პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
2012 წელს რამდენიმე მოხსენება წავიკითხე თსუ-ის junior university-ში. მოხსენებებს სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა, არ ერიდებოდა ავტორიტარიზმის კრიტიკას, შეშინებული თვალებით არ ისმენდა მსჯელობას პირველ რესპუბლიკასა და თანამედროვე საქართველოს შორის არსებული განსხვავებების შესახებ.
2012 წლის 1 ოქტომბერს დამკვირვებელთა პატარა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი ჩემს პროფესორთან ერთად. საშინელი დღე გამოვიარეთ, ომში ვიყავით. მაშინ ხალხში გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ზოგიერთ უბანში უხარისხო ავტოკალმები ჰქონდათ მომარაგებული. ბევრი მათგანი არ წერდა, ზოგიერთი ძალიან მქრქალ კვალს ტოვებდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ხათუნა გოგორიშვილის სახელობის საარჩევნო კვლევების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს შეიძლება ეს გარემოება სათავისოდ გამოეყენებინათ. როცა ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, მაშინ სიგიჟეც კი ადვილად დასაჯერებელი ხდება ხოლმე.არჩევნების წინა დღეს პროგრამის ერთ-ერთმა მსმენელმა მომწერა. მითხრა, რომ მის უბანში ბევრ პენსიონერს სჯერა ამ ამბის. იქვე თავისი ინიციატივა გამიზიარა. აღმაფრთოვანა სკოლის მოსწავლის ხალისმა, უფროსი თაობის წარმომადგენელთა მიმართ თანაგანცდამ (სხვები დასცინებდნენ და მასხრად აიგდებდნენ მათ), სამართლიანობისკენ სწრაფვამ.მეორე დღეს მან ათი თანატოლი შეკრიბა, თავისი დანაზოგით კარგი ხარისხის კალმები შეიძინა და შენაძენი საარჩევნო ურნებისკენ მიმავალ მეზობლებს გაუნაწილა.მას შემდეგ ყოველთვის ყურადღებას ვადევნები ამ ახალგაზრდა კაცის სამოქალაქო პოზიციებს. სიმამაცე, ხალისი და თანაგანცდა ყოველთვის თან ახლდა მის მოქმედებებს. ერთი-ორჯერ მომწერა კიდეც, როდესაც დაუნდობელი ლანძღვა-გინებისა და დამცირების კამპანია იყო აგორებული ჩემ წინააღმდეგ, დააზუსტა დეტალები და მადლობა მითხრა გულწრფელი და ამომწურავი პასუხისთვის.ამ ბიჭის სახელი და გვარია – ონისე ოქრიაშვილი.პროპაგანდისტული ტელევიზიები ბოლო რამდენიმე კვირაა ამზადებენ ნიადაგს მისი მორალური განადგურებისთვის! მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “პოლიცია ვერ დაიცავს” მას გავეშებული ბრბოსგან! “ქართული ოცნების” მანქანა ქუჩის შპანას პირდაპირ ეუბნება, რომ ონისეს ცემა, დასახიჩრება მოსულა!რატომ აკეთებენ ამას? თქვენ გგონიათ, ნოდარ დუმბაძის ფასი და მნიშვნელობა ესმით და ამ უსაყვარლესი კაცის რეპუტაციაზე დარდობენ? თქვენ გგონიათ, თუნდაც საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ პირს ძველი აღთქმა აქვს წაკითხული და იონას ამბავი იცის? ცხადია, არა!მათი მიზანი სხვა რამ არის:ყველას, ვინც “ქართულ ოცნებას” არ უჭერს მხარს, უნდა ეშინოდეს! ხელისუფლების მოწინააღმდეგეს ნებისმიერი რამ შეიძლება გამოუქექონ, ნებისმიერი პასკვილი შეიძლება შეუკერონ და შემდეგ ეგზალტირებული მასის ზიზღის, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად აქციონ ადამიანი.ყველა მოქნეული მუშტის და ჩარტყმული წიხლის უკან პროპაგანდისტული მიკროფონები და დეპუტატები უნდა დავლანდოთ!
P.S. იუმორის ხარისხზე, შინაარსზე, გემოვნებაზე მე არ ვმსჯელობ. შეიძლება არ მოგწონდეს, გაღიზიანებდეს და ა.შ. მაგრამ ხუმრობას ცენზურას ვერ დაუწესებ, ვერა! მაგალითად მე თითქმის ყველა ქართულ იუმორისტულ შოუზე მზარავს.











კომენტარები