სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება:
ტემპერატურა 38,8 ან მეტი
და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:
ხველა,
ყელის ტკივილი,
თავის ტკივილი,
გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა,
კუნთების, სახსრების ტკივილი
და დიარეა, ასევე პაციენტი რომელიმე რისკჯგუფს, თუ განეკუთვნება, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია აღნიშნული.
დანართის თანახმად, რისკჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით:
65 წელი და ზემოთ;
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი ორი კვირა;
თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
ასევე, თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა.
თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.
გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა.
დანართში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.
კომენტარები