• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ზურას სიკვდილის შემდეგ აირია…” – როგორ მოიგო სააკაშვილმა არჩევნები? – “დამიბარა და მითხრა…” – ელენე თევდორაძე

ალია ავტორი - ალია
19:18 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

პოლიტიკოსი,  სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

მიხეილ სააკაშვილის დროს შეგნებულად არ ვტოვებდი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, რადგან ვფიქრობდი, რომ ის პატიმრები, რომლებიც ნამდვილად შესაწყალებლები იყვნენ, უჩემოდ არ მოხვდებოდნენ პროკურატურის სიაში. იმ დროს ზურაბ ადეიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა. სანამ დეპუტატი ვიყავი, მიშას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, არავის აძლევდა უფლებას ვინმეს გავეკრიტიკებინე. მახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დააკავეს, დავიცავი და გიგა ბოკერიამ თქვა, მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ლაპარაკობსო. მიშამ უსაყვედურა ბოკერიას, ელენეს თავისი მისია აქვსო. მიშას აწყობდა მე იქ ვყოფილიყავი, ეს რაღაც იმიჯს აძლევდა. ვფიქრობ, მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია. მას მერე მასთან არც დავდიოდი.


2008 წლიდან აღარ შევსულვარ ციხეში, მერე უკვე აღარც დეპუტატი ვიყავი, მხოლოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დავრჩი. მაშინაც მჭირდებოდა პატიმრებთან შეხვედრა, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ.

როგორც დეპუტატი ჩემს უფლება-მოვალეობას ვეღარ ვასრულებდი და ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი პოლიტიკაში აღარ იყო. ვეღარ ვხედავდი ჩემი შრომის შედეგს, ბევრი უსამართლობა ხდებოდა და პარლამენტში უშედეგოდ ყოფნა მიუღებელი იყო. ეს ვთქვი კიდეც საჯაროდ, ტელევიზიით.

ჩემი განცხადების შემდეგ პარლამენტის არჩევნები მოდიოდა და სიაში აღარ შემიყვანეს. ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. დამიძახა მიშამ და მითხრა, ყველა დიდ ქალაქში წავაგეთ არჩევნები, ძალიან გთხოვთ, იქნებ ყველა ქალაქში ჩახვიდეთო. მართლაც წავედი და მიშამ ყველა ქალაქში მოიგო. კიდევ ორ ქალაქს ასახელებდნენ, კი ჩახვალთ, მაგრამ არჩევნებს მაინც წავაგებთო, მაგრამ ის ორი ქალაქიც მოიგეს. ეს ხდებოდა მას მერე, რაც სიაში არ ჩამსვეს.


მიშამ მითხრა, თუ გინდათ ელჩად გაგიშვებთო და გამეცინა, უარი ვუთხარი. მაშინ რომელ სამინისტროში გსურთ მუშაობაო, დავასახელე რეინტეგრაციის სამინისტრო, იქ უმცირესობების უფლებებზე ვიზრუნებ-მეთქი. წამოხტა, იქ მინისტრი უკვე მყავსო, მინისტრის პოსტი სულ არ მინდა-მეთქი და მოადგილედ იმ დღესვე დამნიშნა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე, სანამ მინისტრად ეკა ტყეშელაშვილს დანიშნავდნენ, მან კი გამათავისუფლა, ჩემი კადრი მომყავსო. იმ საღამოსვე დამირეკა მიშამ და მითხრა, გტოვებთ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და ხელფასსაც გინიშნავთო. მანამდე ისე ვიმუშავე შეწყალების კომისიაში, ხელფასი არ მქონია, უხელფასო შტატი იყო. ეს თანამდებობა ფასიანი იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. მან მოულოდნელად გამათავისუფლა, ეს ტელევიზიით შევიტყვე.


როცა “მოქალაქეთა კავშირის” სიას ადგენდა ზურაბ ჟვანია, მაშინ შემომთავაზა­ სიაში ჩაწერა, 95-ე ნომრად ჩამწერეს და მოულოდნელად აღმოვჩნდი პარლამენტში. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკოსების გამოზრდის არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა. ვისშიც ლიდერობის პოტენციალს დაინახავდა, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ამზადებდა.

