აშშ რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 54 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული თანხიდან 26 მილიონ აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოუყოფს, 28 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო.
„ჩვენი პარტნიორობა უკრაინელ ხალხთან მტკიცეა. ორიენტირებული ვართ უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, რაც რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე ჩვენი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილია. რიგითი უკრაინელების კეთილდღეობის გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ დაახლოებით 54 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას რუსეთის შემდგომი შემოჭრის შედეგად დაზარალებულთათვის,“ – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათი განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარების ეს ბოლო ტრანში დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით გადაირიცხება.
„ჰუმანიტარული დახმარება მოუცავს საკვებს, უსაფრთხო სუფთა წყალს, თავშესაფრებს, გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და დაცვას. ჩვენი დაფინანსება ასევე დაეხმარება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კონფლიქტის გამო დაშორებულ ოჯახის წევრებს შორის კონტაქტის შენარჩუნებაში, რაც, იმედია ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახების გაერთიანებას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები