„ბრიტანულ–ქართული აკადემიის გარშემო მიმდინარე დავაზე დაკვირვება სულ უფრო ნათელს ხდის, რომ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მხრიდან წარმოებულ, კარგად გააზრებულ და დესტრუქციულ კამპანიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ბიზნესზე ცინიკური თავდასხმები და პოლიტიკური ასპექტებით ნაკარნახევი ისეთი მძიმე ნაბიჯები, როგორიც საბოტაჟისკენ მოწოდებაა.
ეს მოულოდნელი არ არის, რამდენადაც, როცა სამართლებრივი არგუმენტები იწურება და ფაქტობრივი ვაკუუმი შიშველ რიტორიკას ვეღარ ფარავს, იწყება სასოწარკვეთა და იმის საშიშროება, რომ წონასწორობას დაკარგავ და გაიოლდება ისეთ სიბრტყეზე გადასვლა, როგორიც შანტაჟი, საქართველოს ეკონომიკის საბოტაჟისკენ საზოგადოების მოწოდება დაპოლიტიკურ–ემოციურ სპეკულაციებზე გათვლების გაკეთება”, –აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე გახმაურებულ დავის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.
მისი თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ გამოცხადებულ ბიზნესის ცინიკური ბოიკოტის კამპანიაში და ფინანსურ სისტემაზე განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ შეტევაში, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური ასპექტები.
“ნათია ჯანაშიას დესტრუქციულმა ტაქტიკამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, როდესაც მან კერძო ბიზნეს–დავა სრულიად საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აქცია.
ჯანაშიას მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სისტემურად მნიშვნელოვან ბანკში მასობრივად დახურონ ანგარიშები და გაიტანონ დეპოზიტები, არის უკიდურესად საშიში, უპასუხისმგებლო და პირდაპირი გაგებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება”, – ხაზს უსვამს ცუცქირიძე.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ როცა არ არსებობს არცერთი ფინანსური არგუმენტი, ფაქტი ან მარეგულირებლის შენიშვნა ბანკის მდგრადობასთან დაკავშირებით, ამ ფონზე, კერძო, სუბიექტური ინტერესების გამო, საბანკო სექტორითა და ფინანსური სტაბილურობით სპეკულირება და ამ გზავნილების სისტემატური ტირაჟირება, აღარ განიხილება, როგორც შემთხვევითობა. ეს არის გააზრებული, ეკონომიკური დარეპუტაციული შეტევა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ნათია ჯანაშიას მხრიდან კერძო დავის გადატანა საზოგადოებრივ ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე არის უკიდურესად მძიმე ამორალური პრეცედენტი, რომლის მსგავსიც უბრალოდ, არც მახსენდება,“ – დასძენს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.











კომენტარები