• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეიდა ივდით, შეძრწუნებული, შეშფოთებული, გულნატკენი ვარ თქვენი ერთი ფრაზის გამო” – ლევან ლორთქიფანიძის წერილი ივდით კუხიანიძეს

ალია ავტორი - ალია
14:49 06-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ივდით კუხიანიძეს პასუხობს და წერს:

ძვირფასო ქ-ნო ივდით,
გავეცანი სტატუსს, რომლის ერთ-ერთი ადრესატი მეც გახლდით. დიდი მადლობა გულწრფელი სიტყვებისა და კეთილშობილური განზრახვისთვის. განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენ მიმართ.
ჩემს ამგვარ გრძნობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს.
უპირველეს ყოვილისა, თქვენ ჩემთვის გამორჩეული პატრიოტისა და ამ ქვეყნის ღირსეული შვილის – იოსებ ირემაშვილის შთამომავალი ბრძანდებით. როდესაც ჩემი სტუდენტებისთვის სიტყვა „ღირსების“ ახსნა მინდა, ხშირად ვიხსენებ საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მიერ მეტეხის ციხეში გამოჩენილ არაჩვეულებრივ სიმამაცეს. მას შუბლზე ჩეკისტის რევოლვერი ჰქონდა მიბჯენილი, მოძალადე მისგან ციხის ეზოს დატოვებას მოითხოვდა, იოსები კი არ შეუშინდა სიკვდილს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელდახელოდ შეკრებილ ორკესტრთან ერთად მაინც შეასრულა რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. მგონი, ტყვეობაში შესრულებული თავისუფლების სიმღერის ხმა ხანდახან ჩამესმის კიდეც.
არ მავიწყდება თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი ენგელისის ქუჩის მაცხოვრებელთა შესახებ. სოსოსთან დაპირისპირებული სოსოს ქალიშვილს, ყოველდღე შუაში გახვრეტილ პურს რომ ჰკიდებდნენ თოკით კისერზე, რათა რეპრესირებული მამისა და დასუსტებული დედის გოგო შიმშილისა და გარიყულობისგან გადაერჩინათ.
გარდა ამისა, თქვენ ჩვემთვის ძველ ვაკესთან ასოცირდებით. ძველი, ნამდვილი ვაკე, “ახალი ქართველების“ თავდასხმებისგან წაუბილწავი უბანი იყო, სადაც ჩემი ბებია და ბაბუა, მამა და ბიძა, ჩემი ნათლიები თქვენთან ერთად ცხოვრობდნენ და ბედნიერნი იყვნენ უბრალო ცხოვრებით, ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი უანგარო სიკეთით.
არაჩვეულებრივი სიხარული მიპყრობს ხოლმე თქვენი ჩანახატების წაკითხვისას. ვგრძნობ, რომ თქვენი ნაწერების სამყაროში, სადღაც ახლოს ბებიაჩემიც შეიძლება ვიპოვო, ეროსი მანჯგალაძე რომ მიაცილებს ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ბაბუასაც ვხედავ მამაჩემისა და თქვენი საერთო მასწავლებლის, „პეშკას“ საყვედურებს რომ ისმენს ხულიგანი შვილების გამო. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ,,საკნატუნო ანტიდეპრესანტების“ გადაშლისას „ფრანციაში“ გამომცხვარი ნუშის ნამცხვრის სურნელიც კი მცემს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში მიწასთან მოასწორეს მთელი თბილისისთვის სანატრელი საკონდიტრო, ჯადოსნური შეხვედრების ადგილი.
მხოლოდ ტანჯული სოციალ-დემოკრატის ანტისტალინური საქმიანობისა და ძველი ვაკისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის, ჩემი ოჯახისთვის ახლობელი სურათების გაცოცხლების გამო არ მეძვიფრასებით. ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მშობლიურია ის ელვარება, რომლითაც თქვენ სულ მცირე თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის თაობაზე საუბრობთ ხოლმე. ცხადია, ქართული მწერლობის შესახებ თქვენი რანგის ცოდნა, არ მაქვს, მაგრამ, გავკადნიერდები და ხმადაბლა გეტყვით – მგონი, ჩვენი სიყვარული ქართული სიტყვისადმი მსგავსია, „ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი…“))))). მჯერა, ერთი საგნის სიყვარული ადამიანებს შორის ნათესაობას წარმოქმნის…