ზურაბ ჟვანია ჩემთვის პოლიტიკოსის სახეა, მის მერე ვერავინ დავინახე ასეთი. მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა ზურას ფრთის ქვეშ იყვნენ. ზურა რომ ყოფილიყო ცოცხალი, სულ სხვანაირი ვითარება იქნებოდა. ძალიან განვიცადე დედამისის გარდაცვალება. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახლიდან გასვლა აკრძალული იყო პანდემიის გამო და ოჯახს ტელეფონით მივუსამძიმრე.


ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვერ გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია. ძალიან მაღიზიანებს ერთი რამ – ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ დეპუტატები ან სხვა უფრო მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, იმდენ ტყუილს ამბობენ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენიათ, მე მრცხვენია თქვენ მაგივრად-მეთქი. მე არ მილაპარაკია არასოდეს შიდა სამზარეულოზე, არც ახლა ვიტყვი რამეს, მაგრამ როცა ტყუიან, უბედურებაა. მე ხომ ვიცი, მაშინ რა რეალობა იყო.

სააკაშვილის დროს ბევრი უსამართლობა ხდებოდა. ბევრი იხდიდა სასჯელს. 4 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომლის საქმეში ეწერა, მამალი მოიპარაო, ერთი მამაკაცი კი 5 ქათმის ქურდობისთვის გაასამართლეს და 5 წელი მიუსაჯეს. ასეთი განაჩენი ბევრი იყო. იყო საქმეები, სადაც აშკარად ჩანდა, ბიზნესის წართმევის გამო რომ იყვნენ დაკავებული. ოსტატურად აკეთებდნენ – თუ პატიმარი აღიარებდა, საპროცესო გარიგების თანხას გადაიხდიდა და მორჩა. ზოგიერთი მიყვებოდა, ჩვენს შვილებს ციხეში ფსიქიკური პრობლემები დაეწყოთო. სასჯელის მისჯის შემდეგ ადამიანი ციხეში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ მაინც იზოლატორში ჰყავდათ. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან გამუდმებით ვაპროტესტებდი, მაგრამ პასუხი იყო, პროკურატურა ამბობს,­ ის ცუდი ბიჭიაო. ასე ირღვეოდა ადამიანების უფლება, იმიტომ, რომ პატიმარი თანამშრომლობაზე ამბობდა უარს. მათ რაღაც წამლებსაც უკეთებდნენ, მე კი ციხეში შესვლაზე უარს მეუბნებოდნენ.

ქუთაისის ამბოხება რომ მოხდა, როცა სამეგრელოდან ელიავა და მისი მომხრეები წამოვიდნენ, მე და მიშა სააკაშვილი წავედით სამეგრელოში – ამბოხებაში მონაწილე სამხედროები სენაკის ბაზაში იყვნენ. მათ მიშა უხსნიდა, რა დანაშაული ჩაიდინეს, მე კი სენაკის მოსახლეობასთან შესახვედრად წავედი. ჩემ მიმართ მოსახლეობა ყოველთვის ნორმალურად იყო განწყობილი, როცა მათ ვესაუბრებოდი, მიშაც მოვიდა და ხალხს დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ მუშაობდა ამერიკაში, რომ იყო არაჩვეულებრივი ადვოკატი, მაგრამ საქართველო იმდენად უყვარდა, ყველაფერი მიატოვა, დიდი ხელფასი, კარიერა და საქართველოში ჩამოვიდა. ერთი მოხუცი მიუბრუნდა და უთხრა, შვილო, ვინ გთხოვა მერე საქართველოში დაბრუნება, ჩვენ ხომ არ დაგვიძახიაო…

კაკო ელიავა ტყეში იმალებოდა. რადგან სენაკში ვიყავი, მის სახლში მივედი. ამ დროს კაკო ელიავაც მოვიდა ტყიდან. ვერ გავიგე, როგორ იმალებოდა, ჩვეულებრივ დადიოდა აქეთ-იქით. ძალიან გაჭირვებული ოჯახი ჰყავდა. მხოლოდ ქალიშვილი იყო სახლში და როცა კაკოს ვესაუბრებოდი, გოგონა პიანინოს უკრავდა – მოკლედ, მუსიკის ფონზე გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. მე მინდოდა ამეხსნა მისთვის, რომ შევარდნაძე არ იყო საქართველოს მტერი. ვუთხარი, ძალიან კეთილი თვალები გაქვთ და წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელსაც ასეთი თვალები აქვს, ბოროტი იყოს-მეთქი. მწვავე საუბარიც გვქონდა. არ გავიმეორებ იმას, ჩამოსულმა რაც ვთქვი პარლამენტის სესიაზე.

