დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი Multimedia.ge-თან საუბრობს:
ზუგდიდში, წინასაარჩევნო კვირაში, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში განხორციელებული ტერორისტული აქტი, მძევლების აყვანით, ხელყუმბარით, ძალიან უცნაური და იშვიათი დანაშაულია საქართველოს რეალობაში.
უცნაურია იმიტომ, რომ ეს საზღვრისპირა რეგიონში მოხდა, თან ძალიან თავისებურ რეგიონში, სამეგრელოში, ზუგდიდში, სადაც ლამის ყველა ერთმანეთს იცნობს, ძლიერია ნათესაური კავშირები, მეზობლური ახლობლობა, ძალიან გავრცელებულია მეგრულ ენაზე საუბარი, რომელიც საქართველოს სხვა კუთხის მაცხოვრებლებისთვის გაუგებარია, ანუ უცხო ადამიანი ადვილად გამოთვლადია ამ რეგიონში.
შესაბამისად, ნებისმიერი უცხო პირის, სხვა კუთხის ადამიანი აქ ადვილად შესამჩნევია, თან ქალაქის ცენტრში. ისმის კითხვა: ტერორისტი უცხო მხრიდან იყო მისული თუ ადგილობრივი იყო ?
უცნაურად დაემთხვა (?) ეს თავდასხმა და/თუ ტერორისტული აქტი (პროკურატურის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები) საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ და საზეიმო მოვლენას-ქუთაისის ტექნოლოგიური უნუვერსიტეტის გახსნას და სრულად გადაფარა ის!
უცნაური არ ყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აქტიურობა, რომ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენილიყვნენ, ეს წინასაარჩევნოდ, საქართველოში ზოგადად, და ზუგდიდში, კონკრეტულად, მათი დაბალი რეიტინგისთვის ჟანგბადივით მაცოცხლებელი შეიძლება აღმოჩენილიყო.
ვერ ვხედავ „დანაშაულს“ იმაში, რომ დაუკავშირდნენ ნიკა გვარამიას. ნებისმიერი ტელევიზია ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ეს სწორია. იქნებ, სხვა ტელევიზიებთან დაკავშირება, მათი მოქნილობა და ოპერატიულობა, ზოგადად, უფრო რთულია?
ზოგიერთი ჟურნალისტი და მათი ხელმძღვანელი ძალიან სერიოზულადაა გასატრეინინგებელი, რა უნდა აჩვენოს პირდაპირ ეთერში და როგორ არ გახდეს ტერორისტის მოკავშირე ან „სასარგებლო იდიოტი“
უცნაურად მეჩვენა ის, რომ, 43 მძევალში, ალბათ ნახევარი მამაკაცი იქნებოდა, და რომ ამ მამაკაცებში არც ერთი აღმოჩნდა სპორტული, ან საბრძოლო მომზადების მქონე კი არა, უბრალოდ, ფიზიკურად ძლიერი და მამაკაცური შემართების მქონე პიროვნება, ისეთი, ძალაც რომ ერჩის და გულიც რომ არ მოუთმენს! ტერორისტი და მძევლები თურმე ერთად იღებდნენ საკვებს (ერთ-ერთი მძევლის დედამ ბრძანა), ვნახეთ, რომ კიბეებზე ერთად ჩადიოდნენ, საკმაოდ მჭიდროდ ეხებოდნენ ერთმანეთს, ტერორისტი მძევლებს შუა იდგა! ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ყველა იჯდა და ელოდა სახელმწიფოს.
მესმის, სახელმწიფო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური და პოლიცია ასეთ დროს ერთადერთი იმედია, და ეს სწორია, მაგრამ, უნებურად გაგახსენდება საარჩევნო უბნებზე გაალმასებული და გააფთრებული მამაკაცები, ერთმანეთზე რომ იწევენ დაუნდობლად და თავ-პირს ამტვრევენ კიდეც! ერთი ფაქტია: ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს შორის საბრძოლო ხელოვნება, სპორტული ცხოვრება არაპოპულარულია! ნუთუ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ ახალგაზრდებს „გირჩის“ „იდეოლოგიის მიმდევრები“ სჭარბობენ?
უცნაურად მეჩვენება, რომ საზოგადოება პირდაპირ, ღიად არ საუბრობს ტერორისტზე, არ გამოხატავს აღშფოთებას მისი პერსონის მიმართ, პირიქით, სამწუხაროდ გავრცელდა ერთ-ერთი მძევლის დედის მიერ მიცემული სრულიად უპასუხისმგებლო ინტერვიუ, რომელშიც ის მოძალადეს საკმაოდ კორექტულად, და ადამიანურადაც ახასიათებს. ასეთი ინტერვიუ ეთერში არ უნდა გადიოდეს! ეს დაუშვებელია.