მაპატიეთ, გამიგრძელდა, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ სიტყვების თქმა. ახლა საქმეზე გადავიდეთ.
ცხადია, უპირობოდ ვიზიარებ თქვენს პატარა წერილში გამოთქმულ მთავარ მოსაზრებას.
დიახ, საქართველო უიარაღო სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრობს, ერი გახლეჩილია, დაძაბულობა პიკს აღწევს, პატარა ნაპერწკალს შეუძლია დენთის კასრად ქცეული საზოგადოება მძვინვარე ხანძრად გარდაქმნას.
ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ დროს ყველაზე რაინდული ნაბიჯი დიალოგში მონაწილეობა და კომპრომისისთვის მზადყოფნა იქნებოდა.
ქ-ნო ივდით, ამ დაწყევლილი კანონის ხელმეორედ ინიცირების მომენტიდან ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო საპარლამენტო განხილვებში, „კავკასიურ სახლში“ მომეწვია ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსები თუ ანალიტიკოსები. თითოეულ მათგანს ვთავაზობდი დისკუსიისთვის სრულიად თანასწორ, მშვიდ გარემოს, სადაც მხარეები შეძლებდნენ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას ურთიერთშეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე.
ჩემი ყველა მცდელობა საშინელი იმედგაცრუებით დასრულდა. სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებმა წიხლი ჰკრეს ჩვენს ყველა წინადადებას, გაუჩინარდნენ, უპასუხოდ დატოვეს შემოთავაზებები. თავიანთი მოულოდნელი გულგრილობითა და დიალოგის უარყოფით, მათ მაგრძნობინეს, რომ აპირებენ კანონის მიღებას ჩვენ შესახებ, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ჩვენთან მსჯელობის გარეშე.
ეს უპატიოსნო, უსამართლო საქციელია („სანამ სატევარს დამკრავდი, სახელი მაინც გეკითხა“).
სხვათაშორის, თქვენი და ჩემი საერთო ნაცნობის – „უცნობის“ პროდუსერსაც მივწერე, მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლებს ნუ ელაპარაკებით, მომეცით საშუალება ჩემი სიმართლეც დავიცვა-მეთქი. დამპირდნენ ამ შესაძლებლობას, მას შემდეგ ორი თვე გავიდა და უარიც კი არ მოუწერიათ, ამის ღირსადაც არ ჩამთვალეს.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ბრაზი ციდან არ მოდის, როდესაც კარგი ნაცნობები უბრალო საუბრზეც უარს გეუბნებიან და პირდაპირ ცდილობენ ხელები გადაგიგრიხონ, მაშინ შეუძლებელია აბსოლუტურად მშვიდად უყურებდე ატეხილ ქარიშხალს.
ძვირფასო დეიდა ივდით (ნება მიბოძეთ, ხანდახან ასე მოგიხსენიოთ), მაპატიეთ, არ ვწუწუნებ, არც ამპარტავნება მალაპარაკებს. პატიოსნად ვშრომობ და ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვემსახურები ჩვენს სახელმწიფოს. ამ სიტყვების თქმა შემიძლია თამამად, წარბშეუხრელად… დაწყვევლილი კანონის გამო კი „აგენტისა“ და „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლის იარლიყი უნდა მომაკერონ მეც და ასობით წესიერ ადამიანსაც. ეს დაუშვებელია, შეურაცხმყოფელია, დამამცირებელია…
არ იფიქროთ, რომ პოლიტიკური საკითხებისა და კანონის დეტალების განხილვა განვიზრახე, ან „ენჯეოშნიკების“ ცოდვებს არ ვიცნობ, უბრალოდ, მინოდადა ჩემი განცდები გამეზიარებინა თქვენთვის. ამიტომ აქ გავჩერდები და თქვენი ნებართვით, ერთ-ორ სიტყვას გეტყვით იმის შესახებ, თუ რას არ ვეთანხმები თქვენს წერილში:

შეძრწუნებული, შეშფოთებული, გულნატკენი ვარ თქვენი ერთი ფრაზის გამო: „… ახალო თაობავ,” სისხლი გიფუისთ”, ახლებურად ჭრით და კერავთ, სამწუხაროდ, სხვა სამშობლოც გაქვთ, სადაც კომფორტი გეგულებათ და იქითკენ მიისწრაფით!“.

