ნაცმოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური:
ბერი გაბრიელის სახელი უწოდებიათ რუსული სამხედრო შენაერთისთვის, რომელიც მშვიდობიან უკრაინელებს ხოცავს. ცინიზმიცაა და ცინიზმიც…
1990-იან წლებში ბევრჯერ შევხვედრივარ ბერ გაბრიელს ჩემი მეგობრის – ირაკლი ანთელავას – სახლში. თითქმის ყოველთვის იქ იყო გურამ დოჩანაშვილიც. ალბათ ცოტა რამ თუ დამამახსოვრდა ჩემს ცხოვრებაში ისე მკაფიოდ, როგორც მათი საუბრები რუსეთზე, ზვიადზე, მერაბზე, ქართული ეკლესიის დასამხობად მიმართულ რუსულ მცდელობებზე, ტრაქტატზე, ბოლშევიკებზე და დისიდენტურ მოძრაობაზე.
პირველად იქ გავიგე გურამ დოჩანაშვილისგან, რომ 1965 წლის 1 მაისს ბერმა გაბრიელმა პროტესტის ნიშნად თბილისში, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის წინ (დღევანდელი პარლამენტის შენობა), საბჭოთა მასშტაბური დემონსტრაციის დროს, ცეცხლი წაუკიდა ლენინის თორმეტმეტრიან პორტრეტს, რის გამოც კგბ დააპატიმრა და დატანჯა.
ერთხელ, ჩეჩნეთში წასვლის წინ, დამიძახა და ზვიად გამსახურდიასათვის გადასაცემად სიტყვა დამაბარა რუსების ზნეზე და ავკაცობაზე; რასაც გეუბნები, მარტო ზვიადს უთხარიო.
ჩავედი და ვუთხარი ზვიადს, – მამა გაბრიელმა რაღაც დამაბარა თქო. – რომელმა გაბრიელმაო? რა დაგაბარაო? მეც ვუთხარი, – ასე და ასე თქო… – გაბრიელ ურგებაძე იქნებოდაო, კომუნისტების დროს, ბავშვებს რო არ მინათლავდნენ, ეგღა იყო, ვინც არ გვერიდებოდა და გვერდით გვედგაო. – იცინოდა, იცის მაგან, რუსები რაც არიანო…აი, რანი არიან რუსები და გარუსებული ქართველები – ამ კაცის სახელი დაარქვეს რუსულ ბატალიონს და რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, იმ ბოროტებასთან დააკავშირეს.
მის სახელს არაფერი დააკლდება, უბრალოდ ის გამახსენდა, ზვიადმა რომ თქვა: იცის გაბრიელმა, რუსები რაც არიანო.











კომენტარები