მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:
მოდი ვთქვათ, რას აღარ მოვესწარით ჩვენ, ჩვენი თაობა, პირადად მე… 9 აპრილს მოვესწარი 9 წლის ასაკში, იმ ღამესაც აქციაზე ვიყავით ვიდრე ილია მეორემ ქაშუეთში სალოცავად გადასვლისკენ მოგვიწოდა, დედა დაემორჩილა, მერე კი იქ ტაძარში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა და სახლისკენ გავუყევით გზას, ცოტა ხანში წამოგვეწივნენ რუსულ ტანკებსა და ნიჩბებით შეიარაღებულ სალდატებს გამოქცეული ხალხი და ასე შევიტყვეთ რა სისასტიკეც დატრიალდა პარლამენტის წინ… მეორე დღეს ისევ დავბრუნდით რუსთაველზე და არასდროს დამავიწყდება ნანახი, სიცარიელე, სიჩუმე და ბევრი ფეხსაცმელები მიმოფანტული სამანქანო სავალ გზაზე… მერე კი იყო მერაბ კოსტავას უცნაური დაღუპვა ავტოსაგზაო შემთხვევით და მისი დაუვიწყარი დაკრძალვა მთაწმინდაზე, მალე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ პროვოცირებული სამოქალაქო დაპირისპირება, თბილისის ომი, დამწვარი და დანგრეული რუსთაველი, ბუნკერიდან მაუწყებელი ჩვენი ეროვნული მთავრობა, მათი გაყვანის ოპერაცია და პუტჩი, გადატრიალება… მერე სამ წლიანი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სასტიკი, დაუნდობელი… ლევან აბაშიძის დაღუპვა… ბევრი გმირობის ისტორია და საბოლოოდ აფხაზეთის დაცემა… ძილი ქურქებით და ქურთუკებით, შეშის ფეჩები სახლებში, ნავთის ლამპები და რაღაცნაირი მოწყობილობები, რომ დატენიდი და თან ანათებდა თან კი რადიო ტალღებს იჭერდა და ამბებს გასმენინებდა… მერე ახალი სუნთქვა ახალ რეალობასთან შეგუებით, ცოტათი წინსვლაც, ევროსაბჭოს წევრობა, დასავლურ ვექტორზე დადგომა, გათბობისა და შუქის გრაფიკით აღდგენა, თუმცა უძირო კორუბცია და ქურდობები, შემდეგ ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობა და ვარდების რევოლუცია. მალევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით გამოწვეული შოკი. მერე კი სასტიკი პროცესი ბიუჯეტიდან ნაძარცვის დაბრუნების და კრიმინალური მენტალობის შეცვლის მიზნით, მსოფლიო ლიდერთა ვიზიტები და კვლავ ვიზიტები, მასშტაბური ღონისძიებები და საქვეყნო უკეთესობები, იუსტიციის სახლების თუ გამჭვირვალე პოლიციის შენობების გახსნები, მერე კი რუსეთის თავდასხმა და აგვისტოს რამდენიმე დღიანი ომი, კვლავ დაღუპული გმირები, გიორგი ანწუხელიძე და მისი დარი ღირსეული ადამიანები თავიანთი დაუვიწყარი ისტორიებით, გლოვა, იმედი, მერე თვეების მანძილზე კარვების რუსთაველის გამზირზე, გრეჩიხა საკანში და სტადიონზე, გაზრდილი დაპირისპირება ხალხში, რეპრესიები სხვადასხვა დონეებზე, მათ შორის თეატრებში და საკონცერტო სცენებზე და მერე კი ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე, ციხის კადრების გავრცელება და დიდი სახალხო რეაქცია, არჩევნები და ხელისუფლების გადაბარება, გამოცხადებული კოჰაბიტაცია და მერე ისევ ანგარიშსწორების ტალღები, ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგობა რეზიდენციის შენობის გამო, კაბელების საქმე, ახალი ფარული ვიდეო ჩაწერები ძველი ფარული ჩანაწერების განადგურების პარალელურად, მერე ისევ ერთგვარი დათბობა, რომელსაც მოგვიანებით მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და დაჭერა მოყვა, დიდი ვნებათა ღელვა შიმშილობის გამო, როცა შინ თუ გარეთ გამუდმებით ერთ სიტყვა ისმოდა: გადაიყვანეთ!.. მანამდე კი პანდემია ორ წლიანი კარანტინით და მილიონობით მსხვერპლი დედამიწაზე, როცა ყოველ დილით ველოდებოდით მარინა ეზუგბაიას და თენგიზ ცერცვაძის ვიდეო ჩართვებს ახალ მსხვერპლთა და დაავადებულთა სტატისტიკის შესახებ, მერე კი სასტიკი და დღემდე დაუსრულებელი ომი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ჩვენი პოლიტიკური კურსის ერთგვარი ცვლილება, რასაც ისევ მოყვა ქუჩაში გამოსული ხალხის დარბევები და დაჭერები, მამამდე იყო კომუნისტი გავრილოვის ვიზიტი და უმძიმესი ღამე რეზინის ტყვიებით და სამუდამოდ დასახიჩრებული გოგო-ბიჭებით, ასევე უმცირესობების “ტაბურეტკებიანი” დევნა და ივლისის მოვლენები ლექსო ლაშქარავას ლეტალური შედეგით… ადრე სანდრო გვირგვლიანის და მერე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეთა უსამართლო ხელყოფა, დათო სალარიძის მამის ვედრება და მთელი ერის რუსთაველზე გავარდნა გვერდში დასადგომად, ე.წ. რუსული კანონის პირველი და მეორე წელი, დაპირება და გადათქმა, ისევ აქციები, ისევ დარბევები, სრული სიგიჟე, არჩევნები გაჟონილი მელნით და ნოემბრის შოკი, კიდევ უფრო სასტიკი დარბევები, რომელმაც გასული ეპოქის 7 ნოემბრის და 26 მაისის დროს ძალოვანთა მიერ ძალის გადამეტება ახალ რეალობას გაუთანაბრა, თუმცა საპროტესტოდ მყოფი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინებით უფრო დამაზიანებელი სამშობლოსათვის… ახალი კანონები, ჯარიმები, დაპატიმრებები, ძალადობები… ჩვენს სფეროშიც ადრე თუ რობიკო ახლა დოი, ადრე თუ ნატო ახლა ნინო, ადრე თუ რატი ახლაც რატი და კიდევ ბევრი ასეთი… 21-ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტისა და მთვარეზე სეირნობის ეპოქაში ჩვენ ჯერაც ვერ გავიხარეთ და პირიქით, განსაცდელი მოვლენები ტალღებად ენაცვლება ერთმანეთს… თუმცა აქვე გვერდით, მრავლად გვყავდა და გვყავს თანამოქალაქეები, ვინც მაშინაც, 9 აპრილსაც, მერეც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის დროსაც, სამოქალაქო ომის დროსაც, 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც, 20 ივნისსაც, 5 ივლისსაც, 28 ნოემბერსაც და კიდევ არაერთ მძიმე დღეებში არ შეუწყვეტია რესტორნებში გრიალი და სრულიად უდარდელად ცხოვრება… ასეთია ჩემი ფიქრები ძილის წინ, დღეს, 2026 წლის 13 მაისს…
P.S. ვერ ვხვდები, ნუთუ არ შეიძლება ბავშვებს როგორმე მოუგვარდეთ მედიკამენტის პრობლემა, მანამდე კი მათი მშობლები თბილად მიიღონ?და არ შეიძლება დაპატიმრებული პატრიოტი ხალხი გამოუშვან ციხეებიდან თუნდაც პატრიარქისა და ეკლესიის შუამდგომლობით? ნუთუ ასე ძნელია შეგეძლოს თანაუგრძნო მას ვინც შენიანი არ არის? სინამდვილეში ყველას ხომ ჩვენი სამშობლო უსაზღვროდ გვიყვარს და გვინდა რომ იყოს თავისუფალი, ევროპული, კეთილი, ერთსულოვანი, განვითარებული, ურთიერთ თანამგრძნობი, ლაღი, მუსიკალური და მხიარული!
P.P.S. 71 წლის პაატა ბურჭულაძეს 7 წელი მიუსაჯა ქართველმა მოსამართლემ, გადატრიალებას აწყობდაო… პაატას, რომელმაც ჯერ თავისი უნიკალური ხმით და მუსიკალობით საქართველოს მთელს დედამიწაზე გაუთქვა სახელი და მერე მისი საქველმოქმედო ფონდის დამსახურებით ასობით გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი პირობები შეუქმნა… აღარც კი ვახსენებ მისი თაოსნობით განხორციელებულ ქართული ხელოვნების მასშტაბურ საგასტროლო წარდგენებს პარიზის, მადრიდის, ათენის და სხვა დიდ ქალაქების სცენებზე, ან რომ მონსერატ კაბალიე თუ პლაჩიდო დომინგო (კიდევ ათეულობით სხვა მსოფლიო ვარსკვლავი) მისი დამსახურებით ჩამოდიოდა საქართველოში სრულიად უსასყიდლოდ, უჰონორაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად…














კომენტარები