არ ხართ მართალი! მწარედ ცდებით!

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ერთი დედა მყავს, ერთი მამა, ერთი სამშობლო და ორი და . მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. შეიძლება ასეთი ფენომენიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის ეს სრულიად უცხო და წარმოუდგენელი მოვლენაა.
ქ-ნო ივდით, თქვენ მსგავსად მეც ცხოვრება მხოლოდ საქართველოში წარმომიდგენია. ერთი-ორი არც თუ ისე ურიგო შემოთავაზებაც მქონდა, შემეძლო სხვაგან მეცხოვრა, თავიდან გამიძნელდებოდა, მაგრამ შემდეგ შესანიშნავი კარიერის აწყობის შანსიც გამიჩნდებოდა… თუმცა, როგორც მხედავთ, მე აქ ვარ, თქვენ გვერდით ვცხოვრობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ეს გმირობად სულ არ მიმაჩნია, უბრალოდ, ზედმეტად მიჯაჭვული ვარ მშობლიურ სივრცეზე, ასე გამზარდეს. სიტყვაზე ნუ მენდობით, ლოლაძეებს კითხეთ.
მიყვარს მთელი პლანეტა, მთელი დედამიწა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ღმერთმა იმ ქვეყანაზე დამაკისრა ჩემი წილი პასუხისმგებლობა, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ისარი ვისროლე. მე არ მინდა სიღარიბით გატანჯული გეტოდან გავიპარო, პირად ბედნიერებას მივაღწიო, დარჩენილებისთვის კი ყოფა ძველებურად გაუსაძლისი დარჩეს, ჩემი მიზანია გეტოს ადგილზე პატარა წალკოტის შექმნაში მივიღო მონაწილეობა მილიონებთან ერთად.
ჩემნაირები ბევრნი არიან … მერწმუნეთ!

გეთანხმებით, რომ გამოცდილება და ცოდნა მაკლია. თუმცა, რაღაცები მეც ვიცი, მათ შორის ევროპის შესახებ.

