრაინისადმი გერმანიის დახმარების სრული პაკეტი ყველაზე მაღალია აშშ-ს შემდეგ და ყველაზე გამორჩეული იქნება უკრაინის გამარჯვების შემდეგაც. მთავარი კი ისაა, რომ ბრიტანეთმა, გერმანიამ და აშშ-მა მძიმე ტანკების მიწოდებით დიდი ნაბიჯი გადადგეს უკრაინის სანუკვარი გამარჯვების მოახლოებისთვის.
იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს შვეიცარიის ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ. სწორედ ამ სტატუსის გამო შარშან შვეიცარიამ უარი განაცხადა გერმანიის ორ მიმართვაზე – მიეწოდებინა უკრაინისთვის საბრძოლო მასალა, რადგან შვეიცარია სტატუსის შესაბამისად, არ აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელიც ომშია ჩართული. საქმე კი იმაშია რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა რამდენიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი „გეპარდი“, შვეიცარია კი „გეპარდისთვის“ აუცილებელ საბრძოლო მასალას (ჭურვებს) ამზადებს. უკრაინა თავის მხრივ განიცდის ამ საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს. გარდა ამისა, დანია და ესპანეთიც გეგმავს გერმანული „გეპარდების“ უკრაინისთვის მიწოდებას, თუმცა ამ პირობებში (ჭურვების დეფიციტში) ასეთ გეგმას აზრიც კი ეკარგება. გერმანიამ შვეიცარიასთან მიმართვის დროს ყურადღება გაამახვილა, იმ გარემოებაზე, რომ უკრაინა თავდაცვით ომშია, შემდეგ კი აღნიშნა, რომ თუ შვეიცარია უარს იტყვის უკრაინას შეიარაღებაზე, მაშინ ის (გერმანია) გადახედავს შვეიცარიასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხს. დღეს შვეიცარიელი პოლიტიკოსები ახლოს არიან ისტორიულ გადაწყვეტილებასთან, რომ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის უსაფრთხოების გამტკიცებაში და მიაწოდონ უკრაინას მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალა. ამისთვის მათ, ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანას განსაკუთრებული მადლობა, თუმცა გერმანიის პოზიტიური როლი ამ საკითხში ასევე ცალსახაა.”
კომენტარები