კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია განიხილავს ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს, თუ ქვეყანა განაგრძობს ბლოკის საერთო პოლიტიკიდან გადახვევას. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც მერცმა აღნიშნა, კანონის უზენაესობის დამრღვევ წევრ სახელმწიფოებს შეიძლება სამართალდარღვევის პროცედურები დაეკისროთ და “ყოველთვის არსებობს მათგან ევროპული დაფინანსების ამოღების ვარიანტი”. მისივე თქმით, “თუ ეს აუცილებელია, მაშინ ჩვენ ამას მივხედავთ”. გამოცემა წერს, რომ სლოვაკეთი ბრიუსელში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობამ ევროკავშირის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკა აირჩია და უფრო მეტად დაუახლოვდა ვიქტორ ორბანს. ფიცომ ასევე გააკეთა ანტიუკრაინული განცხადებები და მოსკოვში პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით კრიტიკა დაიმსახურა.
“თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ კონფლიქტის თავიდან აცილებას უნგრეთთან და სლოვაკეთთან. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს უფრო მკაფიო სიტყვები და შესაძლოა უფრო რთული კონფლიქტებიც”, – თქვა მერცმა.
კომენტარები