საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ის, რაც წითელი ზღვის სანაპიროზე ხდება სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მსოფლიო საზღვაო-სავაჭრო ქსელს და ირანს სრული ქაოსის შექმნის საშუალებას აძლევს: იემენელმა ჰუთებმა (ჰუსიტებმა) წითელი ზღვის გასასვლელის, ბაბ-ალ-მანდების სრუტის, ჩრდილოეთიდან მოქცევა შეძლეს და სრუტის მაკონტროლებელი ჰანიშის კუნძულების დაკავებას ცდილობენ.
წარმოიდგინეთ, გემი რომელიც ხმელთაშუა ზღვის გავლით სუეცის არხს გაივლის და წითელ ზღვაში შევა, ინდოეთის ოკეანისაკენ მიმავალ გზაზე ჰუთების (ჰუსიტების) სამიზნე პოზიციაში მოუწევს გავლა. ეს უკანასკნელები კი ზოგად მითითებებსა და სტრატეგიას ირანიდან იღებენ, რომელთაც სამოქალაქო ომის ფონზე ქვეყნის დედაქალაქსა და ჩრდილოეთის დიდ ნაწილს 2015 წლიდან იკავებენ.
აქამდეც ესროდნენ იემენელი ჰუთები ხომალდებს ჰუდაიდას პორტის სიახლოვიდან, მაგრამ გემებს მანევრირების საშუალება ჰქონდათ, რადგან აქ სანაპიროებს შორის მანძილი საკმაოდ დიდია. ახლა, როდესაც ჰუთებმა საპორტო ქალაქი მოხა დაიკავეს და ჰანიშის კუნძულების დაკავებას ცდილობენ, სრუტის ბოთლის ყელს იკავებენ, რომელიც ყველაზე ვიწრო მონაკვეთს ქმნის და გემებს მანევრირების საშუალებას უკიდურესად გაურთულებს.
გამოდის, რომ ირანმა მოახერხა ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირება და ბაბ-ალ-მანდაბის ირიბ კონტროლსაც ცდილობს. და თან ამ პროცესში ჰუთებმა დიდი რაოდენობით საუდის არაბეთის მიერ ჰუთების მოწინააღმდეგეებისათვის გადაცემული ტექნიკა და იარაღი იგდეს ხელთ. სიტუაცია არ გამოიყურება კარგად.
საუდის არაბეთის ფაქტორი სხვა მხრივაცაა მნშვნელოვანი: ის არამხოლოდ ირანთან არაპირდაპირ ომშია ჩაბმული, არამედ 2015 წლიდან სპეციალური კოალიციაც კი შექმნა ჰუთების წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყანა, რომელიც მილიარდებს ხარჯავს შეიარაღებაზე, ვერ ამარცხებს ჰუთებს, რომლებიც მსოფლიოს იმითაც აცნობენ თავს, რომ უკიდურესად ნარკოდამოკიდებულები არიან (როგორც ლამის მთელი იემენი) და მხოლოდ მინიმალური აღჭურვილობა აქვთ. თუკი ნახავთ ლოყებგაბერილ სამხედროს, ესე იგი მას პირში ნარკოტიკური საშუალება უდევს და იმას ღეჭავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, 2025 წლის პირველ ნახევარში, აშშ-ს ავიაციამ ერთ-ერთი პირველი დარტყმა სწორედ ჰუთებზე მიიტანა, მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია მხოლოდ გაუარესებულია. თუკი კრიზისამდე სრუტეს დღეში საშუალოდ 70-75 სავაჭრო გემი გადიოდა, ამჟამად დღიური ნაკადი ძირითადად 25-30 ხომალდის ფარგლებში მერყეობს. კრიზისი 2023 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ჰუთებმა ისრაელს ომი გამოუცხადეს.
ბაბ-ალ-მანდების სრუტის სრული ან მეტწილად ჩაკეტვა ან კონკრეტული პოლიტიკური პირობების დაწესება, არ არის მხოლოდ რეგიონული კრიზისი, არამედ გლობალური მიწოდების ჯაჭვის სერიოზული საფრთხის შემცველი მიზეზი შეიძლება გახდეს. ისედაც, 2024 წლიდან მოყოლებული გემების ნაწილი აფრიკის შემოვლით დადიოდნენ, რამაც პროდუქციის დიდი ნაწილის ფასი გაზარდა. ამ მხრივ არც ნავთობის ფასი გამოიყურება კარგად.
ამ ყველაფრის ფონზე რეგიონალური ქვეყნების პასუხი როგორი იქნება ჯერ უცნობია, მაგრამ ჰუთების ასეთი გაძლიერება საუდის არაბეთს, აშშ-სა და მათ მოკავშირეებს ნამდვილად რთულ მდგომარეობაში ამყოფებს და კონტრშეტევის აუცილებლობას განაპირობებს. ვნახოთ ახლა როგორ მოხდება შემდგომი მოქმედებების გადააზრება, რადგან წინა კვირებში ისე ჩანდა, თითქოს საუდის მხარდაჭერილი კოალიცია ჰუთბის პოზიციებს შლიდა.
ირანი კი ჰუთების კარტს არაერთ სვლაში გამოიყენებს თავისი პოზიციების გასამყარებლად. წინ საინტერესო თუმცა არცთუ სასიხარულო მოვლენებია.











კომენტარები