ევროპის მთავარი ღირსება ის არის, რომ აღნიშნულ სივრცეში ერთი ოფიციალური იდეოლოგია არ არსებობს, დასავლეთში დღეს გაბატონებულ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას უამრავი ადგილობრივი კრიტიკოსი ჰყავს, ისინი მედგარ წინააღმდეგობას უწევენ პოლიტიკურ ელიტებს და თავიანთი ბრძოლით შეგვახსენებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც, ხვალ თუ არა ზეგ უმრავლესობისთვის სასურველი ცვლილებები შესაძლებელი გახდება.
ევროპა თავისივე წიაღში წარმოქმნის თავის ალტერნატივებს, რათა განვითარდეს, ახალ საფეხურზე გადავიდეს. ასეთი ძალა კი რუსეთს, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს არ ძალუძთ.
ევროკავშირში კიდევ ის გვხიბლავს, რომ პატარა სახელმწიფოებს, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შესწევთ ძალა წინააღმდეგობა გაუწიონ ჰეგემონურ ძალებს. რუსეთსა და ჩინეთში ცენტრის წინააღმდეგობა მთელი სოციალური ჯგუფების განადგურებით ისჯება.
ისევ გამიჭენდა ცხენი, აქ შევრჩერდები, ვიცი თქვენ ჩემზე მეტი იცით დასავლეთის შესახებ, მე თქვენთვის მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი უნაკლო სივრცედ არ მიგვაჩნია, მაგრამ მას თანამედროვე სისტემაში ყველაზე დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროდ აღვიქვამთ და იმიტომ გვინდა ჩვენი ქვეყანა ამგვარი თანამეგობრობის ნაწილი იყოს.
მეორე საკითხი, რომელშიც არ გეთანხმებით, ლიბერალიზმის თემას უკავშირდება. მთელი ჩემი სამოქალაქო აქტიურობა შევალიე იმას, რომ ლიბერალი არ ეწოდებინათ ჩემთვის. დეიდა ივდით, მე არც ლიბერალი ვარ და არც კონსერვატორი. პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამ ორი ტენდენციისგან, მათი ამაზრზენი დაპირისპირებისგან არ შედგება. ჩვენც ვარსებობთ სოციალისტები, დემოკრატიული სოციალისტები და ძალიან ცოტანიც არ ვართ …
ჩვენ არ მოგვწონს იდენტობის პოლიტიკა, არ მოგვწონს, როდესაც ერს, საზოგადოებას სხვადასხვა იდენტობებად აქუცმაცებენ და მათ შორის შუღლის გაღვივებით ცდილობენ იმგვარი წეს-წყობილების გადარჩენას, სადაც მამონა, ფული ბატონობს, სადაც ყველაფერი ფულით იზომება.
ჩვენ ვცდილობთ ვისაუბროთ იმაზე, რაც უმრავლესობას გვაერთიანებს, სოციალურ საკითხზე, კლასობრივ საკითხზე: განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ყველასთვის, მრეწველობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, მოქალაქეთა ვალებში ჩახრჩობის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.
მაშასადამე, როგორც ჩემი საყვარელი ვილი ბრანდტი იტყოდა, გვსურს თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის, თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისაგან. ისევ დავამუხრუჭებ და გეტყვით – არ ვარ ლიბერალი, არც მის ფეხის ხმას ვარ აყოლილი … „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: // იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი…“ :))
წერილის ის ნაწილი, სადაც თქვენი თაობის ხალხს მიმართავთ, ნამდვილ მარგალიტად მესახება. დიდი მადლობა, ამ შესანიშნავი შეძახილისთვის, რომელიც ახალგაზრდებისთვის ტალახის სროლისა და სტუდენტების ლანძღვის წინააღმდეგ არის მიმართული.
თქვენ მართალი ხართ, საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად გამოსული საზოგადოების სერიოზული ნაწილი მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძვის, ხალხი მთელი გარყვნილი პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ არის გამოსული.
ბოლოს კი ერთი თხოვნით შეგაწუხებთ:
მოდით, ყველამ თაობამ ერთად დავგმოთ და ბოროტებად გამოვაცხადოთ ძალადობა და ოჯახების დარბევა! სახლებში მივარდნა, სადარბაზოების წაბილწვა, სატელეფონო შანტაჟი, თავ-ყბის დამტვრევა, კრიმინალური ბანდების მონაწილეობით დაგეგმილი შურისძიება, პოლიციის ფუნქციის ხულიგნებისთვის გადაბარება არის დამღუპველი! არ აქვს მნიშვნელობა ამას ნაცი აკეთებს, ქოცი თუ სოცი (სოციალისტი :)))), არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ არის მიმართული ამგვარი კამპანია – ნაცის, ქოცის თუ სოცის… უფსკრულთან ვართ.
უკაცრავად, დიდი წერილი გამომივიდა. უცებ დავწერე, ალბათ, ბევრი შეცდომებიც არის, არ დამძრახოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდი მადლობა თქვენი სიტყვებისთვის. გთხოვთ მოკითხვა გადასცეთ ბ-ნ დათოს, რომელსაც მხოლოდ თქვენი პოსტებიდან ვიცნობ და უთხარით, რომ მეც მეშინია “ბასკერვილების” ფოსფორწასმული ნაგაზის.
რა ბედნიერები ვართ, რომ თავისი ოჯახის გენიალურ ტრადიციას ინახავს და შვებას ჰგვრის უამრავ სნეულს.
სიყვარულით,
ლევანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

17:02 05-19-2025
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

15:38 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved