ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის თქმით, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.
მისივე ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.
საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე.
როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.
კომენტარები