მგონი, შს მინისტრი გამოვიდა პარლამენტში და გალანძღა კაკო ელიავა, მე კი ვუთხარი: მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, თავი დაანებოს კაკო ელიავას. მე შევხვდი მას, მე მას მივაწვე, ის მე მომაწვა, ერთმანეთს მივაწექით და ამ მიწოლ-მოწოლაში მოვნახეთ საერთო ენა და კარგ დასკვნამდე მივედით-მეთქი. მთელი დარბაზი სიცილით მოკვდა…

კაკო ელიავას ძალიან ვერაგულად მოექცა ხელისუფლება. რომ წამოვედი ელიავას ოჯახიდან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ კაცში რაღაც გარდატეხა მოხდა. ის თავისუფლად მოდიოდა თბილისში. მას პოლიცია ქუთაისში შეხვდა, პოლიციიდან კი გამოუშვეს, მაგრამ ზესტაფონში ზურგში ესროლეს და მოკლეს. ეს რა უბედურება იყო.

შევარდნაძის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვიყავი, კვირაში სამ დღეს მოქალაქეების მიღების დღეები მქონდა, შაბათ-კვირას კი კოლონიებში დავდიოდი. მკვლელებთანაც მქონია შეხვედრები, მათაც და მათ მშობლებსაც სულ ვეუბნებოდი, არანაირი შეღავათი არ გეკუთვნით, მოვა დრო, აქედან გახვალთ, მაგრამ ის ვინც მოკალით, სამუდამოდ მიწაში იქნება-მეთქი.

ლაპარაკიც კი არ იყო მათ შეწყალებაზე. ეს ეხებოდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებულებსაც, მიშას დროს კი ბევრი ასეთი შეიწყალეს. ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდიც, როცა სიკვდილმისჯილები გვყავდა ციხეებში, მე მათაც ვხვდებოდი იმ საშინელ, ნესტიან საკნებში. ერთხელ ჩემი ყოფილი მოსწავლე ვნახე. ის აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ როცა მოინდომა ჩემთან შეხვედრა, უარი ვუთხარი, იმდენად ვიყავი აღშფოთებული. არადა, თითქოს სკოლაში ნორმალური ბიჭი იყო. მერე სიკვდილით დასჯა გაუქმდა და სიკვდილმისჯილებს სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ალბათ, გამოვიდა კიდეც ციხიდან, მაგრამ მისი ბედით არ დავინტერესებულვარ, ისეთი მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი… ხშირად პატიმრები გვთხოვდნენ, თქვენთან აგვიყვანეთ შეხვედრაზე, ცოტა ხანს ჰაერს მაინც ჩავყლაპავთო. ერთხელ ამომიყვანეს სიკვდილმისჯილი მამაკაცი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ძლივს ლაპარაკობდა. მითხრა, ქალბატონო ელენე, მე არ ჩამიდენია მკვლელობა, მშობლები არა მყავს და მხოლოდ ეს მინდა, თუ რამე მომივა,­ თქვენ ილოცოთ ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მართალი ვარო. მის გულწრფელობაში დავრწმუნდი და სპეციალურად მივედი პროკურატურაში ამ საქმეზე. საბოლოოდ ზემდგომ ინსტანციაში გაამართლეს, იმავე დღეს გახარებული მივვარდი ციხეში, მაგრამ მითხრეს, დღეს დილით გარდაიცვალაო. დღესაც, როცა ის პატიმარი მაგონდება, ცუდად ვხვდები. ისე გარდაიცვალა, ვერ გაიგო, მისი სიმართლე რომ დამტკიცდა. როცა ეკლესიაში შევდივარ, მას სანთელს აუცილებლად ვუნთებ.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: ელენე თევდორაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved