“აუცილებელია უსწრაფესად გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები” – „დროა“ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ქმედებებისკენ მოუწოდებს, რათა საქართველო არ გახდეს კრემლის აგრესიის მორიგი სამიზნე.
„მიგვაჩნია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდინების თავიდან ასარიდებლად, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული. რუსეთის ტერიტორიასა და მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. პირიქით, რუსეთი ახორციელებს სამხედრო აგრესიას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად გადმოსვლის არანაირი ჰუმანიტარული არგუმენტი არ არსებობს. რუსეთის მოქალაქეების შემოდინება წარმოადგენს მნიშვნელოვან და რეალურ რისკ-ფაქტორს, რომ ამ ნაკადს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურების ქმედებების მასშტაბისა და მეთოდების გაზრდა მოჰყვეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრემლი სამხედრო აგრესიებს ხშირ შემთხვევაში თანამემამულეთა „დაცვის“ მოტივით იწყებს და ამით „ამართლებს“ ინტერვენციას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მაღალია რისკი, რომ საქართველოში დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა სცადონ, სხვადასხვა ფორმით, საქართველოს კერძო ორგანიზაციების, კომპანიების, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციების გაცემული დოკუმენტების გამოყენებით და მანიპულირებით, გვერდი აუარონ რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ამან შესაძლოა, მძიმე ვითარებაში ჩააგდოს ჩვენი ინსტიტუციები, უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნისათვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების უკვე გადადგმული ნაბიჯები ამ პრობლემის წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საკითხის სერიოზულობას და ამ ბიზნესების სახელმწიფოებრივი აზროვნების მაღალ დონეს“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „დროაში“ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია უსწრაფესად გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
„1. შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის. ვიზების გაცემა უნდა წარმოებდეს მხოლოდ შეზღუდული ვადითა და შესაბამის სამოგზაურო დასაბუთებაზე დაყრდნობით. პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი სრული ბიომეტრიული მონაცემები და ბიომეტრიული ფოტო. შესაძლებელია, ვიზის გაცემა მოხდეს ონლაინ, თუმცა, პირის საქართველოს საზღვარზე წარდგინებისას, მისგან აღებული უნდა იყოს თითის ანაბეჭდები. შესაძლებელი უნდა იყოს ვიზის განახლება საჭიროებისამებრ, მაგალითად, რუსეთისაგან დასაბუთებული პოლიტიკური დევნის შემთხვევაში. ვიზა უნდა აძლევდეს პირს საქართველოში, გარკვეულ სფეროებში მუშაობის უფლებას.
2. უკრაინაში საომარი მოქმედებების და/ან საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს უძრავი ქონების გასხვისება და რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეებზე;
3. უკრაინაში საომარი მოქმედებების და/ან საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე;
4. საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში აიკრძალოს საბანკო ანგარიშების გახსნა საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეებისათვის;
5. საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს იურიდიული პირების რეგისტრაცია რუსეთის მოქალაქეების, ან მათი სახელით მოქმედი პირებისათვის;
6. საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეების, ან მათი სახელით მოქმედი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წილების რეგისტრაცია საქართველოში მოქმედ კომპანიებში;
7. ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს დამატებითი რეგულაციები უკვე არსებულ კომპანიებსა და საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც ეკუთვნით, ნაწილობრივ ან მთლიანად, რუსეთის მოქალაქეებს;
8. საქართველოში უკვე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისათვის შემუშავდეს პროცედურა და რეგულაციები, რათა მათ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია ბიომეტრიული მონაცემების წარდგენის ჩათვლით“, – აცხადებენ „დროაში“. ამასთან, „დროას განცხადებით, აუცილებელია პირდაპირი საგარეო ინვესტიციებისათვის ეროვნული უსაფრთხოების ფილტრის დაწესება.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ ყოვლისმომცველ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს, ჩნდება ალბათობა, რომ რუსეთმა საქართველო სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით გამოიყენოს. გარდა რეპუტაციული ზიანისა, ეს აჩენს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას – აღნიშნული კლეპტოკრატიული ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას კორუფციული ტრანზაქციებისათვის, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად; ისევე, როგორც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შესაძენად, რაც პირდაპირ პრობლემას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია:
1. პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე ეროვნული უსაფრთხოების ფილტრის დაწესების შესახებ კანონის მიღება, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანალოგიურად (დეტალურ ანალიზს და მოდელს „დროა“ წარმოადგენს უახლოეს პერიოდში).
2. აშშ პრეზიდენტის 2022 ყოველწლიური მიმართვისას, კლეპტოკრატიის წინააღმდეგ გაჟღერებულ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან (ე.წ. KleptoCatch) ინსტიტუციური ურთიერთობის დამყარება და საქართველოში არსებული თუ პოტენციური ფინანსური ნაკადებისა და კაპიტალის მათ ფილტრში გატარება.
3. აიკრძალოს რუსული/რუსეთთან დაკავშირებული, არაგამჭვირვალე ფინანსური ტრანზაქციები ისეთ სფეროებში როგორიცაა: კრიტიკული ინფრასტრუქტურა (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ციფრული, სამხედრო ინდუსტრიები და ფინანსური სფერო); კრიტიკული ტექნოლოგიები (ციფრული, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია); კრიტიკული მდგენელები (ენერგეტიკული მიწოდების ქსელები, ინფორმაციის მიწოდება/გავრცელების ინფრასტრუქტურა, საკვების და აუცილებელი მასალების მიწოდება/განაწილება, ციფრული მონაცემები, ე.წ. big data)“, – ნათქვამია „დროას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები