“პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი, დათო გოჩავა:
ხშირად გვსმენია, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის უალტერნატივო სახმელეთო ხიდია, ხოლო „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ — ჩვენი სტრატეგიული მომავალი. თუმცა, თუ ციფრებს და საერთაშორისო დოკუმენტებს გავაანალიზებთ, რეალობა ბევრად უფრო საგანგაშოა. ანკარამ და ბაქომ კარგად იციან, რა სურთ, საქართველო კი ამ დიდ თამაშში, შესაძლოა, მთავარი ფუნქციის გარეშე დარჩეს.
მოდით, ფაქტები დავალაგოთ.
2007 წლის ექსკლუზივი და ახალქალაქის იმედი
როდესაც 2007 წლის 7 თებერვალს თბილისში სამმხრივ ჩარჩო-ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ტერმინი „შუა დერეფანი“ ბუნებაშიც არ არსებობდა. პროექტი იგეგმებოდა, როგორც რეგიონული გზა სომხეთისთვის გვერდის ავლით. მაშინ ახალქალაქის სადგურს უნიკალური ფუნქცია მიენიჭა – ის განისაზღვრა, როგორც ლიანდის შეცვლის (Break-of-Gauge) ერთადერთი საკვანძო რკინიგზის სადგური. ვინაიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ფართო ლიანდაგს (1520 მმ) იყენებენ, თურქეთი კი ევროპულს (1435 მმ), მატარებელს სავალი ნაწილი, ანუ „ურიკები“, აუცილებლად ახალქალაქში უნდა შეეცვალა, ან სადგურში ტვირთები ერთი ლიანდის ვაგონებიდან მეორეში უნდა გადატვირთულიყო.მსოფლიო ბანკის დოკუმენტი
ყველაზე საინტერესო კი ახლა იწყება.
საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ანკარამ 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გიგანტური პროექტი წამოიწყო (საიდანაც მხოლოდ მსოფლიო ბანკი $660 მილიონს აფინანსებს), რომელიც 2030 წლის დეკემბერში სრულდება.
გეგმის მთავარი სენსაცია:
თურქეთი ყარსიდან უშუალოდ საქართველოს საზღვრამდე აშენებს კომბინირებულ, ორმაგი ლიანდის სარკინიგზო ხაზს (Dual-Gauge)!პროექტის აღწერილობაში, ქვეთავში „პროექტი აღნიშნულ შედეგებს მიაღწევს შემდეგი საინჟინრო გადაწყვეტილებების და პრინციპების მეშვეობით“ წერია:„ორლიანდიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მონაკვეთზე „ყარსი – საქართველოს საზღვარი“ („ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ ნაწილი), რაც, საქართველოში ანალოგიური ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სხვადასხვა ლიანდის სარკინიგზო ხაზებს შორის შეპირაპირების ოპერაციების განხორციელებას შესაძლებელს გახდის „ყარსის ლოგისტიკურ ცენტრში“ („Kars Logistics Center“), – ეს კი უზრუნველყოფს დამატებით ალტერნატივას „ახალქალაქის რკინიგზის სადგურისთვის“, სადაც მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ლიანდის შეცვლის ოპერაციები; ეს გაზრდის „ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ საექსპლუატაციო მოქნილობას და აღმოფხვრის პოტენციურ „ვიწრო ყელს“ „შუა დერეფანში“.ისტორიულად, ეს ტექნოლოგია მხოლოდ სასაზღვრო ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გამოიყენებოდა. თურქეთის დღევანდელი ამბიცია კი უპრეცედენტოა — მათ ეს ორლიანდიანი სისტემა საქართველოს საზღვრიდან თითქმის 80 კილომეტრის სიღრმეში, უშუალოდ ყარსის ლოგისტიკურ ცენტრამდე შეჰყავთ. მიზანი ღიად წერია – აღნიშნული ლიანდაგის დაგება „სხვადასხვა ლიანდის სარკინიგზო ხაზებს შორის შეპირაპირების ოპერაციების განხორციელებას შესაძლებელს გახდის „ყარსის ლოგისტიკურ ცენტრში“.თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს.
აქ უკვე სუფთა პოლიტიკა იწყება. ფორმულა „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ ლოგისტიკაშიც მუშაობს. ბაქოსა და ანკარას სურთ მაქსიმალურად შეამცირონ მესამე ქვეყნებზე (მათ შორის საქართველოზე) დამოკიდებულება და სატრანზიტო გადასახადები.ნუ დაგავიწყდებათ, რომ BTK-ს საქართველოს მონაკვეთი თითქმის სრულად აზერბაიჯანული სესხით აშენდა და მას ერთობლივი საწარმო (BTKI Railways) მართავს, სადაც ჩვენი ხმა გადამწყვეტი არ არის. ამას ემატება ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ აქტიური ლობირება — სარკინიგზო ხაზი სომხეთის გავლით, რომელიც აზერბაიჯანს პირდაპირ თურქეთთან, და რა თქმა უნდა, ისევ ყარსთან დააკავშირებს. თუ ეს მარშრუტი ამოქმედდა, ბაქოდან წამოსული მატარებლები საქართველოს საერთოდ გვერდს აუვლიან.
დრო ცოტაა — 2030 წლამდე საქართველომ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თურქული ლოგისტიკური თამაშის აყოლა ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს ჩვენს ტერიტორიაზე ორმაგი ლიანდის სარკინიგზო ხაზის გაყვანა! პირიქით, ჩვენი ინტერესია, რომ საბჭოთა სტანდარტის (1520 მმ) ლიანდაგი მხოლოდ ახალქალაქში სრულდებოდეს და აქ წყდებოდეს.საქართველომ კბილებით უნდა შეინარჩუნოს ახალქალაქის ტექნოლოგიური ბარიერი, რათა მატარებლებმა ჩვენი გვერდის ავლით არ იარონ და ტვირთების დამუშავება ყოველთვის ჩვენთან მოხდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი, მკაცრი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, თორემ რეგიონის დიდ ლოგისტიკურ რუკაზე ჩვენი ადგილი მხოლოდ მოკრძალებული სატრანზიტო დერეფანი იქნება.
თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დავთმოთ ახალქალაქის ექსკლუზივი თურქეთის გეგმების სასარგებლოდ, თუ მკაცრი ეროვნული პოზიცია უნდა დავიკავოთ? მოგვწერეთ კომენტარებში!
P.S.1) დღეს, 2 ივნისს, საზეიმოდ გავხსნით „ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის“ საქართველოზე გამავალ მონაკვეთს – გავხსნით შუქნიშნების გარეშე, ანუ, სარკინიგზო ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ მე-19 საუკუნის ტექნოლოგიით.2) გასცა თუ არა “საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ” უსაფრთხოების სერთიფიკატი ამ ხაზის ექსპლუატაციაზე?
















კომენტარები