არ მითხრათ, ახლა, „სტოკჰოლმის სინდრომიაო“, ეს სინდრომი მძევლის დედაში კი არ ვლინდება, შ ე ი ძ ლ ე ბ ა ჩამოყალიბდეს მძევალში, მსხვერპლში, ისიც ასე ტოტალურად – არა! რაო, ესეც „ქურდულ მენტალიტეტს“ დავაბრალოთ, რომ პერსონალურად მოძალადეს არავინ გმობს და მთელი ოპოზიცია, ერთეული, საღად მოაზროვნედ გადარჩენილების გარდა, სახელმწიფო სტრუქტურებს ამუნათებს!
ლუზერების არმია ჭკუას ასწავლის სტრუქტურებს, რომლებმაც ქალაქის ცენტრში უმსხვერპლოდ დაასრულეს სპეცოპერაცია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია გრძელდება!
თბილ სავარძლებში „ჩამცხვარი“, მათგან უმეტესობა ლუზერი და პარაზიტი ათკაციანი პარტიის „ბელადი“, თან ყოფილი თანამდებობის პირი, რომელთა გმირობა (თუნდაც ინტელექტუალური) არავის ახსოვს, ხელმწიფოს ღირსებაზე საუბრობს! და ეს მაშინ, როცა, საკუთარ თვითშეფასებას ბიძინა ივანიშვილზე ძვირის თქმით და ტელევიზიის ეკრანიდან „შენობით“ მიმართვით იმაღლებენ, ბეჩავები!
უცნაურად მეჩვენება, რომ ტერორისტზე, არავინ საუბრობს, როგორც უარყოფით ადამიანზე, დასაგმობზე, პოტენციურ მკვლელზე, იმაზე, რომ ტერორისტს, ამ ბოროტ ორფეხს, ფულის გამო შეუძლია, ხელყუმბარით აფეთქების სიკვდილის შიშში ამყოფოს 43 უდანაშაულო ადამიანი და იმ შემთხვევაში, თუ დოლარებს არ მისცემენ, სასიკვდილოდ გასწიროს როგორც თავისი, უვარგისი სიცოცხლე, ასევე, უდანაშაულო ადამიანები!
ეს დუმილი მაოცებს და ის, რომ, ძალაუფლებას დამშეული ადამიანები ტელეეკრანებიდან ყოველწუთიერად ესხმიან თავს უიარაღო, ქველმოქმედს, მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, და ეს იმიტომ, რომ მათ აღარ აშინებენ მოსმენებით, ციხით, წამებით, უსამართლოდ დაჭერით, ქონების ღამით გადაფორმებით!
ოპერაცია დასრულდა უმსხვერპლოდ. ჩვენ ისეთი ოპოზიცია გვყავს, ბიძია ლუკასავით (ქართული ფილმის პერსონაჟი) სულ უკმაყოფილოა! არ მინდა, ერთი ზედგამოჭრილი, მაგრამ არანორმატიული ლექსიკის შემცველი კახური გამოთქმა გამოვიყენო, მაგრამ დაახლოებით, ისეთი ჟღერადობისაა, რომ ჩვენს ოპოზიციას თავით მარილი რომ დაუნაყო, მაინც უკმაყოფილო იქნება-ასეთია ისტეროიდების და ლუზერების ბუნება და კოპლექსები!
ოპერაცია გრძელდება და ალბათ, ბევრი საინტერესო ამბავი გამომზეურდება ამ ტერორისტების გულშემატკივრების ან დუმილით ხელშემწყობების ჩათვლით!
ერთ კვირაში არჩევნებია და სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად დამარცხებული ოპოზიციიდან ბევრი ორკაციანი პარტია ალბათ, არსებობას დაასრულებს, მათთან ერთად მედიის კონფიგურაციაც შეიცვლება . . .
კოვიდი ალბათ კუდს მოიქნევს. არჩევნებში დამარცხებული მავნებლები ალბათ თავიანთ აქტივს გააერთიანებენ და დედაქალაქისკენ გამოუყენებენ, მორიგი, დამარცხებისათვის განწირული შტურმისათვის! მერე, მინსკი არ შედგება და . . . ბევრი გაილახება ქუჩებში . . . მერე . . . მერე თოვლი მოვა და ცხოვრება გაგრძელდება.
კომენტარები