ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.
ღარიბაშვილი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება – ასეთი ინფორმაცია აქვს დაკავებული ექს-პრემიერის ადვოკატს.
მთავრობის ყოფილი მეთაური განსასჯელის სკამზე პირველად დაჯდება.
სასამართლო ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე არსებითი განხილვას 16:00 საათზე დაიწყებს.
როგორც “პირველებს” ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა უთხრა, ექს-პრემიერი პროცესის დახურვის წინააღმდეგია.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უნდა დაესწროს [სასამართლო პროცესს], თუ რამე არ შეიცვლება. [ირაკლი ღარიბაშვილი] კატეგორიული წინააღმდეგია სხდომის დახურვის. დაცვის მხარე საერთოდ წინააღმდეგია დაიხუროს სხდომა.
სხდომის დახურვა ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი ბრალდების მხარის ხელში ფაქტობრივად არ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ საქმის შესახებ და თუ მიეწოდება [ინფორმაცია] საზოგადოებას, საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ არავითარი დანაშაული ამ საქმეში არ არის. ეს არის არსი ამ ყველაფრის“- აცხადებს ადვოკატი.
ექს-პრემიერის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური აღნიშნავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია უნდა იყოს:
როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარეს სხდომის დახურვის არცერთი საფუძველი არ აქვს – რატომ უნდა დაიხუროს? [სასამართლო პროცესი], ეს ხომ ხალხის ინტერესშიც არის, ხომ აინტერესებს [რა მოხდა] [ირაკლი ღარიბაშვილი] ქვეყანაში იყო ერთ-ერთი პირველი და ალბათ აინტერესებს მოსახლეობას რაში ედება ბრალი და ამიტომ, სწორედ ასეთი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიხუროს და მით უმეტეს, თუ ბურჭულაძის და სხვათა პროცესები ღია იყო ღარიბაშვილის პროცესი რატომ უნდა დაიხუროს?
არგუმენტები აქვს სასამართლოს რატომ უნდა დაიხუროს? მოწმეები ხომ ბურჭულაძე და მხეიძე არიან ხომ ასეა ამ საქმეში?”- აცხადებს ლალი აფციაური.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, – ბურჭულაძის ჩვენებით, – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.











კომენტარები