ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს რუსეთზე დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ პირთა სიიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამოიღეს.
მართალია ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში სანქციების მეექვსე პაკეტის მიმართ ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს, თუმცა სამართლებრივი ტექსტი წევრი ქვეყნების ელჩების დონეზეც უნდა დამტკიცებულიყო.
მეექვსე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრებმა უნგრეთის პოზიციის გამო უკვე მოუწიათ დათმობაზე წასვლა და რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო არ დააწესეს. უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი თვლის, რომ სრული ემბარგო მის ქვეყანას აზარალებს.
დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა.
ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.
კომენტარები