თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.
ჟურნალისტი გურამ როგავა პროცესზე დასასწრებად ხელში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმით“ მივიდა.
„დღეს პირველად დავესწრები სასამართლო პროცესს.
მინდა, საკუთარი თვალით ვნახო, აბსურდის თეატრში ვინ რა როლი მოირგო.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვნახო ის პირი, რომელიც ჩემზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ არ ემთხვევა თავდასხმის ვიდეოში ასახული პირის აღნაგობას – ეს ძალიან საეჭვო გარემოებაა.
გარდა ამისა, ელისო ჯარიაშვილმა გამოძიება გააგრძელა და ისევ სისტემის შიგნიდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ საქმის აბსურდულობას და იმას, რომ გამოძიება შეთითხნილია.
ორ დღეში გაარკვიეს ჩემზე თავდამსხმელი რაღაც უმარტივესი მიმოწერით პროკურატურამ და შსს-მ.
თუ ასეთი მარტივია საქმეების გამოძიება, ასეულობით საქმის დღესვე, თუნდაც ფორმალურად, დამახიჯებულად, ფასადურად გამოძიება შეუძლიათ.
მე დღეს აქ მოვედი ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმით“. ამ წიგნით შევალ სასამართლო დარბაზში. ჯორჯ ორუელი ივანიშვილის საყვარელი მწერალია და ივანიშვილს სურს, ზუსტადაც „ცხოველების ფერმის“ პოლიტიკური მოდელით მართოს ეს ქვეყანა, მაგრამ ეს სისტემა, რომელიც მან ააშენა და გარედან ძალიან მონოლითურია თითქოს, რეალურად შიგნიდან არ არის ასეთი ერთიანი.
შიგნიდან ჟონავს ინფორმაციები, ელისო ჯარიაშვილის უკვე მეორე გამოძიება ადასტურებს ამას, რომ ივანიშვილის „ლეკვები, ძაღლები“ არ არიან მისი ერთგულები“, – თქვა როგავამ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და სხდომები საზოგადოებისთვის დახურულია.
#გურამროგავა #სასამართლო #სპეცრაზმელები #ჟურნალისტი













კომენტარები