პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიასა და გრენლანდიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც არქტიკისა და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
შეთანხმებაზე ხელმოწერა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდა – მას შემდეგ, რაც ტრამპმა გააჟღერა გარიგების შესახებ, რომელიც გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ითვალისწინებს, თუმცა კუნძულს დანიის კონტროლის ქვეშ ტოვებს. შეთანხმება ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია საბოლოოდ დამოუკიდებლობას აირჩევს.
შეთანხმება, რომელიც ხელმოწერის შემდეგ სამივე ქვეყნის მთავრობამ გამოაქვეყნა, ვაშინგტონს პიტუფიკში საკუთარი საქმიანობის მოდერნიზებისა და გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ს შეუძლია შექმნას თავდაცვის არეალები სამხრეთით მდებარე ნარსარსუაკსა და აღმოსავლეთით მდებარე მესტერსვიგში. ვაშინგტონს ასევე ეძლევა უფლება დააფუძნოს დამატებითი თავდაცვის არეალები გრენლანდიაში და გააძლიეროს საკუთარი სამხედრო ოპერაციები თუ ობიექტები. ვაშინგტონმა მსგავსი ბაზების მოწყობასთან, შენახვასა თუ დემონტაჟთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების კონტრაქტები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გრენლანდიურ წყაროებს უნდა გაუფორმოს.
შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ძალების ფართო მობილობას გრენლანდიის ტერიტორიაზე, მათ შორის წყალქვეშა წვდომასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი მხარეები იზიარებენ ინტერესს, აშშ-ის სამხედრო ძალებს ჰქონდეთ გრენლანდიაზე წვდომა NATO-ს სივრცის, თავად გრენლანდიისა და ამერიკის კონტინენტის დასაცავად – მათ შორის “ოქროს გუმბათის”, ტრამპის მიერ დაგეგმილი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მეშვეობით. დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სისტემის სპეციფიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
NATO-ს არაწევრ არცერთ ქვეყანას არ ექნება უფლება, გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო ობიექტები განათავსოს ან მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავდეს, თუკი ხელმომწერი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
შეთანხმებას მოქმედების ვადა არ გააჩნია და თუ გრენლანდია დამოუკიდებლობის მოპოვებას გადაწყვეტს, იგი დათანხმდება NATO-ში დარჩენას და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დანიის უფლებებისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.











კომენტარები