ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცა, რომლითაც კიევი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და ელექტრონული ბრძოლის სისტემებს შეიძენს.
გადაწყვეტილება უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ამერიკული PAC-3-ის რაკეტების შეძენის შესაძლებლობასაც აძლევს, მათ შორის, NATO-ს მიერ კოორდინირებული PURL-ის მექანიზმით.
თანხით შეიარაღების შეძენა როგორც ევროპული, ისე უკრაინული კომპანიებისგან იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ევროკომისიამ დაფინანსების პირობებიდან ხუთი გამონაკლისი დაუშვა: სამი უკრაინული დრონებისა და მათი კომპონენტებისთვის, ორი კი ამერიკული შეიარაღებისთვის, განსაკუთრებით PAC-3-ის რაკეტებისთვის.
დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი €90-მილიარდიანი სესხის ნაწილია, რომელიც 2026-2027 წლებზეა გათვლილი. აქედან €60 მილიარდი თავდაცვისთვის, €30 მილიარდი კი საბიუჯეტო დახმარებისთვის არის განკუთვნილი.
ევროკომისიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებით სრულად განისაზღვრა, რაში დაიხარჯება უკრაინის თავდაცვისთვის 2026 წელს გამოყოფილი €28.3 მილიარდი: შერჩეულია შესასყიდი აღჭურვილობა და მიმწოდებლები, ასევე დადგენილია საჭირო რაოდენობები და შესრულების ვადები. თუმცა, ეს ავტომატურად თანხის სრულად გადარიცხვას არ ნიშნავს. ევროკომისია კიევისთვის თანხას შესაბამისი კონტრაქტების შემოწმების შემდეგ გამოყოფს











კომენტარები